Facebook Twitter

3გ-ად-187-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ ადმინისტარციული აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. დ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს პრეზიდენტის, მესამე პირის _ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიმართ, რომელშიც აღინიშნა, რომ 1991წ. თებერვალში იგი 10 წლით დაინიშა საბურთალოს რაიონის სასამართლოს მოსამართლედ. 1998წ. ოქტომბერში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვში, მიღებული აქვს 1999 წ. 15 მაისიდან 2000წ. თებერვლამდე პერიოდის თანამდებობრივი სარგო. 2001წ. აგვისტო-სექტემბერში სამჯერ მიმართა განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს გამოეცა განკარგულება 2001წ. თებერვლიდან სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ, რაზედაც ორჯერ მიიღო საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის მიერ ხელმოწერილი უარყოფითი პასუხი. უარის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის თანახმად სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით ენიშნებათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ზემოაღნიშნული კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე, რაც, მოსარჩელის აზრით, არ არის სწორი. საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. ¹467 ბრძანებულებით დამტკიცებული “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის თანახმად მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 82-ე მუხლი, რომელსაც მიუთითებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი, სადღეისოდ არ მოქმედებს, რადგან ამავე კანონის 89-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მისი ამოქმედება უკავშირდება “მოსამართლეთაA სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის ძალაში შესვლას. ასეთი კანონი მიღებული არ არის. ორგანული კანონის 85-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. ¹465 ბრძანებულებით დამტკიცებული “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე მას უნდა დაენიშნოს სამისდღეშიო პენსია, ვინაიდან ბრძანებულებასა და დებულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ხელფასი ან პენსია მიეცემათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც დანიშნული არიან ორგანული კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსახადო საქმეთა კოლეგიის 19.04.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის საფუძველზე და ამ კანონს უნდა შეესაბამებოდეს. ორგანული კანონის 82.3 მუხლი, რომლითაც მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, არ მოქმედებს, იმავე კანონის 89.5 მუხლის თანახმად იგი ამოქმედდება “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ. ამდენად ვერ იმოქმედებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნორმა, რომელიც ორგანული კანონისაგან განსხვავებულ წესებს ითვალისწინებს. თ. დ.-ი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, არ დაინიშნა მოსამართლედ, იგი არ არის “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს პირს, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიის 19.04.02 გადაწყვეტილებით თ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრდა თ. დ.-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ დებულების მე-6 მუხლში საკმაოდ ნათლად და არაორაზროვნად არის მითითებული უფლებამოსილების ვადის ფარგლებში თანამდებობრივი სარგოს, ხოლო ვადის ამოწურვისას სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ. ორგანული კანონის 541 და დებულების საფუძველზე უფლებამოსილების ვადის ფარგლებში კასატორი ჩაირიცხა რეზერვში და იღებდა თანამდებობრივ სარგოს, რის გამო კასატორის გაკვირვებას იწვევს უარი ამავე დებულების შესაბამისად სამისდღეშიო პენსიის დანიშვნაზე. დებულების გამოცემის საფუძველია ორგანული კანონის 541 მუხლი, რომელიც კოლეგიის მიერ არ იქნა გამოყენებული. კასატორის აზრით, კოლეგია გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და მიუთითა, რომ დებულების მე-6 მუხლი არ შეესაბამება კანონს და ვერ იმოქმედებს, დასახელებული ნორმა ბათილად ცნობილი არ არის და დღესაც კანონიერ ძალაშია, ამასთან არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია მისი ბათილად ცნობა. საოლქო სასამართლო კოლეგია