3გ-ად-214-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
მინისტრთა კაბინეტის 14.04.93წ. ¹268 დადგენილების საფუძველზე ქ.-ის ბაზაზე დაფუძნდა სს “ქ.-ა". ქ. ქუთაისის სასამართლოს 30.08.96წ. დადგენილებით სააქციო საზოგადოება გატარდა ხელახალ რეგისტრაციაში. ქ. ქუთაისის მერიის საგარანტიო წერილის საფუძველზე სააქციო საზოგადოებას სკბ “გ.-დან" 30.09.96. კრედიტის სახით მიეცა 300000 ლარი. ვინაიდან საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო სესხის გადახდა, ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტს ჩამოეწერა ძირითადი სესხის და სარგებლის თანხა _ 390962 ლარი. ქ. ქუთაისის სასამართლოს 19.10.98წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი, სს “ქ.-ს" მერიის საარგებლოდ დაეკისრა 390962 ლარის გადახდა. სს-ს მიმართ სარჩელები აღიძრა აგრეთვე სხვა კრედიტორების მიერაც, რის შედეგადაც სს “ქ.-ს" დაეკისრა: ქუთაისის ...-ის სასარგებლოდ _ 7121 ლარი, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზრღვევის ერთიანი ფონდის სასარგებლოდ _ 60686 ლარი, საწარმოო გაერთიანება “წ.-ის" სასარგელოდ _ 12224 ლარი, კომპანია “ს.-ს" ქუთაისის რეგიონალური სამმართველოს სასარგებლოდ _ 31433 ლარი, ქუთაისის საგადასახადო სამმართველოს სასარგებლოდ _ 50867 ლარი. დაკისრებული თანხების ნებაყოფლობითი გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოებას დაეკისრა გადასახდელი თანხის 5% _ 32514 ლარის გადახდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულებისათვის. საჯარო ვაჭრობაზე კრედიტორებმა თანხმობა განაცხადეს ვალებში ნატურით მიეღოთ ქარხნის ქონება: ქუთაისის მერიამ _ 390362 ლარის, ,,წ.-მ" _ 12224 ლარის, “ს.-მ" _ 31433 ლარის და ...-მ _ 7121 ლარის ქონებაზე. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ უარი განაცხადა 203055 ლარის ქონების ნატურით მიღებაზე, საიდანაც 142369 ლარი შეადგენდა საგადასახადოს, ხოლო 60686 ლარი სოცუზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ფონდის წინაშე დავალიანებას. კრედიტორებმა თანხმობა განაცხადეს სს-ს ქონების საკუთრების უფლებით ქ. ქუთაისის მერიისათვის გადაცემაზე, რომელიც კისრულობდა ვალდებულებას მოეხდინა მათთან ანგარიშსწორება. ამრიგად, 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტით 479756 ლარად ღირებული სს “ქ.-ის" ქონება ნატურით გადავიდა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებაში. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისადმი დავალიანება 203055 ლარის ოდენობით დარჩა სააქციო საზოგადოებას.
ქ. ქუთაისის მერიამ 27.08.99წ. ¹288 ბრძანებით გადმოცემული ქონების მიზნობრივი გამოყენებისათვის დააფუძნა ქუთაისის მერიის “ქ.-ა", შპს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ზ. ქ.-ე.
