3გ-ად-232-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი _ ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 ნოემბერს მოსარჩელე ი. გ.-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და “სამხედრო და შინაგან საქმეთა სამსახურების ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ"'საქართველოს 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლის თანახმად ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი 79 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, 30 წლის შრომის სტაჟის მქონე და დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, რომელიც ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობის პენსიას იღებდა. სასარჩელო განცხადებაში გ.-ე მიუთითებდა, რომ, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ხსენებული კანონის მე-60 მუხლის თანახმად, სამამულო ომის მონაწილეებს და მასთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან არიან I ან II ჯგუფის ინვალიდები, ორი სახეობის პენსია და პენსიაზე დანამატი ეკუთვნოდათ. აღნიშნული მოთხოვნით მან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებას მიმართა, რაზეც უარი მიიღო. მოსარჩელე არ დაეთანხმა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას ჰქონდა და სასამართლოში გაასაჩივრა იგი.
მოპასუხე მხარემ _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებამ, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის მიღების უფლება იმ პირებს ჰქონდათ, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურებიდან სამამულო ომის ინვალიდობის პენსიას ღებულობდნენ. მოპასუხე აქვე განმარტავდა, რომ მოსარჩელე, მართალია, გათანაბრებულია სამამულო ომის მონაწილეებთან, მაგრამ არ არის ომის ინვალიდი და ასევე არ განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომლებზეც აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება. რაც შეეხება შეღავათებს, მანვე დაამატა, რომ მოსარჩელეს მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის სრული დაცვით ჰქონდა 35 ლარის ოდენობის პენსია დანიშნული და მისთვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნის თაობაზე ი. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. გ.-ემ სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში გაასაჩივრა, მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესაებ" კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა ი. გ.-ის საკასაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებას ი. გ.-ის სასარგებლოდ 2001წ. ნოემბრიდან ყოველთვიურად მეორე სახის პენსიის (14 ლარის) გადახდა დააკისრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ი. გ.-ისათვის სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლი ეხება იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ არა ვადიან სამხედრო სამსახურში, არამედ ითვლებოდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო ძალებში ან ომის დამთავრების შემდეგ გააგრძელეს კადრის ოფიცრად მუშაობა და შემდგომ კი ინვალიდობის ან წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნილ იქნენ თადარიგში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საერთოდ არ არის ომის მონაწილე, იგი ომის წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, რაც მას ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირის სტატუსს ანიჭებს. ამდენად, მოქალაქე ი. გ.-ე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირად, რის გამოც მას არა აქვს ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის მიღების უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ.-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ.-ე არის 80 წელს მიღწეული I ჯგუფის შრომის ინვალიდი, რომელსაც არ მიუღია სამამულო ომში მონაწილეობა და იმ პერიოდში მსახურობდა საავიაციო ქარხანაში, სადაც შრომითი ტრამვის შედეგად დაინვალიდდა. აქვე დასტურდება, რომ იგი შრომის I ჯგუფის ინვალიდად საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ არის მიჩნეული და, ამასთან, სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირია. იგი პენსიის სახით 35 ლარს იღებს.
მოსარჩელე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის (28 ლარი) დანამატით მიღებას მოითხოვს. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებით გათვალისწინებულია მითითებული კანონის სუბიექტები, კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან ბ) სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწყვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მითითებული კანონის 1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი. გ.-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არ წარმოადგენს მითითებული “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ომის ინვალიდს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადია ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.