3გ-ად-293-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 მაისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა თ. კ.-მ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. ჯ.-ის და მისი ოჯახის წევრების მიმართ და მათი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ის სამხედრო დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ის სამხედრო დასახლებაში მდებარე, ერთსართულიანი სახლი. აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ ა., ს. ჯ.-ები და ს. ი.-ე, მათ დაკავებული აქვთ სამოთახიანი სამსახურებრივი ბინა, რომელიც ა. ჯ.-ს რუსეთის სასაზღვრო ჯარების საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1997წ. 26 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილებით დროებითი სარგებლობისათვის გადაეცა. 1998წ. სექტემბრიდან, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, ა. ჯ.-ს აღარ გაუგრძელებია სამსახური რუსეთის სასაზღვრო ძალებში. მოსარჩელის განმარტებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით აღნიშნული ტერიტორია დახურულ ქალაქად გამოცხადდა. ამ ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად კი სასაზღვრო ძალებთან კავშირის არ მქონე პირები დახურული სამხედრო ქალაქებიდან გამოსახლებული უნდა ყოფილიყვნენ.
საქართველოს საბინაო კოდექსის მიხედვით კი (მუხლი 112-116) ის პირი, რომელსაც მიეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი, სამსახურთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გამოსახლდება ბინიდან მასთან ერთად მცხოვრებ პირითურთ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად ასევე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილება (III თავი, 14 პუნქტი), რომლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევს დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის პერიოდის გავლის ვადით. მოსარჩელის განმარტებით, ა. ჯ.-ი 1998 წლიდან არ მსახურობს სასაზღვრო ძალებში, მაგრამ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებს დაკავებულ ბინას.
მოპასუხე ა. ჯ.-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 112-116 მუხლების მითითება არის უსაფუძვლო, ვინაიდან ამავე კოდექსის 105 მუხლში ნათქვამია, რომ გადამდგარი ან თადარიგში დათხოვნილი ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები პირები შეიძლება გამოსახლებულ იყვნენ საცხოვრებელი სადგომიდან მხოლოდ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის შემთხვევაში.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ 1987 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში სასაზღვრო ჯარების ნაწილში, 1992 წლიდან 1998 წლამდე ზევადიან სამხედრო სამსახურში მსახურობდა, სადაც დაავადდა ტუბერკულიოზით, რის გამოც მან 1998წ. სექტემბრიდან აღარ გააგრძელა კონტრაქტი სამხედრო სამსახურში, ხოლო მასზე გაცემული სადავო ბინა სამხედრო ნაწილმა დაუტოვა უვადო სარგებლობაში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველოს უფროსმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარში დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია საბინაო ორდერი, რომელსაც დახურულ სამხედრო ქალაქებში გასცემს სამხედრო ნაწილის საბინაო სამსახური, რაც საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის მოთხოვნით ერთადერთი საფუძველია საცხოვრებელ სადგომში შესახლებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სსკ-ს 384-ე, 386-ე მუხლების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამარლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოთა მიერ და საბოლოოდ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ჯ.-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულიყო მოსარჩელის კუთვნილი სამსახურეობრივი ბინიდან, მდებარე ... ხელვაჩაურის რაიონი.
