Facebook Twitter

3გ-ად-168-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ორი სახის პენსიის დანიშვნა, მისი მიღების უფლების დადასტურება და ამ პენსიის გაანგარიშება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 13 დეკემბერს ა. ც.-ის წარმომადგენელმა ხელვაჩაურის რაინულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და ორი სახის პენსიის მიღების უფლების დადასტურება, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაზე ერთდროულად ორი სახის პენსიის დანიშვნის დავალება და პენსიაზე უფლების წარმოშობიდან სარჩელის შემოტანის დროისათვის მოსარჩელის კუთვნილი პენსიის სრული ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე დააფუძნა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი 1920 წელს არის დაბადებული, 1940წ. 15 ივნისიდან 1942წ. 1 აპრილამდე რიგით მოსამსახურედ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, არის მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, მინიჭებული აქვს ომის მეორე ჯგუფის ინვალიდობა, 1942 წლიდან განთავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან და 1997 წლიდან ღებულობს ომის ინვალიდობის პენსიას 45 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ ორი სახეობის (ომის ინვალიდობის და მოხუცებულობის) პენსიის მიღების მიზნით მიმართა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომლითაც უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ ინვალიდობის პენსია დანიშნული ჰქონდა სოციალური უზრუნველყოფის ორგანოში და არა ძალოვანი სტრუქტურებიდან. სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ თავისი პასუხის საფუძვლად საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 1998წ. 30 ივნისის ¹19-415 წერილზე მიუთითა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების წერილით არასწორად ეთქვა უარი, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული II ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც ეკუთვნის ერთდროულად ორი სახეობის პენსია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა. ც.-ის წარმომადგენელს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა აბდულ ც.-მ და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ერთდროულად ორი სახის პენსიის (ომის ინვალიდობის და მოხუცებულობის პენსიის) მიღების უფლების დამტკიცება მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით კასატორს, როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მონაწილეს, რომელიც 75 წელზე მეტი ასაკისაა, უფლება აქვს მიიღოს ორივე პენსია.

აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია მას ომის შემდგომ არ გაუგრძელებია სამხედრო სამსახური და არც ოფიცრის წოდება ჰქონია, მაგრამ კანონის შინაარსიდან გამომდინარე ორი სახის პენსია მაინც ეკუთვნის.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებას გივი დონაძის საქმეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ ზემოაღნიშნული კანონი არ ეხება ყველა ვადიან სამხედრო მოსამსახურეს. ე.ი იგი ეხება მხოლოდ ზოგიერთ კატეგორიას და კასატორის განმარტებით ესენი არიან მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები, რომლებიც ომში ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის დროს დაინვალიდნენ. კასატორი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი აქტია, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების ინდივიდუალური ხასიათისაა და ვრცელდება კონკრეტულ პირებზე, ვის მიმართაც იქნა იგი გამოტანილი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის განჩინებით ა. ც.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ 1996წ. 16 ოქტომბრის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის

მოთხოვნა ეხება აპელანტს, როგორც 1941-1945 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლს. აღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელმაც 1997წ. ნოემბრის გადაწყვეტილებით კონსტიტუციურად ჩათვალა აღნიშნული კანონი და იქვე მიუთითა, რომ იგი ეხება მხოლოდ პირებს, ვინც ომის შემდეგ გააგრძელა სამხედრო სამსახური, აქვს ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურეობა. მოსარჩელე ც.-ს კი ომის შემდეგ ჯარში არ უმსახურია და ოფიცრის წოდება არ გააჩნია, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიერ მეორე სახის პენსიის მიღების უფლებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით ა. ც.-ის წარმომადგენელმა მ. ნ.-მ გაასაჩივრა.

სამოტივაციო ნაწილი:

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ა. ც.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად ცნო, რომ ა. ც.-ე არის მეორე მსოფლიო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, რომელიც 1977 წლიდან ღებულობს ომის ინვალიდობის პენსიას 45 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ ა. ც.-ე არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ,, ქვეპუნქტით გათავლისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიცერს) წარმოადგენს, მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს მოხუცებულობის პენსია (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), სულ 87 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის თანახმად “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურეობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზეEდაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.”

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის ამ კანონით გათვალისწინებულ სახეობებს, კერძოდ: “სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ აქვთ სამხედრო სამსახურში ამ კანონით დადგენილი წელთა ნამსახურობა, უფლება აქვთ მიიღონ პენსია წელთა ნამსახურეობისათვის. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.” აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (დიდ სამამულო ომში სამხედრო სამსახურის დროს) დაინვალიდდა, მას ჰქონდა ინვალიდობის პენსიის მიღების უფლება, რაც ამ კანონის მე-3, მე-9 და მე-16 მუხლების, მე-19 მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელდა კიდეც. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის გამო პენსია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლუივობის მიუხედავად (მე-3 მუხლი); სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით (მე-9 მუხლი), ინვალიდობის ერთ-ერთი კატეგორიია ომის ინვალიდები (მე-19 მუხლის ,,ა,, ქვეპუნქტი), რომელთა პენსიის ოდენობასაც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის მე-60 მუხლი მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის “ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე (ოფიცრებზე) ვრცელდება. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს და თვლის, რომ კანონის პირველი მუხლის “ბ“ ქვეპუნქტი, “ა“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ა. ც.-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება და მასზედ უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და მიენიჭოს ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

კასატორი ა. ც.-ე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ასევე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან საქმეში არსებული მასალებიდან და სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ა. ც.-ეს საქმის სააპელაციო და საკასაციო განხილვის დროს უარი არ უთქვამს თავდაპირველ სარჩელში აღნიშნულ მეორე მოთხოვნაზე, კერძოდ, უფლების წარმოშობიდან არსებული დავალიანების გადახდაზე, მისი ეს მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ა. ც.-მ მთლიანი სასამართლო გადაწყვეტილება და არა მისი რომელიმე ნაწილი გაასაჩივრა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად, ა. ც.-ს პენსიის დროულად გაუცემლობის გამო უნდა მიეცეს 12 თვის დავალიანება, კერძოდ, “პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.”

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო პალატა ამასთან მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ც.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 7 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ინვალიდობის პენსიასთან ერთად მიეცეს მოხუცებულობის პენსია ორი მინიმალური პენსიის დანამატით, 42 ლარის ოდენობით. ამასთან, აუნაზღაურდეს დავალიანება გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის

საკითხზე მიმართვის დღეს, 504 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.