3გ-ად-462-კ-02 25 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ, მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. ცსკოს ¹.../2002 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ცსკოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 2 ივნისს საქართველოში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები. ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹.../2002 განკარგულებით 48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების შედეგები და განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა 2002წ. 16 ივნისს, რომელიც არ ჩატარდა. ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქის პირველ და მეორე საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა 2002წ. 30 ივნისს, რომლის შედეგებიც ბათილად იქნა ცნობილი ცსკოს 2002წ. 4 ივლისის ¹.../2002 განკარგულებით და ცსკოს 2002წ. 12 ივლისის ¹.../2002 განკარგულებით ¹48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში დაინიშნა საკრებულოს ხელახალი არჩევნები 2002წ. 15 სექტემბერს. საოლქო საარჩევნო კომისიამ ორჯერ ვერ უზრუნველყო დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩატარება, რის გამოც კომისიას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და ცსკოს ¹.../2002 დადგენილებით საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. ცსკოს 2002წ. 2 სექტემბერის ¹.../2002 განკარგულებით დაბა ...-ში საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 29 სექტემბერი განისაზღვრა, რაც ვერ ჩატარდა განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების გამო და დაბა ...-ში ხელახალი არჩევნების თარიღად ცსკოს 2002წ. 24 სექტემბრის ¹.../2002 დადგენილებით განისაზღვრა 2002წ. 20 ოქტომბერი. ცსკოს დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც ცსკომ 2002წ. 4 და 12 ნოემბერს განიხილა დაბა ...-ში ხელახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტი, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა, პროექტს მხარი არ დაუჭირა ცსკოს 2/3-მა, ამიტომ 2002წ. 12 ნოემბერს ცსკომ გამოსცა სადავო განკარგულება ¹.../2002, რომლითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ცვლილება იქნა შეტანილი ცსკოს ¹.../2002 განკარგულებაში “¹21/16 სართიჭალის თემის, ¹.../03 დაბა ფ.-ის და ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადლგენლობითი ორგანოს საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ”. სადავო ¹.../2002 განკარგულებით ¹125/2002 განკარგულების სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები “¹.../01 დაბა ...-ის”, რითაც ცსკომ გააუქმა დაბა ...-ში დანიშნული საკრებულოს ხელახალი არჩევნები, ხოლო სადავო განკარგულების მე-2 მუხლით საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განმახორციელებელ სპეციალურ ჯგუფს დაევალა ყოველგვარი ანგარიშსწორების შეწყვეტა და დარჩენილი ნაშთის 1 დეკემბრამდე ცსკოს ანგარიშზე ჩამორიცხვა.
2002წ. 13 ნოემბერს დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დ.ს.-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა:
1. ცსკოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹.../2002 განკარგულების ბათილად ცნობა;
2. ცსკოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც განისაზღვრება ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს ხელახალი არჩევნების ახალი ვადა – 2002წ. 29 ნოემბერი.
მოპასუხემ – ცსკომ სარჩელი არ ცნო და უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.ს.-ის სარჩელი შემდეგი მოტივებით არ დაკმაყოფილდა:
1. კოლეგიის აზრით, ცსკოს ¹.../2002 განკარგულება საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის, 123-ე და 124-ე მუხლების შესაბამისია და ძალაში უნდა დარჩეს. კერძოდ, სადავო განკარგულებით გაუქმდა დაბა ...-ის ¹.../01 საარჩევნო ოლქში დანიშნული საკრებულოს ხელახალი არჩევნები. საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს ხელახალი არჩევნები იმართება მხოლოდ არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში, როცა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 1/3-ზე ნაკლები მონაწილეობს, რასაც დაბა ...-ში ადგილი არ ჰქონია. რადგან აქ ორჯერ გაბათილდა საკრებულოს 2 ივნისისა და განმეორებითი კენჭისყრის შედეგები, უდავოა, რომ ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში საკრებულოს არჩევნები არჩატარებულად არ გამოცხადებულა, ამიტომ ოლქში ხელახალი არჩევნების დანიშვნა არ გამომდინარეობს საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან.
2. სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის სამართლებრივი საფუძველი და მიიჩნია, რომ ცსკოს ¹166/2002 განკარგულება სწორედ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის დაცვითაა გამოცემული, ცსკოს უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან განმეორებითი კენჭისყრის გაბათილების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი ხელახალი არჩევნების გამართვას არ ითვალისწინებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს დ.ს.-ის წარმომადგენელი ლ.ს.-ე, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, სადავო ¹166/2002 განკარგულების ბათილად ცნობასა და სარჩელის დაკმაყოფილებას:
2002წ. 2 ივნისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2, 28-ე, მე-14, 29-ე, 38-ე მუხლების შესაბამისად, ¹.../01 საარჩევნო ოლქში მცხოვრები მოქალაქე დ.ს.-ე უფლებამოსილია სახელმწიფოსაგან მოითხოვს სახელმწიფოს მიერვე კონსტიტუციით აღიარებული საარჩევნო უფლების რეალიზების განხორციელება და რადგან შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ, საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო მოქალაქის პოლიტიკური უფლების რეალიზება, მოქალაქე დ.ს.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს კონსტიტუციური უფლების განსახორციელებლად.
მოწინააღმდეგე მხარის – ცსკოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩევს, რომ დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ დ.ს.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ.ს.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი _ დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი დ.ს.-ე საკასაციო საჩივარსა და სარჩელში ითხოვდა ცსკოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹.../2002 განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაუქმდა ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ვადის დანიშვნასთან დაკავშირებით ცსკოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას.
2002წ. 2 ივნისს ¹...01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, მაგრამ ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹.../2002 განკარგულებით ¹48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები გაბათილდა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევით კენჭისყრის ჩატარების გამო (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გაუნაწილებლობა, საარჩევნო ყუთში თავდაპირველად ბეჭედდაუსმელი კონვენტების ჩაყრა, ყუთის გახსნა, ბეჭდის დასმა და კვლავ კონვერტების საარჩევნო ყუთში ჩაყრა), რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით.
¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში 2002წ. 30 ივნისს გამართული საკრებულოს არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგები ასევე ბათილად იქნა ცნობილი ცსკოს 2002წ. 4 ივლისის ¹.../2002 განკარგულებით, საარჩევნო კოდესის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების დარღვევით კენჭისყრის ჩატარების გამო (კენჭისყრის დაგვიანებით დაწყება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოუცხადებლობის გამო მათი ფუნქციების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შეთავსება, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გაუნაწილებლობა), რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹3გ/ად-42-02).
განმეორებითი კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, ცსკოს 2002წ. ¹.../2002 განკარგულებით ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში დაინიშნა საკრებულოს ხელახალი არჩევნები 2002წ. 15 სექტემბერს, რომლის ჩატარებაც ორჯერ ვერ უზრუნველყო საოლქო საარჩევნო კომისიამ. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით უტყუარად დასტურდება, რომ ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ჩატარება ვერ უზრუნველყო საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებმა, რომელთა მოვალეობასაც სწორედ არჩევნების კანონის მოთხოვნათა დაცვით ორგანიზება-ჩატარება წარმოადგენს, თანახმად საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ლ” ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტისა.