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს დარღვეულ იქნა საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კანონის ნორმები და დავა განიხილა, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობდა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამარლომ ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების 1 პუნქტისა და აღნიშნული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე გაიზიარა სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანების მე-8 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ძალებთან კავშირის არ მქონე პირები გასახლებული უნდა ყოფილიყვნენ დახურული სამხედრო ქალაქებიდან. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ა. ჯ.-ს არ გააჩნია დაკავებული ბინის ორდერი, ან სხვა დოკუმენტი, რითაც დაადასტურებდა, რომ მას ბინა გამოეყო მუდმივი სარგებლობის უფლებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ა. ჯ.-ის მოსაზრება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 105 მუხლის თანახმად არ შეიძლება მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება მათზე სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართის მიცემის გარეშე. ამასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა ა. ჯ.-სა და მოსარჩელეს შორის წარმოიშვა 1999 წლიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურმა მის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ბინები გადასცა საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. ა. ჯ.-მ კონტრაქტის ვადის გასვლის გამო საზღვრის დაცვის ძალებში სამსახურს თავი დაანება 1998წ. სექტემბრიდან, როდესაც უკვე მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, ხოლო საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი ძალადაკარგული ნორმატიული აქტი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. ჯ.-ის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მან სასაზღვრო ძალებში სამსახურს თავი დაანება ტუპერკულიოზით დაავადების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე ის, როგორც ტუპერკულიოზით დაავადებული არ შეიძლება გამოსახლებული იქნეს სადავო ბინიდან. პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ა. ჯ.-მ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილ 2016-ში სამსახურს თავი დაანება კონტრაქტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება ა. ჯ.-მ იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ იმ ფაქტს, რომ ა. ჯ.-ს და მის ოჯახს რუსეთის სასაზღვრო ნაწილ 2016-ის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1997წ. 26 აგვისტოს (ოქმი ¹15) საოქმო გადაწყვეტილებით სოფ. ...-ის სამხედრო დასახლების საცხოვრებელში გამოეყო 3 ოთახიანი სამსახურებრივი ბინა (და არა საუწყებო ბინა). საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება ხდება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად. ბინა რომ იყო სამსახურებრივი დანიშნულების, თავის დროზე იცოდა ა. ჯ.-მ და ის სასაზღვრო ნაწილ 2016-ის ხელმძღვანელობას თხოვდა მისთვის გამოეყოთ სხვა საცხოვრებელი ბინა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანების მე-8 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები გასახლებული უნდა იქნენ დახურული სამხედრო ქალაქებიდან.
1998წ. სექტემბრიდან ა. ჯ.-მ კონტრაქტის ვადის გასვლასთან დაკავშორებით თავი დაანება სასაზღვრო ძალებში სამსახურს. აქედან გამომდინარე, მან დაკარგა უფლება სადავო საცხოვრებელი ფართის ფლობისა, რომელიც არის სასაზღვრო დეპარტამენტის და მიეკუთვნება სამსახურებრივი დანიშნულების ფართს მდებარეობს სამხედრო დასახლებაში, რომელიც გამოცხადებულია დახურულ ქალაქად, მაგრამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მას არ ათავისუფლებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ა. ჯ.-ის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების 1-ლი თავის მე-2 პუნქტისა და მე-3 თავის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ა. ჯ.-ს, რომელიც არ წარმოადგენს არც გენერალს და არც ადმირალს, ბინა გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით დროებითი სარგებლობისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ დროებითი დებულების მე-5 თავის მე-18 და მე-20 პუნქტები ეხება არა სამსახურებრივ, არამედ საუწყებო ბინებს. სამსახურებრივი დანიშნულების ბინის პრივატიზაცია, დროებითი დებულების მე-5 თავის მე-17 პუნქტის თანახმად, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვვევაში, თუ სამსახურებრივი ბინის მიღებიდან და პირის სამხედრო ნაწილში სამსახურიდან გასულია სულ ცოტა 10 წელი. ამასთან ორივე ეს პირობა ერთად უნდა არსებობდეს. ა. ჯ.-ი ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ პირობას, ვინაიდან მან სამხედრო სამსახურში იმსახურა 6 წელი, ხოლო სამსახურებრივი ბინა გადაეცა 1997 წელს, რის გამოც მას სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება არ მოუპოვებია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები და სწორად განმარტა, რომ საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველო კანონიერად ითხოვს სადავო ბინიდან ა. ჯ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებას, ვინაიდან მას უფლება აქვს ფლობდეს თავის ქონებას და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კასატორის მტკიცება, რომ მან სასაზღვრო ძალებში სამსახურს თავი დაანება მისი ტუპერკულიოზით დაავადების გამო და იგი, როგორც ტუპერკულიოზით დაავადებული არ შეიძლება გამოსახლდეს სადავო ბინიდან, უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ ა. ჯ.-მ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილ 2016-ში სამსახურს თავი დაანება კონტრაქტის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება მასზე შეღავათების გავრცელებას სამსახურის პერიოდში მისი ტუპერკულიოზით დაავადების გამო, სასამართლო თვლის, რომ ასეთი შეღავათები მას ეკუთვნის საქართველოს კანონმდებლობით ამ კატეგორიის ავადმყოფობისათვის გათვალისწინებული წესით, რისთვისაც მან უნდა მიმართოს ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ა. ჯ.-ი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.