უმართებულოდ ერთი და იგივე ნორმას იყენებს რეზერვში მყოფის და მოქმედი მოსამართლეების მიმართ. კანონმდებელმა ორგანული კანონის 541 მუხლში გამოყო გამოცდაჩაბარებული მოქმედი მოსართლეები, რომლებმაც უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელეს საქმიანობა ან ჩაირიცხნენ რეზერვში. ასეთ მოსამართლეთა რიცხვიდან რამდენიმე ათეულმა გააგრძელა სამოსამართლო საქმიანობა, ხოლო ორი (კასატორის ჩათვლით) ჩაირიცხა რეზერვში, მათი სოციალური უზრუნველყოფის საკითხი, ორგანული კანონის 85.6 მუხლის თანახმად გადაიჭრა საქართელოს პრეზიდნტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონის 89.5 მუხლის მიხედვით 82-ე მუხლი არ მოქმედებდა, კოლეგიამ თავისი გადაწყვეტილება მთლიანად დაამყარა 82-ე მუხლზე. კასატორის აზრით, მცდარია კოლეგიის დასკვნა იმის შესახებ, რომ დებულების მე-6 მუხლი, რომელსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებს ორგანული კანონისაგან განსხვავებულ წესს და ამდენად, ვერ იმოქმედებს. ორგანული კანონის 82-ე მუხლი, რომელიც ჯერ არ მოქმედებს შეეხება მოსამართლის ხელფასს და სოციალურ დაცვას, ხოლო 541 მუხლი და მის საფუძველზე მიღებული დებულების მე-6 მუხლი რეზერვში ჩარიცხულ იმ პირის სოციალური დაცვის გარანტიებს, რომელიც აღარ მუშაობს მოსამართლედ, ე.ი. არ არის მოსამართლე. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას საერთოდ არ აქვს სამისდღეშიო პენსიის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან იგი არ არის ორგანული კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე. კოლეგიის ეს მოსაზრება ემყარება 82-ე მუხლის მე-4 პუნქტს, ანუ ჯერ კიდევ უმოქმედო ნორმას. კასატორი ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების (1998წ. ოქტომბერი) დროისათვის 82-ე მუხლს საერთოდ არ გააჩნდა მე-4 პუნქტი, შემდგომში ამ პუნქტში აღინიშნა, რომ მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები ვრცელდებოდა მხოლოდ კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ მოსამართლეებზე და ატესტირებულ მოსამართლეებზე. 05.03.99წ. ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მას დაემატა 541-ე მუხლი, ხოლო 82-ე მუხილის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნა მითითება ატესტირებულ მოსამართლეებზე, რაც არ ნიშნავს კასატორის სოციალური დაცვის გარანტიებზე უარის თქმას. 82-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ატესტირებული მოსამართლეების ამოღების შედეგად ასეთი დასკვნის გაკეთების შემთხვევაში კოლეგიას უნდა გაერკვია 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო ნორმებთან.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.04.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე _ საქრათველოს პეზიდენტის და მესამე პირის _ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და ითხოვეს საოლქო სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. ¹465 ბრძანებულებით დამტკიცებული “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების მე-6 მუხლის თანახმად მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. მითითებული დებულება წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს, რომელიც გამოცემულია “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის საფუძველზე და მას უნდა შეესაბამებოდეს. ამდენად, “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების და, კერძოდ, მისი მე-6 მუხლის განმარტება შესაძლებელია “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ნორმების შესაბამისად. აღნიშნული დებულება გამოცემულია ორგანული კანონის 541-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესებასა და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს, ხოლო მოსამართლეთა სოციალური დაცვის საკითხები წესრიგდება ორგანული კანონის 82-ე მუხლით. “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების მე-6 მუხლი ითვალისწინებს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნას. დებულება არ ქმნის რაიმე ახალ, ორგანული კანონისაგან განსხვავებულ წესს სამისდღეშიო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით და თავისი არსით წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა საოლქო სასამართლო კოელგიის მოსაზრება დებულების მე-6 მუხლის ნორმასა და ორგანულ კანონს შორის კოლიზიის არსებობის შესახებ.

“საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. აღნიშნული ნორმა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ ამ კანონის 46-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. კასატორი, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, არ პასუხობს ორგანული კანონის 46-49-ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან იგი არ ყოფილა კანონის ამ ნორმების შესაბამისად დანიშნული მოსამართლედ. ამასთანავე, ორგანულ კანონში 05.03.99წ. შესული ცვლილებების თანახმად, 82-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გავრცელებას, ამოღებულ იქნა მითითება ატესტირებულ მოსამართლეებზე. იმავდროულად ორგანულ კანონში 05.03.99წ. შესული ცვლილებებით კანონს დაემატა 541-ე მუხლი, ხოლო 861-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ატესტირებულ მოსამართლეებზე 82-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გავრცელებას მათი ამოქმედების დღიდან. ამდენად, პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ორგანული კანონის 82.4 მუხლში შესული ცვლილებებით მას არ დაუკარგავს მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები, ვინაიდან ორგანული კანინის 81-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლითაც გამოირიცხებოდა საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა პერიოდის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით, კანონმდებელს ვერ ექნებოდა მიზნად მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შემცირება. ამასთანავე, ვინაიდან რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს უნარჩუნდება მოსამართლის სტატუსი და სამოსამართლო კორპორაციებისადმი კუთვნილება, ხოლო საერთო სასამართლოების რეზერვში მოსამართლის ჩარიცხვას მიზნად აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს, როგორც რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს, აქვს იმ მოქმედ მოსამართლეთა სოციალური დაცვის თანაბარი უფლება, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებენ იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში. კერძოდ, აღნიშნული პირების თანაბრად რეზერვში მყოფ მოსამართლეებზე ვრცელდება “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 861-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვით" კანონის 82-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან, ხოლო 85-ე მუხლის მე-6 პუნქტი 1999წ. 15 მაისიდან ვრცელდება აგრეთვე იმ მოსამართლეზე, რომელმაც გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში” საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის სტატუსი კანონმდებლობით განისაზღვრება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად. მოსამართლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები არის არა პირადი პრივილეგია, არამედ დაცვის საშუალება, იგი მოწოდებულია უზრუნველყოს თითოეულისათვის მართლმსაჯულების მეშვეობით მისი უფლება-მოვალეობების საიმედო დაცვა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გამოცხადებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ხორციელდება აგრეთვე სახელმწიფოს ხარჯზე მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფით. ამდენად, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი სოციალური დაცულობის ხარისხი წარმოადგენს პიროვნების საერთო-სამართლებრივი სტატუსის გარანტიას. მოსამართლის სტატუსი მოიცავს აგრეთვე მისთვის განსაკუთრებულ სტატუსს _ რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის სტატუსს, რაც ასევე იძლევა მართმსაჯულების სათანადო განხორციელების, მოსამართლისადმი მაღალი მოთხოვნების წარდგენის საფუძველს. “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541-ე და 861-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე დებულების მე-6 მუხლის ნორმატიული ერთობლიობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორზე გავრცელდება ამავე კანონის 82-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან. ამდენად, უმართებულოა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. დ.-ი არ წარმოადგენს სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლების მქონე პირი.

“საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 82-ე მუხლი, ამავე კანონის 89.5 მუხლის თანახმად, ამოქმედდება “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის ამოქმედებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღნიშნული ნორმა არ არის ამოქმედებული, საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო პალატის მიერ 82-ე მუხლის მოშველიებას, ვინაიდან მასში განსაზღვრულია სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის პირობები. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების მე-6 მუხლის თანახმად უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს იმთავითვე ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული პირებისათვის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას სამისდღეში პენსიის ხელფასის სრული ოდენობით დანიშვნას მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამოსამართლო უფლების ამუწირვისას ან საპენსიო ასაკის დადგომისას ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნას ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის ძალაში შესვლამდე, “მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე მოქმედი მოსამართლეებისათვის, ანუ იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც ორგანული კანონის ძალაში შესვლამდე დანიშნული იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე, ჩააბარეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, არ დაინიშნენ კანონის 46-49-ე მუხლების საფუძველზე თანამდებობაზე და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაეკისრათ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც ისინი დანიშნული იყვნენ. ცხადია, რომ კანონმდებელი ვერ გაითვალისწინებდა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლისათვის მოქმედ მოსამართლესთან შედარებით მეტი სოციალური დაცვის პირობებს, აღნიშნული გამოიწვევდა მოსამართლეთა განსხვავებულ სტატუსს, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორზე გავრცელდება ორგანული კანონის 82-ე მუიხლის მე-2-3 პუნქტები მათი ამოქმედების დღიდან. “მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" 03.12.02წ. კანონის 21-ე მუხლის თანახმად, კანონი ამოქმედდება 2004წ. 1 იანვრიდან, შესაბამისად ამავე პერიოდიდან ამოქმედდება ორგანული კანონის 82-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის უფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად თვლის ამჟამად, სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ კასატორის თ. დ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, საოლქო სასამართლო კოლეგიის 19.04.02წ. გადაწყვეტილებით 2001წ. თებერვლიდან სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე თ. დ.-ის სარჩელზე უარის თქმა არსებითად სწორია, საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.04.02წ. გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.