Facebook Twitter

3გ-ად-195-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

პირველი საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება ი. მ.-ისა და ე. პ.-ის მოთხოვნები.

მეორე საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მ. გ.-ისა და შ. კ.-ის მოთხოვნები.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 18 სექტემბერს ¹4 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს თანამშრომლებმა: თ. ი.-მა, ე. პ.-მა, ვ. მ.-მ, დ. მ.-ემ სარჩელი აღძრეს შპს “შ.-ს” ხელმძღვანელების: მ. მ.-ისა და შ. კ.-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1995წ. იანვარში ¹... სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა შპს “შ.-ა”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ზ. მ.-ი, თ. მ.-ი და ე. პ.-ი.

მოსარჩელეთა განმარტებით, ¹... სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹1-ში დაკავებული ჰქონდა 145 კვ.მ, რომელიც იჯარით აიღო თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო ტრესტიდან, ხოლო აღნიშნული ფართიდან შპს “შ.-მ” სამმართველოს კოლექტივის თანხმობის გარეშე დაიმტკიცა 92 კვ.მ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს “შ.-ს” 1995წ. 2 ოქტომბრის ¹2 ოქმის თანახმად საწარმოს დამფუძნებელი ე. პ.-ი მის დაუკითხავად გაყვანილ იქნა დამფუძნებელთა რიგებიდან. აღნიშნულ ოქმზე ხელს აწერდნენ ზ. მ.-ი და თ. მ.-ი, თუმცა ამ უკანასკნელმა ოქმზე ხელის მოწერა უარყო. ე. პ.-ის ნაცვლად შპს “შ.-ს” პარტნიორად მიღებულ იქნა შ. კ.-ე, რის შემდეგაც ზ. მ.-მა შ. კ.-ეს აღნიშნული ფართის პრივატიზებაში მონაწილეობის უფლება მისცა და ამასთან დაკავშირებით წერილით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროს ნ. მელიას.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1996წ. 1 აპრილს გარდაიცვალა შპს “შ.-ს” პრეზიდენტი ზ. მ.-ი, ხოლო 1996წ. 2 აპრილს შპს “შ.-ს” დამფუძნებლების გვერდის ავლით მოხდა სადავო შენობის პრივატიზება შ. კ.-ის სახელზე.

მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს, სადავო ფართზე განხორციელებელი პრივატიზების გაუქმება და ¹... სამშენებლო სარემონტო სამმართველოს თანმშრომლების პრივატიზებაში მონაწილეობის მიღება.

ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1996წ. 9 დეკემბრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად.

1996წ. 12 ნოემბერს შპს “შ.-ს” დამფუძნებლებმა თ. მ.-მ და ე. პ.-მ სარჩელი აღძრეს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: მ. გ.-ისა და შ. კ.-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1995წ. 2 ოქტომბერს შპს “შ.-ს” პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა, რის გამოც მოსარჩელეებმა ითხოვეს 1995წ. 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მათი უფლებების აღდგენა და სადავო შენობის პრივატიზების გაუქმება.

ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მაყვალა გ.-მ თ. მ.-ისა და ე. პ.-ის მიმართ და ითხოვა შპს “შ.-ს” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ზ. მ.-ის უფლებამონაცვლედ და საწარმოს მთლიან საწესდებო კაპიტალზე, აგრეთვე, 46 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალი აწ გარდაცვლილმა ზ. მ.-მ შეავსო, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა და მისმა მეუღლემ არასაცხოვრებელი ფართის ღირებულება გადაიხადეს.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.

ბოლოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: თ. მ.-ისა და ე. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს “შ.-ს” 1995წ. 2 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ¹2 ოქმის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; შ. კ.-ის შპს “შ.-ს” უკანონო წევრად ცნობის შესახებ მოსარჩელეებს ეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ შ. კ.-ე იურიდიულად არ იყო “შ.-ს” პარტნიორი; ზ. მ.-ის სახელით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის, ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროს ნ. მ.-ს სახელზე გაგზავნილი 1996წ. 14 თებერვლით დათარიღებული წერილი ჩაითვალა ბათილად; მოსარჩელეებს: თ. მ.-სა და ე. პ.-ს უარი ეთქვათ შ. კ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე და მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მატერიალური ზიანის _ 2750 ლარისა და მორალური ზიანის _ 3000 ლარის ანაზღაურებაზე; დაკმაყოფილდა თ. მ.-ისა და ე. პ.-ის სარჩელის მოთხოვნა შპს “შ.-ს” ოფისის გახსნის თაობაზე და მოპასუხეებს: შ. კ.-ს, მ. მ.-ს დაევალათ ხელშეშლის აღკვეთა თ. მ.-ისა და ე. პ.-ის მიერ ფირმის ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისას; მოსარჩელეების: თ. მარგველაშვლისა და ე. პ.-ის სარჩელზე შპს “შ.-ს” ხელახალი რეგისტრაციის კანონიერად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად; მოსარჩელეებს: თ. მ.-სა და ე. პ.-ს უარი ეთქვათ სარჩელის მოთხოვნაზე შპს “შ.-ს” სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმებისა და პ.-ადი დოკუმენტების საფუძველზე თ. მ.-ისა და ე. პ.-ის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაფორმების შესახებ; მ. გ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მ. გ.-ს უარი ეთქვა 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობაზე.

მანამდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ მ. გ.-მ და შ. კ.-მ. აპელანტებმა ითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ.-ის სახელით ნ. მ.-ს სახელზე გაგზავნილი 1996წ. 14 თებერვლით დათარიღებული მიწერილობა, აგრეთვე, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. მ.-ისა და ე. პ.-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს “შ.-ს” ოფისის გახსნის თაობაზე და მ. გ.-სა და შ. კ.-ს დაევალათ ზ. მ.-ისა და ე. პ.-ის მიერ ფირმის ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისათვის ხელშეშლის აღკვეთა. აპელანტებმა გაასაჩივრეს, აგრეთვე, გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მ. გ.--მ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აპელანტები მიუთითებდნენ, რომ ზ. მ.-ის სახელით 1996წ. 14 თებერვალს ჩუღურეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის ნ. მ.-ს სახელზე გაგზავნილი მიწერილობა დამოწმებული იყო ბეჭდით, რომელიც იმყოფებოდა ზ. მ.-თან. რაც შეეხება საწარმოს საწესდებო კაპიტალს, იგი მთლიანად შეავსო გარდაცვლილმა ზ. მ.-მ, რის გამოც სასამართლოს მისი მეუღლე მ. გ.-ი უნდა ეცნო საწარმოს საწესდებო კაპიტალის არა 1/3-ის, არამედ მთლიანი საწესდებო კაპიტალის და არასაცხოვრებელი ფართის ½1/2-ის ან 40 კვ.მ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ.-ისა და შ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. გ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს “შ.-ს” საკუთრებაში არსებული 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რადგანაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ი ცნობილ იქნა შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 1/3-ის მესაკუთრედ და გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული, სააპელაციო სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა

მ. გ.-ისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული საწესდებო კაპიტალის 1/3-ის შემცირებაზე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თ. მ.-მ და ე. პ.-მ, აგრეთვე, მ. გ.-მ და შ. კ.-ემ.

კასატორებმა თ. მ.-მ და ე. პ.-მ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი შემდეგი მოთხოვნები:

1. ვინაიდან დავის მთელი პერიოდის მანძილზე ისინი ვერ სარგებლობდნენ შპს “შ.-ს” საკუთრებაში რიცხული ფართით, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ ჩაკეტილი მ. გ.-სა და შ. კ.-ს, აღნიშნული ფართის გაქირავებით მიიღებდნენ გარკვეულ შემოსავალს. აქედან გამომდინარე, შ. კ.-ესა და მ. გ.--მ.-ს უნდა დაკისრებოდათ სადავო ფართის ქირავნობის საფასური ბოლო სამიწ. მანძილზე _ 1326 ლარი _ შპს “შ.-ს” სასარგებლოდ.

