3გ-ად-203-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე ლადო ჭანტურია
მოსამართლეები: ვალერი ხრუსტალი,
ბადრი მეტრეველი,
მიხეილ გოგიშვილი,
მაია ვაჩაძე (მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე,
ნანა კლარჯეიშვილი,
როზა ნადირიანი,
მურმან ისაევი
დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 დეკემბერს ი. მ.-ემ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და გორის სოცუზრუნველყოფის განყოფილებისაგან ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ იგი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა, სადაც დაინვალიდდა, გახდა ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამჟამად დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც პენსიონერსა და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსიის ერთად მიღების უფლება აქვს _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის). ამასთან, მას მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატიც ეკუთვნის. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე დააფუძნა.
მოპასუხე _ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლი იმ ვეტერანებზე ვრცელდება, რომლებმაც უშუალოდ, ომის შემდგომ პერიოდში გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ სათანადო წელთა ნამსახურობა, იყვნენ ოფიცრები ომის პერიოდში და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის გაცემაც დაევალა. ამასთან, ი. მ.-ეს მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური ოდენობის პენსიის დანამატიც დაენიშნა.
გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითY საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ გაასაჩივრა. აპელანტმა დააზუსტა, რომ ი. მ.-ე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის “ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, კერძოდ ოფიცერი არ არის, ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია და მასზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1-5-32 გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებები ვერ გავრცელდება. აქედან გამომდინარე, აპელანტმა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ი. მ.-ზე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მე-60 მუხლში აღნიშნულ პირთა კატეგორიას მოპასუხეც მიეკუთვნება, რადგან იგიUუშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდა და აკმაყოფილებს ამ კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლი მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე ვრცელდება, კერძოდ, ოფიცრებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
დიდი პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დიდი პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე იოსებ მ.-ე არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, რომელიც ომის დროს თავში მიღებული ჭრილობების გამო დაინვალიდდა. იგი არის 75 წელს გადაცილებული პირი, რომელსაც საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოებიდან დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. მ.-ე არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში.
დიდი პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიცერს), მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს მოხუცებულობის პენსია (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის დანამატითY (28 ლარი), სულ 87 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის თანახმად “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით".
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის ამ კანონით გათვალისწინებულ სახეობებს, კერძოდ: “სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ აქვთ სამხედრო სამსახურში ამ კანონით დადგენილი წელთა ნამსახურობა, უფლება აქვთ მიიღონ პენსია წელთა ნამსახურობისათვის. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია ინვალიდობის გამო. სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახს უფლება აქვს მიიღოს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო". აქედან გამომდინარე, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (დიდ სამამულო ომში სამხედრო სამსახურის დროს) დაინვალიდდა, მას ჰქონდა ინვალიდობის პენსიის მიღების უფლება, რაც ამ კანონის მე-3, მე-9 და მე-16 მუხლების, მე-19 მუხლის “ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად განახორციელა კიდეც. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის გამო პენსია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად (მე-3 მუხლი); სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით (მე-9 მუხლი); ინვალიდობის ერთ-ერთი კატეგორიაა ომის ინვალიდები (მე-19 მუხლის “ა" ქვეპუნქტი), რომელთა პენსიის ოდენობასაც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი. ასე მაგალითად: “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ომის ინვალიდებისათვის დაწესებულია ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის “ა" ქვეპუნტში ჩამოთვლილ პირებზე, კერძოდ, ოფიცრებზე. დიდი პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტი, “ა" ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, ეხება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს, ზემოთ დასახლებულ გადაწყვეტილებაში, არ უმსჯელია ამ კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე _ მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან მან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არაინვალიდი პირის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა მხოლოდ.
ამდენად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი. მ.-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად გაავრცელა მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და მიანიჭა ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდი პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
მოსარჩელე ი. მ.-ე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.