გ. ხ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის სასამართლოს, რომელშიც აღინიშნა, რომ 31.07.97წ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნულოვან აუქციონზე შეიძინა სს “ქ.-ის" აქციები. აუქციონის შედეგად გახდა სს საწესდებო კაპიტალის საკონტროლო პაკეტის _ აქციათა 60%-ის მფლობელი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 26.09.96წ. მერიის საგარანტიო წერილის საფუძველზე სკბ “გ.-დან" 30.09.96წ. სს-ს კრედიტორის სახით მიეცა 300000 ლარი, წლიური სარგებლის 60% დარიცხვით. სესხის თითქმის ნახევარი _ 116000 ლარი ბანკმა დაიტოვა ადრინდელი დავალიანების დასაფარავად, რითაც დაირღვა კრედიტის მიზნობრიობა. საქართველოს პრეზიდენტის 23.09.96წ. ¹627 ბრძანებულების მიუხედავად, რომელიც საწარმოო-დაწესებულებებს აძლევდა ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის საშუალებას, 50000 ლარი დაიხარჯა საბიუჯეტო დავალიანების გასასტუმრებლად, 31200 ლარი გაიცა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი საბუღალტრო ჩანაწერებით გაფორმდა ნედლეულისა და მასალების შესაძენად. კრედიტმა კიდევ უფრო დაამძიმა საწარმოს მდგომარეობა, ვინაიდან არასტაბილური მუშაობისა და პროდუქციის გასაღების ბაზრის არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო აღებული სესხის დაფარვა. მოსარჩელის აზრით, მერიამ და სს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ კრედიტის უკონტროლოდ, ნობრივად ხარჯვისათვის, რითაც სს-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ საჯარო ვაჭრობის აქტში ქარხნის ქონების ღირებულება შეგნებულად არის შემცირებული, ხოლო საწარმოს ვალი გაზრდილია 100000 ლარით. აქტში მითითებულია, რომ მერია დაიტოვებდა ვალში სს “ქ.-ის" ქონებას, ხოლო სხვა კრედიტორების წინაშე კისრულობდა დავალინების დაფარვის ვალდებულებას. ვინაიდან მერიას სს-ის სხვა კრედიროტების წინაშე არსებული დავალინება არ აქვს დაფარული, მოსარჩელის აზრით, საჯარო ვაჭრობის აქტი ბათილად უნდა ჩაითვალოს.
საქმის განხილვის დროს სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტის, ¹2/97-98 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება; ყალბი საჯარო ვაჭრობის აქტის შედგენისათვის აღმასრულებლების: ვ. კ.-ის, ვ. თ.-ის, ა. ბ.-ისა და ლ. კიკნაძისათვის საწარმოს სასარგებლოდ 32500 ლარის, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრება; სს-ის მიერ არებული სესხის ქ. ქუთაისის მერიისათვის გადასახდელად დაკისრება; მიუღებელი მოგების სახით მერიისათვის და ნ. მ.-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 25000 ლარის გადახდის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.09.01წ. გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სარჩელი სს “ქ.-ის" დირექტორის _ ნ. მ.-ის, დირექტორის მოადგილის _ დ. მ.-ის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის _ ვ. გ.-ის, ქუთაისის მერიის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს და შპს “ქ.-ის" დირექტორის _ ზ. ქ.-ის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის გადახდევინებისა და საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ხ.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.04.02წ. გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.09.01წ. გადაწყვეტილება საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, დაკმაყოფილდა გ. ხ.-ის სარჩელი 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების ნაწილში, გაუქმდა 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტი და ამ აქტის საფუძველზე ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა სს “ქ.