3გ-ად-254-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის ბათილად ცნობა და 37 928,13 ლარის შპს “გ.-სათვის” დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 10 აპრილს შპს “გ.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს აქტისა და ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 24 მარტის ¹98 საინკასო დავალების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 1998წ. 29 აპრილის ¹194 ბრძანების თანახმად საქართველოს კონტროლის პალატამ შპს “გ.-ში” უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და მასზე შეღავათების გავრცელების კანონიერების შემოწმება ჩაატარა. 1999წ. 5 აგვისტოს კონტროლის პალატის მიერ შედგენილი იქნა აქტი, რომლითაც შპს “გ.-ს” ბიუჯეტის სასარგებლოდ 37928,13 ლარის გადახდა დაეკისრა.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული აქტი უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან აქტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ შპს “გ.-ზე” 1996წ. 4 ოქტომბერს გაცემული ¹13 ლიცენზია ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული კანონის 18.3 მუხლი კი ითვალისწინებს ლიცენზიის ბათილად ცნობას სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა კონტროლის პალატის აქტით. ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება სასამართლოს მიერ.
საქართველოს კონტროლის პალატამ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996წ. 4 ოქტომბერს გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹113 ლიცენზიის ბათილად ცნობა და 37928,13 ლარის შპს “გ.-ზე” დაკისრება მოითხოვა. შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს “გ.-სა” და ირლანდიის კომპანია “დ.-ს” შორის 1996წ. 10 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება “ინვესტიციის გაცემა-მიღების შესახებ”, რომლის თანახმად უცხოელი პარტნიორი ვალდებული იყო შპს “გ.-ს” ანგარიშზე ჩაერიცხა 103980 აშშ დოლარი, ხოლო შპს “გ.” ვალდებულებას იღებდა მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან (1996წ. 18 სექტემბერი) ერთი წლის შემდეგ, 20 კალენდარული დღის განმავლობაში, გადაეხადა მიღებული თანხის 150 პროცენტი. ხელშეკრულების მიხედვით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს “გ.-ს” უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ შპს “გ.-ზე” უცხოური ინვესტიციის ¹113 ლიცენზია გაიცა, რომლის თანახმად ინვესტიციების ობიექტს შპს “გ.-ო”, ინვესტიციის ღირებულებაა 103980 აშშ დოლარი, ხოლო ინვესტორის წილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში _ 32%. ამდენად უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ შპს “გ.-სა” და ირლანდიის კომპანია “დ.-ს” შორის 1996წ. 10 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება მიჩნეული იქნა საინვესტიციო ხელშეკრულებად.
მოპასუხე მხარის განმარტებით ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას არანაირი ფორმით, რაც გათვალისწინებულია “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონით. იგი თავისი არსით წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “გ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს აქტი და თბილისის ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 24 მარტის ¹98 საინკასო დავალება ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული სარჩელი ¹113 ლიცენზიის ბათილად ცნობისა და და შპს “გ.-ზე” საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს აქტით დარიცხული 37928,13 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2000წ. 31 ივლისის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
აპელანტის აზრით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია შპს “გ.-სა” და ირლანდიის კომპანია “დ.-ს” შორის 1996წ. 10 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება საინვესტიციო ხელშეკრულებად, ვინაიდან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით პირდაპირ არის მითითებული, რომ შპს “გ.-ო” ვალდებულია კომპანია “დ.-ის” მიერ მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში გადაუხადოს ინვესტიციის ღირებულების 150 პროცენტი. ე.ი. კომპანია “დ.-ისათვის” შპს “გ.-ს” მიღებული თანხა უნდა დაებრუნებინა წლიური 50%-ის სარგებლით. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მსესხებელსა და მოვალეს შორის ურთიერთობა.
აპელანტმა თავის შესაგებელში ასევე მიუთითა, რომ შპს “გ.-სათვის” ზემოაღნიშნული თახები წარმოადგენს უცხოელი პარტნიორისაგან ნასესხებ თანხებს. გარდა ამისა, ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებაში შპს “გ.-სათვის” დაწესებულია საჯარიმო სანქციები მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც თავისთავად გამორიცხავს შპს “გ.-სა” და კომპანია “დ.-ს” შორის საინვესტიციო ურთიერთობის არსებობას.