2. ადვოკატის ხარჯი _ 354 ლარი.

3. შპს “შ.-ს” 1995წ. 2 ოქტომბრის ¹2 ოქმის ბათილად ცნობა.

4. მ. გ.-ისა და შ. კ.-ისათვის სადავო ფართის უკანონო მფლობელობის აღკვეთა და თ. მ.-ისა და ე. პ.-ისათვის ამ ფართით სარგებლობის საშუალების მიცემა.

5. შპს “შ.-ს” 1996წ. 30 აგვისტოს სასამართლო რეგისტრაციის აღდგენა.

6. ზ. მ.-ის 1996წ. 14 თებერვლის მიწერილობის საფუძველზე შპს “შ.-ს” წარმომადგენლად შ. კ.-ის მითითების ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილების შეტანა საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში იმგვარად, რომ შ. კ.-ის ნაცვლად ჩაიწეროს თ. მ.-ისა და ე. პ.-ის გვარები.

7. მ. გ.-ისათვის 46 კვ.მ-ის მიკუთვნების ნაწილში უარის თქმა.

8. შპს “შ.-ს” ხელახალი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 7 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება.

მოწინააღმდეგე მხარემ, კასატორებმა: მ. გ.-მ და შ. კ.-მ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სააპელაციო პალატას თ. მ.-ი და ე. პ.-ი არ უნდა ეცნო შპს “შ.-ს” პარტნიორებად და სადავო შენობის 46 კვ.მ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ კი ეცნო შ. კ.-ე.

ვინაიდან შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალი მთლიანად შევსებულია მ. გ.-ის გარდაცვლილი მეუღლის, ზ. მ.-ის, მიერ, სააპელაციო პალატას მ. გ.-ი უნდა ეცნო შპს “შ.-ს” მთელი საწესდებო კაპიტალის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

მ. გ.-ისა და შ. კ.-ის განმარტებით, სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მათ დაევალათ ხელშეშლის აღკვეთა თ. მ.-ისა და ე. პ.-ის მიერ შპს “შ.-ს” ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისათვის. თუმცა ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ უმსჯელია.

კასატორებმა მ. გ.-მა და შ. კ.-მ საკასაციო საჩივრით ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რომ დაკმაყოფილდეს მათი შემდეგი მოთხოვნები:

1. მ. გ.-ის ცნობა შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის მთლიანი ნაწილის მემკვდირედ და მესაკუთრედ.

2. შ. კ.-ის ცნობა შპს “შ.-ს” საკუთრებაში არსებული 46 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ.

3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან იმ მითითების ამოღება, რომლითაც მ. გ.-სა და შ. კ.-ეს დაევალათ ხელშეშლის აღკვეთა თ. მ.-ისა და ე. პ.-ის მიერ შპს “შ.-ს” ოფისში პარტნიორთა საქმიანობის წარმართვისას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ი ცნობილ იქნა შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 1/3-ის მემკვიდერდ და მესაკუთრედ. გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ იურიდიულად სრულყოფილად ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე ეკუთვნით თ. მ.-ს, ე. პ.-ს, შ. კ.-ესა და მ. გ.-ს, თითოეულს, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე შპს “შ.-ს” მიერ პრივატიზებული 92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 1/4 ნაწილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალის 1/3 ნაწილის მესაკუთრე გახდა მ. გ.-ი, სააპელაციო სასამართლოს შპს “შ.-ს” საწესდებო კაპიტალი ოთხ თანაბარ ნაწილად განაწილებულად არ უნდა ჩაეთვალა თ. მ.-ს, ე. პ.-ს, შ. კ.-ესა და მ. გ.-ს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და ამიტომ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. მ.-ისა და ე. პ.-ის საკასაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნები არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგანაც აღნიშნულ პირებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და შესაბამისად საკასაციო საჩივრით იმ მოთხოვნების ხელახლა დაყენება, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდათ მოთხოვნილი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ.-ისა და შ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თ. მ.-ისა და ე. პირველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.