-ს". სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო ვაჭრობა გამოცხადდა 23.01.99წ., ხოლო 05.02.99წ. ჩატარდა განმეორებითი საჯარო ვაჭრობა. პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოების მართლზომიერება უნდა შეფასდეს არა 15.05.99წ. ძალაში შესული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით, არამედ საჯარო ვაჭრობის აქტის შედგენის დროს მოქმედი 1964წ. სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის მე-5 კარით რეგულირდებოდა სააღსრულებო წარმოება და 15.11.85წ. სსრკ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით. სსკ 371-ე მუხლისა და სააღრსულებო წარმოების შესახებ ინსტუქციის 47-ე პუნქტის მოთხოვნათა დაცვით სს გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ მერიის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის ფონდის ქუთაისის განყოფიოლების, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების ნებაყოფლობითი გადახდის თაობაზე, აღმასრულებელს არ მიუცია წინადადება ნებაყოფლობით გადახდევინების შესახებ “წ.-ის", “ს.-ს", ...-ის, საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების ნებაყოფლობით გადახდევინებაზე. ქ. ქუთაისის სასამართლოს 21.01.98წ. გადაწყვეტილებით სს “ქ.-ს" საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 50867 ლარის გადახდა, რის თაობაზეც გაცემულია ¹2/77 სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ სს-ს დაკისრებული აქვს 142369 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აგრეთვე, რომ საღსრულებო წარმოებაში არსებობს 8 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია: ქ. ქუთაისის მერიის მიმართ (¹2/2048), 19.10.98წ. _ 390362 ლარი ძირითადი თანხა და სახ. ბაჟი _ 875,40 ლარი; საგადასახადო სამსახურისა მიმართ (¹2/77), 21.01.98წ. _ 50867 ლარი; სახელმწიფო კომპანია “ს.-ს" მიმართ (¹2/1921), 02.11.98წ. _ 31433 ლარი; ...-ის სამმართველოს მიმართ (¹2/1020), 05.05.98წ. _ 7121 ძირითადი თანხა, სახ. ბაჟი _ 178 ლარი; სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდის ქუთაისის განყოფილების მიმართ (¹2/181), 22.01.98წ. _ 60686 ლარი; “წ.-ის” მიმართ (¹2/535), 18.07.97წ. _ 12224 ლარი, სახ. ბაჟი _ 785 ლარი; სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიმართ (2/181), 22.01.98წ. _ სახ. ბაჟი 1820,58 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლებში მითითებული თანხების ჯამი შეადგენს 258795 ლარს და 98 თეთრს (390362+875,40+50867+31433+7121+178+60686+12224+2444+785+1820,58=258795,98). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სს “ქ.-ის" დავალიანება შეადგენს არა 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტში აღნიშნული 650279 ლარს და 98 თეთრს, არამედ 258795 ლარს და 98 თეთრს ანუ 392502 ლარით (650297,98-258795,98=392502) ნაკლებს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ სხვაობას ხსნის იმით, რომ საჯარო ვაჭრობის აქტში საგადასახადო სამსახურის დავალიანება უმართებულოდ განისაზღვრა არა ¹2/177, 21.01.98წ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით (50867ლ), არამედ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 05.02.99წ. ¹05/1 ცნობით (142369ლ.) მაშინ, როდესაც 05.02.99წ. მოქმედი 1964წ. სსკ-ს 352.1 მუხლის და ინსტრუქციის 1-ლი პუნქტის მიხედვით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოების გადაწყეტილებები, განჩინებები და დადგენილებები სამოქალაქო საქმეებზე. საერთო დავალიანების არასწორი განსაზღვრის შედეგად, არასწორად განისაზღვრა აგრეთვე იძულებითი აღსრულებისათვის დაკისრებული თანხა (32514ლ), რომელიც უნდა ათვლილიყო არა 650297,98 ლარიდან, არამედ 258797 ლარიდან. ვინაიდან სს “ქ.-ის" დავალიანება სხვადასხვა კრედიტორების მიმართ ერთობლივად შეადგენდა 258795,98 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1964წ. სსკ-ს 386.1 მუხლის და ინსტრუქციის 62-ე პუნქტის მიხედვით სწორედ აღნიშნული ღირებულების და არა 331864,94 ლარის ღირებულების ქონება უნდა დაყადაღებულიყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მერიას შეეძლო ვალში ნატურით მიეღო 258795,98 ლარის ღირებულების ქონება, ზედმეტად მიღებული ქონება სსკ-ს 172.1, 385-ე, 976-ე მუხლების მიხედვით მესაკუთრეს უკან უნდა დაუბრუნდეს.
