3გ-ად-267კ-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 6 თებერვალს მოსარჩელე ზ.თ.-მ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივით:
1997წ. 11 ივნისს მის კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას მიენიჭა სახელმწიფო სანომრე ნიშნები UUU-138, რაზეც გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. 2001წ. 29 იანვარს, ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილებაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზემოთხსენებული ავტომანქანიდან ამოიღეს სახელმწიფო სანომრე ნიშნები იმ მოტივით, რომ აღნიშნულზე არსებობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წერილობითი და საგზაო პოლიციის ქალაქის სამმართველოს ბრძანება. მოსარჩელის აზრით, მოპასუხის ბრალეული მოქმედებით შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე, რამაც მიაყენა მატერიალური და მორალური ზიანი და მოითხოვა უკანონოდ ჩამორთმეული სანომრე ნიშნის დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის 1700 ლარის, მორალური ზიანის 5000 ლარისა და ქონებრივი ზარალის 19440 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხის, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა არ სცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ შესრულებული იქნა ზემდგომი ორგანოს მითითება. ამდენად, მორალური და მატერიალური ზიანის მიყენებაში მათი მხრიდან ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ.თ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა ხსენებული სანომრე ნიშნების დაბრუნების თაობაზე, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის, ასევე ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რამაც საბოლოოდ შეადგინა 19440 ლარს+5000 ლარი+1700 ლარი, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული იქნა აპელანტ ზ.თ.-ს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ზ.თ.-მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, იმავე საფუძვლებით მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება, შეამცირა თავისი მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ზ.თ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილებას გადასახდელად დაეკისრა 2000 ლარი. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ლ.შ.-მა არ უარყო ის ფაქტი, რომ ზ.თ.-ს სანომრე ნიშნები ჩამოერთვა უკანონოდ და რომ მან აღნიშნულით განიცადა ზიანი.
2. სააპელაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სანომრე ნიშნების ჩამორთმევას. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე სანომრე ნიშნების ჩამორთმევისას მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, რაც სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად, ქმნის მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
3. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ.-ა 162 დღის განმავლობაში მოკლებული იყო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას, რის საჭიროებასაც იგი განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა მეუღლის ფეხმძიმობის პერიოდში, რასაც თან ახლდა გარკვეული გართულებები ჯანმრთელობის მხრივ და მოითხოვდა სამკურნალო დაწესებულებაში მის ტრანსპორტირებას, ასევე ოჯახის წევრებისა და პირადად აპელანტის გადაადგილებას. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გონივრულ და სამართლიან ფულად ანაზღაურებად მიიჩნია თ.-ს სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარისათვის დღეში საშუალოდ 12 ლარის დაკისრება, რაც 162 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 162 X 12,2 = 2000 ლარს.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა 5000 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანისათვის თანხის დაკისრების შესახებ და მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების ანალიზით სწორად დაადგინა მათი უსაფუძვლობა და სკ-ს 411-ე და მე-18 მუხლებზე დაყრდნობით, მართებულად არ დააკმაყოფილა ისინი. ამავე დროს სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ აპელანტ ზ.თ.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, რაც სასამართლო გადაწყვეტილებითაც იქნა დადასტურებული. სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა გაზიარებული აპელანტ ზ.თ.-ს მტკიცება მის მიერ ზიანის განცდის თაობაზე, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ადგილი ჰქონდა მის საკუთრებაში მყოფი ნივთის გამოყენების შეზღუდვას, რაზეც სასამართლომ რეაგირება არ მოახდინა, რამაც გამოიწვია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსმა ლ.შ.-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება:
1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ კუთვნილი ა/მანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩამორთმევით განიცადა ზიანი, მაგრამ ვერ დაასაბუთა ზიანის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხის მხრიდან. კერძოდ, სასამართლომ არ დაასაბუთა თუ როგორ განსაზღვრა ა/მანქანის გამოუყენებლობით დამდგარი ზიანის ოდენობა – დღეში საშუალოდ 12 ლარი, რამაც 162 დღეზე დაანგარიშებით შეადგინა 2000 ლარი. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ქონებრივი ზიანის ოდენობა დაადგინა “გონივრული და სამართლიანი ფულადი ანაზღაურების” კრიტერიუმით, მაშინ როდესაც ქონებრივი ზიანი არის სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა და მისი განსაზღვრა შესაძლებელია დაზარალებულის მატერიალური მდგომარეობის შეფასებით სამართალდარღვევამდე და მის შემდეგ. გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების წესი, რომელსაც კონკრეტულ შემთხვვაში დაეყრდნო სასამართლო, გამოიყენება მორალური ზიანის განსაზღვრისას. ამდენად, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
2. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 415-ე მუხლი და 1005-ე მუხლის II ნაწილი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია. კერძოდ: კასატორის განმარტებით მოსარჩელემ მიიღო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს პასუხი განცხადებაზე, რომლითაც ეცნობა რომ კუთვნილ ა/მანქანაზე სახელმწიფო ნომრის მისაღებად უნდა მიემართა აფხაზეთის ა/რ საგზაო პოლიციის სამმართველოსათვის. მას შეეძლო მიემართა ზემოთხსენებული უწყებისათვის და ბევრად უფრო მოკლე ვადაში შეეძინა ახალი სახელმწიფო ნომრები, რითაც თავიდან აიცილებდა ა/მანქანის გამოუყენებლობით ზიანის დადგომის შესაძლებლობას. მაგრამ თ.-მ განზრახი უმოქმედობით ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას. ამდენად, მოსარჩელის ბრალი ხარისხითა და ქმედებით აღემატება საგზაო პოლიციის ბრალს, რომელიც მხოლოდ ზემდგომი ორგანოს მითითებას ასრულებდა და ასეთ შემთხვევაში ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ასევე ზ.თ.-მ, კერძოდ ზიანის ანაზღაურების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 411-ე, 412-ე მუხლები, მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი და მიყენებული ზიანის ოდენობად დღიურად განუსაზღვრა მხოლოდ 12 ლარი, რაც კასატორს არაგონივრულ თანხად მიაჩნია და ითხოვს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის – 6600 ლარის მატერიალური ზარალის და 5000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებას. საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 5000 ლარის ანაზღაურება.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა მ.ა.-მ საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვა მისი დასწრების გარეშე, ხოლო საქმეში ასევე მესამე პირად ჩაბმული დ. ც.-ა, მიუხედავად დადგენილი წესით არაერთგზის გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საკასაციო საჩივარი, ამავე კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განხილული იქნა მისი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის რაიონული განყოფილებისა და ზ.თ.-ს საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორ (მოსარჩელე) ზ.თ.-ს ყოველგვარი სამართლებრივი (იურიდიული) საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის სანომრე ნიშნები UUU-138, რაც დადგენილია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოპასუხე (კასატორი) – თბილისის ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილებას დაევალა უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანის სანომრე ნიშნების დაბრუნება. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ამიტომ, სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული და ამდენად, ა/მანქანის სანომრე ნიშნების ზ.თ.-სათვის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი საკასაციო პალატას უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.
2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ.თ.-სათვის სანომრე ნიშნების მართლსაწინააღმდეგო ჩამორთმევის გამო მიყენებული ზიანის სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურების კანონიერების შესახებ. ამასთან დამატებით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სანომრე ნიშნების უკანონოდ ჩამორთმევა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში ასევე აღიარა ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა, რაც სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს, ხოლო სკ-ს 1005-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო ორგანოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით ანაზღაურება. ამიტომ საკასაციო სასამართლოს გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილებისათვის ზ.თ.-ს სასარგებლოდ 162 დღეზე სულ 2000 ლარის (დღეში 12 ლარი) დაკისრება, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სახით და საკასაციო პალატა ამ ნაწილში უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივარს ისევე, როგორც უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს ზ.თ.-ს საკასაციო საჩივარს მოპასუხისათვის სულ 11600 ლარის (66000 ლარი – მატერიალური ზარალი, 5000 ლარი – მორალური ზიანის ანაზღაურება) დაკისრების შესახებ.
3. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების მოტივს სააპელაციო პალატის მიერ სკ-ს 415-ე და 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოუყენებლობის თაობაზე. სკ-ს 415-ე მუხლის მიხედვით, თუ დაზარალებულის მოქმედებამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოქმნას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით (მათ შორის უმოქმედობით) არის ზიანი გამოწვეული, ხოლო კასატორის მიერ მითითებული 1005-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული არ შეეცადა სამართლებრივი გზით ზიანის აცილებას. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივებს ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად არ გამოიყენა სკ-ს 415-ე და 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან დაზარალებულ ზ.თ.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნულ ნორმებით მითითებულ ზიანის გამომწვევ უმოქმედობას. 2001წ. 29 იანვარს ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების მიერ ა/მანქანის სანომრე ნიშნების უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ დაზარალებულმა ზ.თ.-მ დაუყოვნებლივ, 2002წ. 6 თებერვალს მიმართა სასამართლოს და სსკ-ს მე-2 და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე მოითხოვა თავისი ხელყოფილი უფლებების სასარჩელო წესით დაცვა, ხოლო მოსალოდნელი ზიანის სამართლებრივი გზით აცილების მიზნით, რადგან ყოველდღიურად მატულობდა ა/მანქანის გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი, მოსარჩელე ზ.თ.-მ სსკ-ს 198-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, არაერთგზის მოითხოვა უკანონოდ ჩამორთმეული სანომრე ნიშნების დაბრუნება, რაც მხოლოდ 2001წ. 23 მაისს დაკმაყოფილდა. ამდენად, კასატორ ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების მიერ მითითებულ ბრალეულ, ზიანის გამომწვევ უმოქმედობას ზ.თ.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას მართებულად არ გამოიყენა სკ-ს 415-ე და 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ამრიგად, ვინაიდან უდავოდ დადგენლია ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილების მიერ ზ.თ.-სათვის ა/მანქანის სანომრე ნიშნების ჩამორთმევის არაკანონიერება (რის შესახებაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და თავად განყოფილებაც აღიარებს მისი ქმედების უკანონობას) და დაზარალებულ ზ.თ.-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია სკ-ს 415-ე, 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალეულ, ზიანის გამომწვევ უმოქმედობას, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და სკ-ს 992-ე, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატას გონივრულად და კანონიერად მიაჩნია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ზ.თ.-ს სასარგებლოდ ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციისათვის სულ 2000 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ და თვლის, რომ გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამიტომ ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის რაიონული განყოფილებისა და დაზარალებულ ზ. თ.-ს საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვაკე-საბურთალოს საგზაო პოლიციის განყოფილებისა და ზ.თ.-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.