აპელანტის აზრით, 1996წ. 4 ოქტომბრის ¹113 ლიცენზია არ აკმაყოფილებს “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონის 18.3 პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც იგი ბათილად ცნობას ექვემდებარება.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და შპს “გ.-მ” სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ და თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.
2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 2000წ. 31 ივლისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს “გ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს აქტი და თბილისის ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 24 მარტის ¹98 საინკასო დავალება ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996წ. 4 ოქტომბერს შპს “გ.-ზე” გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹113 ლიცენზია. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს “გ.-სათვის” 37928,13 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს “გ.-სა” და ირლანდიის კომპანია “დ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებას წარმოადენდა. ამასთან, მიიჩნია, რომ კონტროლის პალატას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ¹113 ლიცენზიის ბათილად ცნობის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
2002წ. 8 მაისის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და საქართველოს კონტროლის პალატამ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს 2002წ. 8 მაისის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ლიცენზიის ბათილად ცნობის ნაწილში, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც კანონის დარღვევით მიღებული და დაუსაბუთებელი.
საქარველოს კონტროლის პალატა ითხოვს გაუქმდეს 2002წ. 8 მაისის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს აქტისა და ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 24 მარტის ¹98 საინკასო დავალების ბათილად ცნობის, ასევე შპს “გ.-სათვის” 37928,13 ლარის დაკისრების თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საქართველოს კონტროლის პალატამ 1999წ. 5 აგვისტოს აქტში აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ შპს “გ.-ზე” 1996წ. 4 ოქტომბერს გაცემული ლიცენზია ბათილად ცნობას ექვემდებარება. ამის საფუძველზე ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ 2000წ. 24 მარტს ¹98 საინკასო დავალება გააგზავნა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონის 33.3-ე მუხლის მიხედვით ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხელება სასამართლოში, ამავე კანონის 18.3-ე მუხლის თანახმად: “ლიცენზიის სასამართლოს წესით ბათილად ცნობის საფუძველია ინვესტიციების განუხორციელებლობა 18.1 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ან მისი განხორციელება მიღებული ლიცენზიისა და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით”, ხოლო “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” 1996წ. 12 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით”. ამდენად, საქართველოს კონტროლის პალატამ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია და საინკასო დავალება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გააგზავნა, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივებს ეფუძნება. მართალია სააპელაციო სასამართლომ უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ 1996წ. ოქტომბერს შპს “გ.-ზე” გაცემული უცხოური ინვესტიციის ¹113 ლიცენზია ბათილად ცნო, მაგრამ შპს “გ.-ს” თანხის გადახდა არ დააკისრა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს შემოწმების აქტი და მის საფუძველზე ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს “გ.-ს” საბანკო ანგარიშზე 2000წ. 24 მარტს წარდგენილი ¹98 საინკასო დავალება ეწინააღმდეგება “უცხოური ინვესტიციების შესახებ” 1995წ. 30 ივნისის საქართველოს კანონის 33.3-ე და 18.3 მუხლებს. საქართველოს კონტროლის პალატას აქტის მიღებისთანავე ლიცენზიის ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსათვის და სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საინკასო დავალების ამოწერა მოეთხოვა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 5 აგვისტოს მთლიანი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, რადგან შემოწმებისას იგი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული აქტის მხოლოდ ის ნაწილი უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და თვითონ ცნო ლიცენზია ბათილად. ბათილია ასევე საინკასო დავალება, როგორც თანმდევი შედეგი.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული სარჩელი განხილვისას მას არ უმსჯელია შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობაზე. თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეგებებული სარჩელი ხანდაზმული არ არის, მან არსებითად უნდა იმსჯელოს უცხოური ინვესტიციების სააგენტოს მიერ შპს “გ.-ზე” 1996წ. 4 ოქტომბერს გაცემული ¹113 ლიცენზიის კანონიერებაზე და თუ მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება საინვესტიციო ხელშეკრულებას არ წარმოადგენს და შპს “გ.-ზე” გაცემული უცხოური ინვესტიციების ლიცენზია ბათილად არის საცნობი, შპს “გ.-ს” მიმართ თანხის დაკისრების საკითხიც უნდა გადაწყვიტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძრვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.