1964 წ. სსკ-ს 415.1 მუხლის თანახმად დანიშნული ვაჭრობის შესახებ სასამართლო აღმასრულებელი გამოაცხადებს ვაჭრობამდე არა უგვიანეს 10 დღისა. 1985 წ. “სააღსრულებო წარმოების შესახებ" ინსტრუქციის 92-ე პუნქტის მიხედვით საჯარო ვაჭრობის ჩატარების დროსა და ადგილს სასამართლოს აღმასრულებელი აცნობებს მოქალაქეებს ადგილობრივ გაზეთში პუბლიკაციის გზით, სასამართლო შენობის თვალსაჩინო ადგილას და თავისი შეხედულებით სხვა ადგილებში განცხადების გამოკვრით. სასამართლო აღმასრულებლის მიერ 23.01.99წ. შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ “საჯარო ვაჭრობის დანიშვნა გამოცხადებულ იქნა პრესის საშაულებით". სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საჯარო ვაჭრობის შესახებ პრესაში გამოცხადება. კერძოდ, ...-ის სახელობის ქუთაისის ... ბიბლიოთეკის 25.04.02წ. ცნობის საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1999 წლის იანვრის თვეში გაზეთ “...-ში", “...-ში" და “...-ში" არ აღმოჩდა ინფორმაცია სს “ქ.-ის" საჯარო ვაჭრობის გამოცხადების შესახებ. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ დაირღვა ვაჭრობის საჯარობის პრინციპი. დადგენილი წესების დარღვევით მხოლოდ ერთი კრედიტორი _ მერია იყო გაფრთხილებული აღმასრულებლის მიერ მეორე საჯარო ვაჭრობის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში კრედიტორის ვალის დასაფარავად ქონების ნატურით მიღების შესაძლებლის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ განმეორებითი საჯარო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ასევე არ ყოფილა გამოცხადებული პრესაში. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო ვაჭრობის აქტის შესავალი ნაწილის მიხედვით აქტის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს კრედიტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, მიუხედაად ამისა, აქტს ხელს აწერენ ამ კრედიტორი ორგანაზიციების წარმომადგენლები. ვინაიდან მეორე საჯარო ვაჭრობის შესახებ პრესაში ინფორმაცია გამოქვეყნებული არ ყოფილა, მყიდველებს არ მიუღია მონაწილეობა საჯარო ვაჭრობაში.'მიუხედავად ამისა, საჯარო ვაჭრობა არშემდგარად არ გამოცხადებულა. საჯარო ვაჭრობის აქტში არასწორადაა დაფიქსირებული სს “ქ.-ის" საწესდებო კაპიტალის ოდენობა, აქტში აღნიშნული 1200000 ლარის ნაცვლად სს-ის საწესდებო კაპიტალი 1123348 აშშ დოლარს შეადგენს, ქარხნის უძრავი ქონების საჯაროდ გაყიდვისას არ მომხდარა მისი სათანადო შეფასება. სს-ის ქონების გასხვისება განხორციელდა 1964წ. სსკ-ს 413.2 მუხლით და ინსტრუქციის 91.1 პუნქტით ყადაღის დადებიდან განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით. ქუთაისის მერიის 27.08.99წ, ¹288 ბრძანებით, რომლითაც საკუთრებაში მიღებული სს ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს “ქ.-ა", განისაზღვრა სააღსრულებო ბიუროსათვის კუთვნილი თანხების ანაზღაურების გრაფიკი, მიუხედავად ამისა, აღნიშნული თანხები გადახდილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილად ცნობა სზაკ-ს მე-60 მუხლის და სასკ-ს 22.3 მუხლის მიხედვით არ დაიშვება, ვინაიდან აღნიშნული კოდექსები 01.01.2000წ. ამოქმედდნენ, ხოლო ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე, სსკ-ს მე-6 მუხლების მიხედვით ნორმატიული აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. არ იქნა გაზიარებული აგრეთვე მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სსკ-ს 435-ე მუხლიდან გამომდინარე უნდა გამოყენებულ იქნეს მოქმედი საპროცესო ნორმები, რომელთა თანახმად სარჩელი არის ხანდაზმული. პალატამ მიუთითა, რომ საჯარო ვაჭრობის აქტი 05.02.95წ. არის შემდგარი, სააღსრულებო წარმოება იმ დროს რეგულირდებოდა 1964წ. სსკ-ს 352-ე-447-ე მუხლების და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ინსტრუქციით, რის გამო დავა ამ აქტების ნორმებზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან მოქმედი სსკ და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონი 05.02.99წ. შემდეგ, კერძოდ 15.05.99წ. ამოქმედდა. 