მოსარჩელე დ.ს.-ე ითხოვს ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რაც საკასაციო პალატის აზრით, კასატორის კონსტიტუციური უფლებაა და უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: “საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართვენლობის მეშვეობით სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად”, ხოლო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმლებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები”. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩაუტარებლობა, საკასაციო პალატის აზრით, წარმოადგენს კასატორ დ.ს.-ის, როგორც ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში მაცხოვრებლის, კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი თვითმმართველობის განხორიციელების შესაძლებლობის აღვეთას, რაც დაუშვებელია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულია მოქალაქეთა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი და ფუნდამენტური საარჩევნო უფლება. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “საქართველოს ყოველ მოქალაქეს თვრამეტიწ. ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება”. კონსტიტუციით აღიარებული საყოველთაო საარჩევნო უფლება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლითაც და ვინაიდან სადავო შემთხვევაში, კასატორმა, როგორც ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველმა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებული საქმიანობის შედეგად ვერ განახორციელა თავისი კონსტიტუციური უფლება საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, საკასაცი პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების დანიშვნით კასატორს უნდა მიეცეს კონსტიტუციით აღიარებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალება;
გ) კასატორი დ.ს.-ე იყო ¹.../01 დაბა ...-ის საკრებულოს წევრობის კანდიდატი და საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს იმ მოტივითაც, რომ ასევე ვერ შეძლო კონსტიტუციით უზრუნველყოფილი პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებაც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. კასატორი თვლის, რომ იგი აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის პირობებს, რადგან რეგისტრირებულია დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ საუბნო-საოლქო საარჩევნო კომისიების არაკვალიფიციური მუშაობის შედეგად არ მიეცა პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების საშუალება, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ამ მოტივითაც უნდა დაკმაყოფილდეს და ¹48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში საკრებულოს ხელახალი არჩევნების კენჭისყრის დანიშვნით საქართველოს მოქალაქე დ.ს.-ს უნდა მიეცეს კონსტიტუციით აღიარებული პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”, ხოლო “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა” ევროპის კონვენციის პირველი ოქმის (ქ.პარიზი, 1952 წელი) მე-3 მუხლი აღიარებს რა თავისუფალი არჩევნების უფლებას, მიუთითებს: “მაღალი ხელშემკვრელი მხარეები (ქვეყნები) ვალდებულებას იღებენ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები”. ამდენად, თავისუფალი არჩევნების ჩატარება “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა” ევროპის კონვენციით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულებაა და რადგან სახელმწიფომ, კომპეტენტური ორგანოების – საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების _ გამო ¹48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ვერ უზრუნველყო საკრებულოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და, შესაბამისად, არც კასატორ დ.ს.-ეს მიეცა კონსტიტუციით აღიარებული საყოველთაო არჩევნების უფლების რეალიზება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ.ს.-ის საკასაციო საჩივარი კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს;
ე) სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და მხარეებიც არ დავობენ, რომ ¹48/01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში დანიშნული საკრებულოს არჩევნების შედეგები ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო ორჯერ გაბათილდა, არჩევნები არჩატარებულად არ გამოცხადებულა და ცსკოს სადავო ¹166/2002 განკარგულებით გაუქმდა დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში დანიშნული საკრებულოს ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში ე.ი. როცა 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილეობდა საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა 1/3-ზე ნაკლები (რასაც დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილი არ ჰქონია) და მართალია, საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს საკრებულოს განმეორებითი არჩევნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნას, მაგრამ ვინაიდან დაბა ...-ის ¹.../01 საარჩევნო ოლქში საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების არაკვალიფიციური, არაორგენიზებული საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა” ევროპის კონვენციით ნაკისრი ვალდებულების – თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რის გამოც კასატორმა დ.ს.-ემ ვერ შეძლო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმთავრესი პოლიტიკური უფლების, საყოველთაო საარჩევნო (როგორც აქტიური, ასევე პასიური) უფლების რეალიზება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცსკოს სადავო ¹166/2002 განკარგულება და საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა და მე-3 ნაწილის ლ” პუნქტის თანახმად, ცსკოს უნდა დაევალოს გონივრულ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ხელახალი არჩევნების კენჭისყრის დროულად დანიშვნის შესახებ, რათა მოხდეს დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ დ.ს.-ისათვის უკანონოდ შეზღუდული და ხელყოფილი პოლიტიკური უფლებების აღდგენა და მიეცეს მას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დაბა ...-ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ დ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹.../2002 განკარგულება;
5. დაევალოს ცსკოს გონივრულ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ¹.../01 დაბა ...-ის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ;
6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.