3გ-ად-247-კ-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: 1. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; 2. სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მარტს შპს “ფ.-მ” სარჩელი აღძრა მოპასუხეების: საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატმენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფიზიკურ პირ ზ. შ.-ს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1945 წელს ექიმმა კ. მ...-ემ ქ. ფოთს საჩუქრად დაუტოვა თავისი საკუთარი ორსართულიანი სახლი, რომელიც მდებარეობდა ...-ის ქ. ¹27-ში (ამჟამად ...-ის ქუჩა). ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1945წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული ორსართულიანი შენობა და 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა ქ. ფოთის ჯანმრთელობის განყოფილებას.
“ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებულების, “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 30 აპრილის ¹209 ბრძანებულების, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის, “სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 29 დეკემბრის ¹1-3/815 და 1999წ. 19 მაისის ¹1-3/248 ბრძანებების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1999წ. 23 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. ფოთის ... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს საკუთრებაში გადასცა ქ. ფოთის ... პოლიკლინიკა. ამავე ხელშეკრულებით ობიექტზე არსებული წესით დამაგრებული მიწის ფართის განკარგვის საკითხის დარეგულირება დაევალა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატმენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1999წ. 29 სექტემბერს ქ. ფოთის ... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹730.
ამის შემდეგ 1999წ. 16 დეკემბერს შპს “ფ.-ი”, ანუ ყოფილი ქალაქის ... პოლიკლინიკა რეგისტრირებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
ობიექტის პრივატიზაციის დროს მიწის ფართი არ იქნა პრივატიზებული, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილის თანახმად იმ პერიოდში ქ. ფოთისათვის არ იყო მიღებული ინდექსირების კოეფიციენტები “საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის” შესაბამისად. იმ პერიოდისათვის კი, როდესაც მოხდა ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის დადგენა, ზემოაღნიშნულის გამო დაკავებული მიწის ფართობის ღირებულება ვერ იქნა გათვალისწინებული. მოგვიანებით ამ მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა განისაზღვრა 4604,5 ლარით.
პოლიკლინიკის პრივატიზების პროცესში ქ. ფოთის ყოფილი მთავარი არქიტექტორის მითითებით პოლიკლინიკის ტერიტორიას 359 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოეჭრა სკვერის გაშენების მიზნით, სადაც მოპასუხე ზ. შ.-მ პოლიკლინიკის კოლექტივთან შეუთანხმებლად დაიწყო კაფე-ბარის მშენებლობა.
2001წ. 13 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაავალა შპს “ფ.-ს” მასზე დამაგრებული მიწის ფართობის ღირებულების _ 4604,5 ლარის _ გადახდა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიეყიდებათ მიწის სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვით. ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი ფასის შესაბამისად ქონების მართვის სამინისტრო დაეყრდნო მიწის მართვის სამმართველოს 2000წ. 22 აგვისტოს ¹123/3 წერილს, სადაც სადავო მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 703 კვ.მ 1200 კვ. მეტრის ნაცვლად, რაც მოსარჩელის განმარტებით, არასწორია. დანარჩენი 359 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული შ.-ს.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა საკუთრების უფლების მინიჭება 1200 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელზეც მდებარეობს შპს “ფ.-ის” საკუთრებაში არსებული შენობა და ზ. შ.-სგან უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 მარტის განჩინებით შპს “ფ.-ის” სარჩელის გამო, ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. შ.-ს წინააღმდეგ საქმის განხილვა შეჩერდა, ზურაბ შ.-ს მიმართ ფოთის მიწის მართვის სამმართველოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე და ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მოპასუხემ, ფოთის მიწის მართვის სამმართველომ, სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოპასუხის განმარტებით, მას მოსარჩელისათვის მიწა არ ჩამოურთმევია, არც ზ. შ.-სათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გაუტარებია რეგისტრაციაში, მან მხოლოდ დააფიქსირა მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიმდინარეობისათვის ფაქტობრივი მდგომარეობა.
2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველო.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა, რომ მის მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ მოპასუხეს დავალებოდა ქმედების განხორციელება _ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის მინიჭება და ამ უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ფ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა, მოსარჩელის მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ მოეხდინა ქ. ფოთის ... პოლიკლინიკის სარგებლობაში ადრე არსებული 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის _ შპს “ფ.-ისათვის” _ საკუთრების უფლების მიკუთვნება და ამ უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ზ. შ.-მ და ფოთის მიწის მართვის სამმართველომ. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით, რასაც აპელანტები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან ფოთის ... პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობის პრივატიზებამდე მის ქვეშ არსებული მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და არ წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობის ობიექტს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ფოთის მერია.
შპს “ფ.-მ” სააპელაციო საჩივარი არ ცნო და შესაგებელში მოითხოვა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სააპელაციო საჩივრებს დაეთანხმა მესამე პირი ფოთის მერია და შესაგებელში აღნიშნა, რომ ფოთის ... პოლიკლინიკა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ამდენად, ფოთის ადგილობრივი მმართველობა უფლებამოსილი იყო, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გამოეყენებინა თავის შეხედულებისამებრ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ფოთის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. შ.-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა: გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება; შპს “ფ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქმედების განხორციელება შპს “ფ.-ის” მიერ “საქართველოს ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დაინშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის” შესაბამისად დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ მოეხდინა რვაას ოთხმოცდათოთხმეტი კვადარატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შპს “ფ.-ის” სახელზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ფ.-მ”, მისი როგორც უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. კასატორმა თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონით და არა _ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის საოლქო სასამართლომ ასევე არასწორად მიიღო ზ. შ.-ს სააპელაციო საჩივარი, რომელიც ქ. ფოთის სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად არც მხარე და არც მესამე პირი არ იყო, ე.ი. მისი სააპელაციო საჩივარი განხილვას არ ექვემდებარებოდა, მით უმეტეს _ დაკმაყოფილებას.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის ნაწილში არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი იურიდიულად არ არის დასაბუთებული, კერძოდ, საქმეში არ არის დოკუმენტი, ნორმატიული აქტი, რომელიც ასახავს 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრას, ხოლო საქმეში მითითებული ქ. ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის განკარგულება ზოგადად შეეხება ...-ის ქუჩის კეთილმოწყობის საკითხს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულება, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო ...-ის ქუჩის კეთილმოწყობა, ზოგადი ხასიათის იყო და მასში კონკრეტულად არ მითითებულა, უნდა გამოყოფდა, თუ არა ქ. ფოთის ... პოლიკლინიკის ტერიტორიიდან ზ. შ.-ს გარკვეული ფართობის მიწის ნაკვეთი მცირე არქიტექტურული ზომის სავაჭრო ობიექტის მოსაწყობად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ქალაქის საჭიროებისათვის სახელმწიფო მიწის სარგებლობის უფლებით ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გამოყოფა უნდა მომხდარიყო ქ. ფოთის მერიის მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში ზ. შ.-სათვის 308 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ხოლო საქმეში არსებული ქ. ფოთის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 21 აპრილის ¹31 ბრძანების მიჩნევა მიწის ნაკვეთის გამოყოფის საფუძვლად საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით, რადგანაც 1998წ. 28 ოქტომბრისათვის, როდესაც აღნიშნული კანონი ამოქმედდა, ქ. ფოთის ... პოლიკლინიკა კერძო სამართლის იურიდიულ პირს არ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ფ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