1964წ. სსკ-ს 420.1 მუხლი ითვალისწინებდა საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობის შესაძლებლობას ვაჭრობის დღიდან სამი წლის განმავლობაში. სსკ-ს 128.3 მუხლის მიხედვით ხადნაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მერიის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების შემთხვევაში დადგება იგივე შედეგი, ვიანიდან საჭირო გახდება კვლავინდებურად საჯარო ვაჭრობის ჩატარება. სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლების მიხედვით ქარხნის დავალიანება 05.02.99წ. აქტში მითითებულზე ბევრად ნაკლებია, შესაბამისად ნაკლები ქონების რეალიზაცია მოხდება აუქციონის ჩატარებისას, რომლის მონაწილეობაში მიღების უფლება მიეცემა მოვალესაც. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2/97-98 აღმასრულებელი ფურცლის გაუქმების მოთხოვნა, მისი არარსებობის გამო მოიხსნა, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმება და ქონების დაბრუნება. ვინაიდან საქმის წარმოება სს “ქ.-ის" დირექტორის ნ. მ.-ის, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ვ. გ.-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეჩერდა 01.03.02წ განჩინებით, ვ. ხ.-ის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილდა მხოლოდ საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქუთაისის მერიის მიერ. კასატორი არ ეთანხმება 30.04.02წ. გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 64წ. სსკ-ს 352-ე მუხლის მიხედვით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. კასატორი აღნიშნავს, რომ 1964წ. სსკ-ს 352.8 და 353-ე მუხლების მიხედვით სააღსრულებო საბუთს წარმოადგენს აგრეთვე ვადაზე გაუნაღდებელი საგადასახადო მოთხოვნები. საქმეში დაცულია საგადასახდო ინსპექციის წერილი სს-ის 142369 ლარის დავალიანების შესახებ, რასაც თავად სს აღიარებდა, მაშასადამე აღნიშნული დოკუმენტი შეიძლება ჩაითვალოს ვადაზე გაუნაღდებელი საგადასახადო მოთხოვნად, რაც ქმნიდა აღსრულების საფუძველს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ სააღსრულებო ფურცლებში აღნიშნული თანხების შეკრებისას დაუშვა შეცდომა, რის გამო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. სასკ 22-ე და “სააღრსულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლების საფუძველზე კასატორი გაცდენილად თვლის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს.
სს “ქ.-ის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ. ხ.-მ წარდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივრის მოტივები უარყო და აღნიშნა, რომ საგადასახადო ინსპექციის 04.02.99წ. წერილი ვერ ჩაითვლება ვადაზე გაუნაღდებელ საგადასახადო მოთხოვნად, ვინაიდან იგი აღმასრულებელს 05.02.99წ. წარედგინა. სასამართლოს მიერ გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან დავალიანების ჯამი აქტში დაფიქსირებულ ოდენობაზე ნაკლებია, ხოლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია აქტის გაუქმების სხვა საფუძვლებიც, როგორიცაა უძრავი ქონების დაუყადაღებლად და შეუფასებლად გაყიდვა, პირველი და მეორე აუქციონის არ გამოცხადება, იძულებითი აღსრულება მოვალისათვის ...-ის, “ს.-ს” და “წ.-ის" დავალიანებათა ნებაყოფლობით გადახდის შეთავაზების გარეშე, დაყადაღებული, ქონების რეალიზააციის ერთთვიანი ვადის დარღვევა, საჯარო ვაჭრობაში სახელმწიფო დაწესებულებების მონაწილეობის დაუშვებლობა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის და შპს “ქ.-ის" წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ _ ნ. ხ.-მ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 30.04.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული საქმის გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ სს “ქ.-ის" მიმართ გამოწერილ 8 სააღსრულებო ფურცლებში აღნიშნული თანხების შეკრებისას დაუშვა შეცდომა, რის შედეგად მიიჩნია, რომ დავალიანება შეადგენს არა 558795,98, არამედ 258795,98 ლარს. აღნიშნული არ წარმოადგენს უმნიშვნელო ციფრობრივ უზუსტობას, ვინაიდან იგი საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს რიგ მცდარ დასკვნებს. კერძოდ, საჯარო ვაჭრობის აქტში მითითებული საერთო დავალიანების თანხიდან (650297,98ლ.) სააღსრულებო ფურცლებში მითითებული თანხების შეჯამებით მიღებული მცდარი თანხის (ანუ 258795,98ლ.) გამოკლებით, სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სს “ქ.