Facebook Twitter

3გ-ად-465-კ-02 2 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 10.12.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე სოფ. ...-ის მოსახლეობის სახელით ქ. კ.-ის, მ. მ.-ის, თ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხის _ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის ს. ხ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ...-ის ყოფილი კოლმეურნეობის კლუბ-კანტორის შენობაზე იძულებითი აუქციონის შედეგები, სასამართლოს აღმასრულებელს დაევალა ახალი იძულებითი აუქციონის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და დაინტერესებული პირებისათვის მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლმა ს. ხ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.09.02წ. განჩინებით სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის ს. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 10.12.01წ. გადაწყვეტილება და შეყდა საქმის წარმოება სოფელ ...-ის მოსახლეობის სახელით წარმოდგენილ სარჩელზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები _ სოფ. ...-ის მოსახლეები ქ. კარაიანი, მ. მ.-ი და თ. ბ.-ე წარმოადგენენ არასათანადო მოსარჩელეებს, მათ თანხმობა განაცხადეს შეცვლილიყვნენ სათანადო მოსარჩელით _ სოფ. ...-ის თემის საკრებულოთი, ამ უკანასკნელმა კი უარი განაცხადა ჩაბმულიყო საქმეში სათანადო მოსარჩელედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სსკ-ს 84-ე მუხლის მიხედვით შეწყვიტა საქმის წარმოება.

საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება გასაჩივრდა სოფ. ...-ის მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ საჩივარი დასათაურებულია საკასაციო საჩივრად, თავისი არსით კი იგი წარმოადგენს კერძო საჩივარს, ვინაიდან საქმის წარმოების შეწყვტის განჩინება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საჩივრდება კერძო საჩივრით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ს 415-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით ფორმით გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარის დასაშვებად და დასაბუთებულად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლო აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს 5 დღის განმავლობაში. მიუხედავად აღნიშნულისა, კერძო საჩივარი არ იქნა განხილული კერძო საჩივრით გასაჩივრებული 25.09.02წ. განჩინების მიმღები სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ. კერძო საჩივარი განხილვის გარეშე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი, სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, უნდა განიხილოს იმ განჩინების გამომტანმა სასამართლომ, რომელზედაც იქნა შეტანილი კერძო საჩივარი. მითითებული სასამართლოს მიერ მისი დაუშვებლად ცნობისა ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე, 417-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოფ. ...-ის მოსახლეობის სახელით ქ. კ.-ის, მ. მ.-ის, თ. ბ.-ის და სხვათა კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.