Facebook Twitter

3გ-ად-240-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნულმა შემოქმედებითმა კავშირმა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ და კავშირის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ... საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 თავის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: უძრავი ქონება, რომელიც შემოქმედებითი კავშირის ან ამ კავშირის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე ირიცხებოდა 1997წ. 25 ნოემბრამდე და ამჟამადაც ირიცხება, მათ საკუთრებაში გადაეცემა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 25 ოქტომბრის ¹803-გ განკარგულების საფუძველზე საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე ირიცხება ქ. თბილისში, ... მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული (810 კვ.მ.), ტერასა (270 კვ.მ.), აგრეთვე მე-6 სართულზე არსებული სააქტო დარბაზი (260 კვ.მ.) და ეზოს ნაწილი.

მოსარჩელემ მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და კავშირის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმით მოპასუხემ დაარღვია კავშირისათვის კანონით მინიჭებული უფლებები და ინტერესები.

მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და, მიუთითა, რომ “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს ასეთი კავშირების საკუთრებაში ქონების გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოთ აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სახელმწიფო ქონების სხვა პირებზე საკუთრებაში გადაცემა გათვალისწინებულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით და მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მოხდეს ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა.

2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელის საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის სარჩელი და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაავალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირისათვის ქ. თბილისში, ... მდებარე კავშირის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინება, მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით დადგენილი წესები, კერძოდ ის, რომ აღნიშნული კანონი არ იცნობს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას და რომ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად არის ნებადართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.

საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბილკის პრემიერ-მინისტრის 1993წ. 25 ოქტომბრის ¹803-გ განკარგულებით საქართველოს არქიტექტორთა კავშირს ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე “თ.-ის” ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული, რაც შეეხება სააქტო დარბაზსა და ეზოს, ისინი მოსარჩელეს “თ.-თან” ერთად საერთო სარგებლობის უფლებით გადაეცა, ე.ი. აღნიშნული ფართი არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის ბალანსზე რიცხული უძრავ ქონებას. ამასთან, საოლქო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა სახის იურიდიული პირს წარმოადგენს მოსარჩელე. იგი არის არასამეწარმეო კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დეფინიცია და რეგისტრაციის სამართლებრივი რეგულირება მოცემულია სკ-ს პირველი კარის მეორე თავში, თუ იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთა შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის კანონიერი გადაწყვეტისათვის, რადგან თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაშინ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, კერძოდ, ამ კანონის მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-18 მუხლები. საყურადღებოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ამასთან, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა საჯარო სამართლის იურიდიული პირს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებული ორგანოს თანხმობით შეუძლია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონს საოლქო სასამართლო იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ დაადგენს, რომ მოსარჩელე არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, ორივე შემთხვევაში “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის ან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებისას, საოლქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.