-ის" დავალიანება 392502 ლარით ნაკლებია საჯარო ვაჭრობის აქტში მითითებულ თანხაზე (650297,98-258795,98=392502). ულოგიკოა სააპელაციო პალატის მიერ ასეთი სხვაობის ახსნა იმ გარემოებით, რომ 21.01.98წ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოწერილ 2/77, 21.01.98წ. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია 50867 ლარი, ხოლო ქუთაისის საგადასახადო ინპექციის 05.02.99წ. ¹05/1 ცნობის საფუძველზე 1964წ. სსკ-ს 353.1, 254-ე მუხლებისა და ინსტრუქციის მე-14 პუნქტის დარღვევით შედგენილი ¹2/97-98წ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით სს “ქ.-მ" საგადასახადო სამსახურს უნდა გადაუხადოს 142369ლარი. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა მოკლებულია რაიმე საფუძველს, მითითებული თანხებით ვერ აიხსნება საჯარო ვაჭრობის აქტში აღნიშნულ თანხაზე 392507 ლარით ნაკლები დავალიანების არსებობა. გარდა ამისა, უმართებულოა სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ აქტის შედგენის დროს მოქმედი სააღსრულებო კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების აღსრულებას. 1964წ. სსკ-ს 352-ე და 353-ე მუხლების მიხედვით აღსრულებას ექვემდებარებოდნენ და სააღსრულებო საბუთებს განეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლები, არამედ ვადაზე გაუნაღდებელი საგადასახადო მოთხოვნები და სხვა დოკუმენტები. ამასთანავე, საგადასახადო სამსახურის და სოც. ფონდის წინაშე არსებული დავალიანების გაქვითვა არ მომხდარა სს “ქ.-ის" ქონების ნატურით გადაცემით. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტშიOდავალიანების სახით 142369 ლარის მითითებით ქუთაისის მერიის საკუთრებაში გადავიდა ზედმეტი ქონება. სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან საჯარო ვაჭრობის აქტის შედგენაზე საგადასახადო დავალიანების ოდენობა ზემოქმედებას ვერ მოახდენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცდარია აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იძულებითი აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცენტული განაკვეთი (5%) 258795,98 ლარიდან უნდა გამოანგარიშებულიყო. შესაბამისად უსწოროა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა დაყადაღებულიყო 258795 ლარის და 98 თეთრის ღირებულის ქონება და რომ ამ თანხაზე მეტი (331864,94ლ.) ღირებულების ქონების დაყადაღებით დაირღვა 1964წ. სსკ-ს 386-ე მუხლის პირველი ნაწილის და ინსტრუქციის 62-ე პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აღმასრულებელი მოვალის ქონებას აღწერს იმ ოდენობით, რაც საჭიროა გადამხდევინებლისათვის მიკუთვნებული თანხისა და აღსრულების ხარჯების დასაფარავად.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ 23.01.99წ. და 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის დანიშვნის შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა პრესის საშუალებით, რითაც დაირღვა “სააღსრულებო წარმოების შესახებ" ინსტრუქციის 92-ე პუნქტის მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე მოწინაღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ქ. ქუთაისის მერიის საქალაქო გაზეთი “...-ის" 18.12.98წ, 12.01.99წ. გამოცემული ნომრები, რომლებშიც გამოქვეყნებულია ინფორმაცია სს “ქ.-ის" საჯარო ვაჭრობით გაყიდვის შესახებ. საკასაციო პალატა სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნულს მიიჩნევს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად. ამდენად, არ დასტურდება ...-ის სახელობის ქუთაისის .... ბიბლიოთეკის 25.04.02წ. ¹25 ცნობაში მოთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივ პრესაში არ აღმოჩნდა სს “ქ.-ის" საჯარო ვაჭრობის გზით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო პალატა. შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინსტრუქციის 92-ე პუნქტის დარღვევით არ იყო დაცული ვაჭრობის საჯაროობის პრინციპი, მით უფრო, რომ იმჟამად მოქმედი 1964წ. სსკ-ს V კარი არ ითვალისწინებდა სავალდებულო წესით პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნებას, ხოლო “სააღსრულებო წარმოების შესახებ" ინსტრუქციის 92-ე მუხლი ითვალისწინებდა საჯარო ვაჭრობის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ ადგილობრივ გაზეთში პუბლიკაციის გზით საცხოვრებელი ნაგებობის რეალიზაციას.
