3გ-ად-258-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინების გაცვლის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქედის რაიონის განყოფილებამ სარჩელი აღძრა ქედის რაიონულ სასამართლოში მ. დ.-ის მიმართ და მათ შორის ადრე დადებული ბინის გაცვლის შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივი რეგისტრაცია მოითხოვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
მოსარჩელე ქედის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებას დაბა ...-ში ...-ის ¹5-ში 19მ2 ფართობის სამსახურებრივი ბინა გააჩნდა, რომელშიც შინაგან საქმეთა განყოფილების მუშაკი რ. ბ.-ე, თავისი ოჯახით ცხოვრობდა. აღნიშნული ბინის მომიჯნავედ მოპასუხე მ. დ.-ე ცხოვრობდა, რომელმაც შინაგან საქმეთა განყოფილებას ბინების გაცვლა შესთავაზა, კერძოდ, იგი მიიერთებდა შინაგან საქმეთა განყოფილების ბინას, სამაგიეროდ კი დ. ...-ში ...-ის ქ. ¹2-ში შეძენილ 15მ2 ფართის ბინას დაუთმობდა. ბინებს შორის ფართობრივი სხვაობის გამო მოსარჩელემ თავდაპირველად უარი განაცხადა ასეთ შეთანხმებაზე, მაგრამ სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ქედის რაიონის გამგეობის ჩარევის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ გაცვლაზე, რის შესახებაც 2000წ. 21 ივნისს მოწმეთა თანდასწრებით შედგა შეთანხმების ოქმი, რასაც თან ბინების ფაქტობრივი გაცვლა მოჰყვა, თუმცა გაცვლის ხელშეკრულება, ნოტარიუსის დროებით ადგილზე არ ყოფნის გამო, სანოტარო წესით არ გაფორმებულა. მოგვიანებით როდესაც შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ გაცვლის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმების საკითხი დადგა, მოპასუხემ უარი განაცხადა დადებული ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ ...-ის ქ. ¹2-ში არსებულ ბინაზე სასამართლოს მიერ დადებული იყო ყადაღა.
ქედის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებამ ძირითად მოთხოვნასთან ერთად ალტერნატიული მოთხოვნაც დააყენა და მოითხოვა, რომ თუ ბინების გაცვლა არ დაკანონდებოდა, მოპასუხე გამოსახლებული უნდა ყოფილიყო მათი უწყების ბინიდან.
ქედის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის როგორც ძირითადი ასევე ალტერნატიული მოთხოვნა და დაადგინა, რომ მოპასუხე მ. დ.-ს, მოსარჩელის მიერ სათანადოდ მომზადებული დოკუმენტების წარდგენიდან თხუთმეტი დღის ვადაში, სანოტარო წესით უნდა გაეფორმებინა თავისი ბინის ქედის შინაგან საქმეთა განყოფილების ბინაზე გაცვლის ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე გამოსახლებულ იქნებოდა ქედის შინაგან საქმეთა განყოფილების სამსახურებრივი ბინიდან და დაბრუნებოდა თავის სახელზე რიცხულ საცხოვრებლ ბინაში. რაიონულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბინის გაცვლის სანოტარო წესით გაფორმების შემთხვევაში გაუქმებული იქნებოდა ...-ის ქ. ¹2-ში არსებულ ბინაზე დადებული ყადაღა და სანაცვლოდ ყადაღა დაედებოდა მ. დ.-ის საკუთრებაში გადასულ ბინას.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. დ.-მ სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა და რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, მ. დ.-ს ქედის შინაგან საქმეთა განყოფილებასთან ერთად უნდა განეხორციელებინა დ. ...-ში ...-ის ქ. ¹5-ში არსებული შინაგან საქმეთა განყოფილების ბინისა და ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე მისი კუთვნილი ბინის გაცვლის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბინის გაცვლის გაფორმების მიზნით ყადაღა მოეხსნა დ. ...-ში ...-ის ქ. ¹2-ში არსებულ ბინას და ყადაღა დაედო მ. დ.-ის მფლობელობაში დ. ...-ში, ...-ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინას.
აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
აპელანტ მ. დ.-სა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ბინების გაცვლის თაობაზე შეთანხმება შედგა, რაც 2000წ. 21 ივნისს წერილობითი შეთანხმებით იქნა გაფორმებული, ე.ი. მხარეებმა ბინების გაცვლაზე იკისრეს ვალდებულება.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ გაცვლის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო სკ-ს 319-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მხარეებმა აიღეს ვალდებულება გაეფორმებინათ იგი ნოტარიალურად, კანონით დადგენილი წესით. სკ-ს 369-ე მუხლის შესაბამისად, პირს რომელსაც აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების ვალდებულება, საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაზე კი აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ და აპელანტმაც უკვე განახორციელეს თავიანთი მოქმედება, კერძოდ ფაქტობრივად გაცვალეს ბინები.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეადგინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც მიუთითა, რომ თუ მოპასუხე მაგული დ.-ეEმოსარჩელეს ბინის გაცვლის ხელშეკრულებას სანოტარო წესით არ გააფორმებდა, მაშინ მას მოსარჩელისათვის თავდაპირველი ბინა უნდა გაეთავისუფლებინა, ე.ი. სასამართლომ დაუშვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტლების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით მ. დ.-მ გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მან მოსარჩელის ბრალით ეკონომიური და მორალური ზიანი განიცადა, მიიღო ფიზიკური ტრავმა, მოსარჩელის მიერ მიყენებული ზიანის 9000 აშშ დოლარის ანაზღაურებამდე უარს აცხადებს ბინის გაცვლის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაციის ვალდებულების განხორციელებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩერებელი გადაწყვეტილების სამართლიანობა და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 183-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმები უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისას კანონის სპეციალურ ნორმებს წარმოადგენენ და სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე სკ-ს ვალდებულებითი ნაწილის გამოყენება დაუსაბუთებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება (გაცვლის ხელშეკრულება) რეალურად განხორციელებულია და მხარეები გაცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბინებში ცხოვრობენ, შეთანხმება დადებულად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან კანონის იმპერატიული მოთხოვნა არ არის დაცული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არაორაზროვნად მოითხოვს, მის გარეშე დადებულ ხელშეკრულება კი ბათილია. ნიშანდობლივია, რომ გაცვლის ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, მხარის მიერ ბინაზე (უძრავ ნივთზე) საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს და მასზე სკ-ს 183-ე მუხლის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ საოლქო სასამართლოს მოსარჩელის მეორე მოთხოვნაზე – მოპასუხის ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ უმსჯელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია, რადგან სსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. ამავე კოდექსის 407-ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივად ცნობილი გარემოებები და იგი არ არის უფლებამოსილი თვითონ იმსჯელოს მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნების ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან საკასაციო პალატა გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივ ასპექტს ამოწმებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი, რის გამოც მაგული დ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს გადაეგზავნოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.