3გ-ად-248-კ-02 27 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმება, ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ბინიდან კუთვნილი წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
31.03.2000წ. მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ა.-მ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1977წ. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. მცხეთაში, ... მდებარე ბინაში, რომელიც 04.05.93წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით აღირიცხა მისი მამინაცვლის, მოპასუხე ვ. ზ.-ის სახელზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ბინის პრივატიზაციაზე, სადაც დღემდე ცხოვრობს შვილთან ერთად, თანხმობა განაცხადა ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა. თ. ა.-მ მოითხოვა 04.05.93წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, ბინის ნახევრის მისთვის და მისი შვილისათვის გადაცემა, დამხმარე სათავსოების საერთო სარგებლობაში დატოვება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 12.05.2000წ. გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 04.05.93წ. ხელშეკრულება გაუქმდა ვ. ზ.-ზე საკუთრებაში მთლიანი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინის 1/3 წილი, ხოლო დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 12.05.2000წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ.-მ და ვ. ზ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, თ. ა.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.04.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 12.05.2000წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს დავა უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმება, რომელიც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული გარიგებას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მოქალაქეს მის მიერ დადებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. პრივატიზაციის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ. ზ.-ზე ბინის საკუთრებაში გადაცემა მოხდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის, მათ შორის თ. ა.-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობებით. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა.-მ პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემით ნებაყოფლობით დათმო თავისი წილი ვ. ზ.-ის სასარგებლოდ, ისე, რომ არ გამოუთქვამს სადავო ბინის საერთო საკუთრებაში გადაცემის სურვილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.04.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, 04.05.93წ. პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებას ვ. ზ.-ზე მთლიანი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში, სადავო ბინის 1/3 წილის მის საკუთრებაში გადაცემას, დამხმარე სათავსოების საერთო საკუთრებაში დატოვებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. ზ.-ზე ბინის აღრიცხვის შესახებ მან თანხმობა განაცხადა დედასთან _ ე. გ.-თან და ძმასთან _ გ. ზ.-თან ერთად. ამ უკანასკნელს შემდგომ ვ. ზ.-მ გადასცა 2000 აშშ დოლარი, რითაც მოხდა წილზე უარის თქმა, რაც დაფიქსირებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 07.09.98წ. განჩინებაში. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული მის მიერ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე მიცემული თანხმობის არსი. აღნიშნული თანხმობის მიცემა გამოწვეული იყო კომუნალური გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლების სურვილით, ვინაიდან მამინაცვალი _ ვ. ზ.-ი იყო ომის ვეტერანი და მათ ჰპირდებოდა, რომ თუკი ბინა მის სახელზე აღირიცხებოდა, ისინი გათავისუფლდებოდნენ კომუნალური გადასახადების გადახდისაგან. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მან თანხმობა განაცხადა ვ. ზ.-ის სახელზე ბინის აღრიცხვის თაობაზე და არა წილის მიკუთვნებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თ. ა.-ი ცხოვრობდა სადავო ბინაში ოჯახის წევრის უფლებით. იგი ჩაწერილი იყო აღნიშნულ ბინაში ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, დედის _ ე. გ.-ის სახელზე გაცემული ორდერის საფუძველზე და მათთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას. ამდენად, თ. ა.-ს, როგორც ოჯახის წევრს, მოპოვებული ჰქონდა უფლება ბინაზე. ამასთანავე, თ. ა.-ი არ ყოფილა საბინაო კოდექსის 69.4 მუხლის მიხედვით სასამართლო წესით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად ცნობილი.
თ. ა.-ის თანხმობა, მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მიხედვით, აუცილებელი იყო სადავო ბინის ვ. ზ.-ის სახელზე პრივატიზაციისათვის. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემით თ. ა.-მ უარი განაცხადა მის კუთვნილ წილზე. პალატა თვლის, რომ მიუხედავად თანხმობის მიცემისა, პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება უნარჩუნდება ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზაციის დროისათვის. ბინის პრივატიზაციისას საცხოვრებელი ბინის ოჯახის რომელიმე წევრზე საკუთრებად გადაცემისათვის იმ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლებიც პრივატიზაციის მომენტში ითვლებიან ამ ბინაზე უფლების მქონე პირებად, არ უკარგავს მათ პრივატიზებული ბინის წილის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნულ შეხედულებას განამტკიცებდა ჯერ კიდევ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 22.12.93წ. ¹11 დადგენილება “საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) საკუთრების უფლების შესახებ”. განაზოგადებდა რა საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების სასამართლოებში გადაწყვეტის პრაქტიკას, ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით აღნიშნული დადგენილება ადგენდა, რომ “ბინების პრივატიზაციისას საცხოვრებელი ბინის ოჯახის რომელიმე წევრზე საკუთრებად გადაცემისათვის აუცილებელია ოჯახის იმ სრულწლოვან წევრთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლებიც პრივატიზაციის მომენტში ითვლებიან ამ ბინაზე უფლების მქონე პირებად. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მოითხოვონ საკუთრება პრივატიზებული ბინის წილზე.” იმ დროისათვის, “საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ” 28.12.90წ. კანონის 57-ე მუხლის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელმძღვანელო განმარტებანი სავალდებულო იყო სასამართლოებისათვის, სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის. აღნიშნულს სრულიად ესადაგება ამ კატეგორიათა დავაზე ადრეულ წლებში და ამჟამად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის პრივატიზაციაზე წერილობითი თანხმობის მიცემა წარმოადგენს სადავო ბინაზე თანხმობის მიმცემი პირის უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. დადგენილების ტექსტუალურ ინტერპრეტაციას და ითვალისწინებს მითითებული აქტის ნამდვილ აზრს, მისი გამოყენების პრაქტიკას, საკუთრების უფლების მნიშვნელობას და თვლის, რომ თანხმობის მიცემით კასატორს არ უთქვამს უარი ბინის კუთვნილ წილზე, ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემა არ წარმოადგენს წილის დათმობის ხელშეკრულებას და ბინის პრივატიზაციით არ დარღვეულა თ. ა.-ის უფლება სადავო ბინის წილზე, კასატორი ბინის პრივატიზაციის შემდეგაც ინარჩუნებდა უფლებას მასზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა 04.05.93წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ვ. ზ.-ზე ბინის პრივატიზაცია არ გულისხმობდა თ. ა.-ისათვის აღნიშნული ბინის წილზე უფლების გაუქმებას. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ა.-ისათვის სადავო ბინიდან წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბინაში კასატორის წილის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბინაზე უფლების მქონე სხვა პირების წილის გათვალისწინებით. თ. ა.-ისათვის კუთვნილი წილის ზუსტი განსაზღვრა დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევასთან, ამასთან, ამ ნაწილში დავა ატარებს კერძოსამართლებრივ ხასიათს, რის გამოც იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.04.02წ. გადაწყვეტილება ქ. მცხეთაში, ... მდებარე სადავო ბინის პრივატიზაციის 04.05.93წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.04.02წ. გადაწყვეტილება თ. ა.-ისათვის ქ. მცხეთაში, ... მდებარე სადავო ბინიდან წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.