ამდენად, საქმეზე არ არის დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული. კერძოდ, დაუსაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ხადნაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. სასკ-ს 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ს 435-ე მუხლის თანახმად, საქმეების წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. ამდენად, “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე, სკ-ს მე-6 მუხლებზე მითითება არ უარყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების, მათ შორის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ სარჩელი გ. ხ.-მ სასამართლოში აღძრა 2001 წელს, ანუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოქმედების პერიოდში. ამასთანავე, განსახილველი ურთიერთობების მიმართ სასკ-ს 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენების საკითხთთან დაკავშირებით სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იქონიოს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს თავისი ბუნებით 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტი, განსახილველი სადავო ურთიერთობები უკავშირდება ადმინისტრაციულ აქტს თუ ადმინისტრაციულ გარიგებას. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს აგრეთვე მსჯელობა 15.05.99წ. ძალაში შესული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების სპეციალური ერთთვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობაზე, მით უფრო, რომ აღნიშნული, პირველი ინსტანციის სასამართლოს 04.09.01წ. გადაწყვეტილების მიხედვით, სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტები იმის შესახებ, რომ საჯარო ვაჭრობის აქტის შესავალ ნაწილში აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელი პირების ნაცვლად ხელს აწერენ სხვები, გადაცემული ქონების ბაზაზე შექმნილი შპს-ს მიერ არ მომხდარა სააღსრულებო ბიუროსათვის თანხების გადახდა, ვაჭრობის არშემდგარად გამოცხადების შემდეგ მერიის გარდა სხვა კრედიტორებისათვის საჯარო ვაჭრობის მეორედ არშემდგარად ცნობის შემთხვევაში ქონების ვალში აღების შესაძლებლობის შეუტყობინებლობა არ წარმოადგენს საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საჯარო ვაჭრობის აქტში მითითებული ორგანიზაციების მიერ არ დამდგარა აქტზე ხელმომწერ პირთა არასათანადო წარმომადგენლობის საკითხი, შპს “ქ.-ის" მიერ გადასაცემი თანხის განრიგის შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ბიუროს არ დაუსვამს საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილად ცნობის საკითხი, უკანასკნელის გაუქმება არ მოუთხოვია აგრეთვე დანარჩენ კრედიტორებსაც ქონების ვალში აღების შესაძლებლობის შეუტყობინებლობის გამო. დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საჯარო ვაჭრობაში არასათანადო პირების მონაწილეობის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვაჭრობა არ შედგა მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო. 1964წ. სსკ-ს 419-ე მუხლის თანახმად ვაჭრობის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში გადამხდევინებელს ენიჭება უფლება თავისთვის დაიტოვოს ნაგებობა პირველადი შეფასების თანხაში. საჯარო ვაჭრობის აქტში მითითებული ორგანოები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ქონების ვალში დანარჩუნებაზე, წარმოადგენენ არა ვაჭრობის მონაწილეებს, არამედ გადამხდევინებლებს, რის გამო საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს მასში მონაწილეობის უფლების არმქონე პირებმა. საჯარო ვაჭრობის აქტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, აქტში იმის აღნიშვნა, რომ კრედიტორებმა თანხმობა განაცხადეს ვალის დასაფარავად ქ. ქუთაისის მერიისათვის ქონების ნატურით გადაცემაზე არ ადასტურებს თვით საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, 1964წ. სსკ-ს 416-ე მუხლისა და იმჟამად მოქმედი სააღსრულებო წარმოების ინსტრუქციის 95-ე მუხლის დარღვევას, რომელთა თანახმად საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ სახელმწიფო საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოს, პროკურატურის, მილიციის თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახების წევრებს.
ხარვეზიანია აგრეთვე გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გ. ხ.-ის სარჩელი 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტის გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა, გაუქმდა 05.02.99წ. საჯარო ვაჭრობის აქტი. ამასთანავე სასკ-ს 22-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. გ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან გაურკვეველი რჩება ბათილად იქნა ცნობილი საჯარო ვაჭრობის აქტი თუ ძალადაკარგულად, ვინაიდან აქტის გაუქმება ზოგადი ცნებაა და მოიცავს აქტის როგორც ბათილობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილობა გულისმობს ძალის დაკარგვას ძალაში შესვლის დღიდან და იწვევს მისი ძალაში შესვლიდან წარმორშობილი სამართლებრივი ურთიერთობების გაუქმებას, ხოლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტიდან გაურკვეველი რჩება გადაწყვეტილი დავის სამართლებრივი შედეგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაიწლით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.02წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუდნეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.