Facebook Twitter

3გ-ად-213-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის მოთხოვნა: ხელშეკრულების შეწყვეტილად ჩათვალა, მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება, ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 11 ივლისს შპს “ბ.-მ” სარჩელი აღძრა მოპასუხე სპს “კ.-ის” მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1996წ. 30 აპრილს მოსარჩელემ იჯარის ხელშეკრულება დადო ფირმა “დ.-თან”, რომლის უფლებამონაცვლეც გახდა სპს “კ.-ა”.

ხელშეკრულების თანახმად 1996წ. 30 აპრილიდან იმავეწ. 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გამოუყო 80 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქარხნის ეზოში ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. “დ.-ი” ვალდებული იყო, ქარხნისათვის ყოველთვიურად გადაეხადა ქირა 60 ლარი. ხელშეკრულების განახლება უნდა მომხდარიყო 1997წ. 1 იანვრიდან მხარეთა შეთანხმებით.

მოსარჩელის განმარტებით, “დ.-მ” დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, მისთვის გამოყოფილ 80 კვ.მ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის აშენებასთან ერთად, ამ ფართის გარეთ, 15 მეტრის დაშორებით, ქარხნის ტერიტორიის სიღრმეში, ქარხნის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად მიწაში ჩააწყო 2 ცალი ცისტერნა. აღნიშნული ქმედებით “დ.-მ” ფაქტობრივად დაიკავა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე მეტი _ 130 კვ.მ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ თხევადი საწვავისათვის განკუთვნილი ცისტერნების ქარხნის ტერიტორიაზე მიწაში ჩაწყობით შეიქმნა ხანძარსაშიში მდგომარეობა.

გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “დ.-მ” 1996 წელს გადაიხადა მხოლოდ 80 კვ.მ-ის სარგებლობის ქირა, მაგრამ 1996წ. შემდეგ სარჩელის შეტანამდე ისე გააგრძელა დაკავებული მიწის ფართობით სარგებლობა, რომ ქარხანასთან არ გაუფორმებია ახალი ხელშეკრულება. მართალია, 1997 წელს გადაიხადა ისევ 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის ქირა, მაგრამ მხოლოდ 11 თვის, 1997წ. დეკემბრისა და მომდევნო წლების ქირა აღარ გადაუხდია.

მოსარჩელის განმარტებით, არაერთხელ მიმართეს წერილობით “დ.-სა” და მის უფლებამონაცვლე სპს “კ.-ს”, რათა დადებულიყო ახალი ხელშეკრულება და მოსარგებლეს გადაეხადა 80 კვ.მ მიწის ფართობის ქირა მაინც, მაგრამ მიმართვები დარჩა უპასუხოდ. 2000წ. 13 ივნისს კი მთელი გადაუხდელი პერიოდისათვის მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა მხოლოდ 49 ლარი და 60 თეთრი.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ დაკავებული მიწის ფართობი თავად ესაჭიროებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რის გამოც ითხოვა:

1. მოპასუხის დავალდებულება, საკუთარი ხარჯებით მთლიანად გაეთავისუფლებინა სადავო მიწის ნაკვეთი ავტოგასამართი სადგურისა და ცინტერნებისაგან.

2. აღნიშნული მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება მოსარჩელისათვის.

3. 1997წ. 1 დეკემბრიდან 2000წ. 1 ივლისამდე მიწით სარგებლობისათვის გადასახდელი ქირის _ 1860 ლარის _ მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო და შეპასუხებაში განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო იმ პირობით, რომ რვა თვეში უნდა განახლებულიყო იგი, რადგანაც ეს დრო მხოლოდ ავტოგასამართი სადგურის აშენებასა და მოწყობას სჭირდებოდა.

მოპასუხის განმარტებით, ცისტერნების მიწაში ჩაწყობა მოსარჩელის ნებართვის გარეშე არ მომხდარა, რაც იმით დასტურდება, რომ ახალი ხელშეკრულების პროექტის მეორე გვერდზე თავად ქარხნის დირექტორმა თ. დ.-მ დახაზა ავტოგასამართი სადგურის სქემა, რომელშიც მიუთითა ცისტერნების განთავსების ადგილი.

მოპასუხის შეპასუხების თანახმად მოსარჩელე არასწორად განმარტავდა, რომ თითქოს მოპასუხე უარს აცხადებდა ხელშეკრულების განახლებაზე. პირიქით თავად მოსარჩელემ არ მოაწერა ხელი მოპასუხის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე.

მოპასუხის განმარტებით, საწარმოს გააჩნდა ქარხნის გამოუყენებელ ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის აშენების ქალაქის მთავარი არქიტექტორის ნებართვა და არანაირ მშენებლობისას კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ მათ შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება. მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქარხნის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოუყენებელი ნაწილის დატვირთვის შესახებ.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რაზეც განთავსებული იყო ავტოგასამართი სადგური, ამიტომ მას მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული უფლება გააჩნდა მხოლოდ ქ. ბათუმის მერიას, რომელიც იყო სადავო მიწის ფართობის მესაკუთრე.

მოპასუხემ ითხოვა შპს “ბ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოსარჩელეებად ჩაებნენ აჭარის ა/რ მრეწველობის სამინისტრო და აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ის” სარჩელს უარი ეთქვა მოპასუხე სპს “კ.-ისათვის” 1860 ლარის დაკისრების, ავტოგასამართი სადგურის აღებისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ.-მ”.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია, ხოლო საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაერთო აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივარი აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა 2002წ. 22 აპრილს და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სპს “კ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2002წ. თებერვლის ჩათვლით პერიოდის საიჯარო ქირის _ 3060 ლარის _ გადახდა. შპს “ბ.-ის” სხვა მოთხოვნებს ეთქვა უარი. შპს “კ.-ს” დაევალა შპს “ბ.-სთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე 1996წ. 30 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქმიანობის გაგრძელება და მოსარჩელისათვის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ქირის _ თვეში 60 ლარის _ გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ.-მ”.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 559-ე მუხლი, რადგანაც კასატორის განმარტებით, 1996წ. 30 აპრილის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა შორის მიმდინარეობდა დავა ახალ ხელშეკრულებასთან და საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, რაც გამორიცხავს სკ-ს 559-ე მუხლით მოცემული ურთიერთობის დარეგულირებას და მხარეთა შორის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებას.

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მოტივაცია იმ ნაწილში, რომ, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა საიჯარო ქირის გადახდას 1997წ. 1 დეკემბრიდან 2002წ. თებერვლის ჩათვლით, ამიტომ მოსარჩელე აღიარებდა, რომ 1996წ. 30 აპრილის ხელშეკრულება დღემდე გრძელდება. კასატორის განმარტებით, ასეთი აღიარება მისი მხრიდან არ ყოფილა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე, არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 569-ე მუხლი და ამ მუხლზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებულად მიჩნევაც არასწორია.

კასატორის განმარტებით, მართალია, შპს “ბ.-ა” არ არის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და არის მხოლოდ მფლობელი, მიუხედავად ამისა, სკ-ს 155-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 162-ე მუხლების თანახმად შპს “ბ.-ს” მესაკუთრის მსგავსად შეუძლია გამოითხოვოს სპს “კ.-ისაგან” ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთი და მოითხოვოს მოპასუხისაგან მოცემული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაარკვია, გაგრძელდა თუ არა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 1996 წ. 31 დეკემბრის შემდეგ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ შეაფასა შპს “ბ.-ის” წერილობითი მიმართვები მოპასუხისადმი. შესაბამისად, არასწორად იქნა გამოყენებული სკ-ს 559-ე და 569-ე მუხლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ავტოგასამართი სადგური აშენებულია სათანადო წესების დაცვით. კერძოდ, 1994წ. 1 იანვრის ¹1-10/130 წერილით “ბ.-ის” დირექციამ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მერიას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოწყობილიყო ავტოგასამართი სადგური. აღნიშნული წერილის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა ნება, დართო მოპასუხეს მითითებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა პატარა ავტოგასამართი სადგური.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მერია არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს და მხარს უჭერს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოარკვია, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ქ. ბათუმის მერია თუ შპს “ბ.-ა” და შესაბამისად, ჰქონდა თუ არა ამ უკანასკნელს სარჩელით სადავო მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მოპასუხისადმი მოთხოვნის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაშიც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.