¹ 3გ-ად-295-კ-02 23 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 მაისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხეების: ი., ნ., შ., ჯ. და მ. უ.-ების მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ მას სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ას სამხედრო დასახლებაში მდებარე ერთსართულიანი სახლი, რომელშიც, მოსარჩელის განმარტებით, სამოთახიანი სამსახურებრივი ბინა უკანონოდ ჰქონდა დაკავებული იაშა უ.-ს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მათ საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდათ.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით აღნიშნული ტერიტორია გამოცხადდა დახურულ ქალაქად. ამ ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად კი სასაზღვრო ძალებთან კავშირის არქმონე პირები დახურული სამხედრო ქალაქებიდან გამოსახლებულ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის მიხედვით (112-ე-116-ე მუხლები) ის პირი, რომელსაც მიეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი, სამსახურთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ უნდა გამოსახლებულიყო ბინიდან მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად ასევე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებაზე (III თავი, მე-14 პუნქტი), რომლის მიხედვით საქართველოს რესპუბულიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევს დროებითი სარგებლობისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის პერიოდის გავლის ვადით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ გაათავისუფლა დაკავებული ბინა და აქედან გამომდინარე, მოპასუხეების ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ფართიდან იძულებით გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოითხოვა.
მოპასუხე ი. უ.-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 112-ე-116-ე მუხლებზე მითითება იყო უსაფუძვლო, ვინაიდან ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად გადამდგარი ან თადარიგში დათხოვნილი ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები პირები შეიძლება გამოსახლებული ყოფილიყვნენ საცხოვრებელი სადგომიდან მხოლოდ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის შემთხვევაში. საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი არ შეიძლება იმ პირთა გამოსახლება სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად, რომლებმაც სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიმცემ საწარმოში იმუშავეს არანაკლებ 10 წლისა.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ იგი 1976 წლიდან 1985 წლამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარების ნაწილში და ამ პერიოდში მიიღო ბინა სარგებლობაში. 1987 წლიდან გადაიყვანეს აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროში, რომელსაც უწყებრივად ექვემდებარებოდა სასაზღვრო ჯარები, სადაც იმსახურა 1992 წლამდე, ხოლო 1992 წელს დაითხოვეს თადარიგში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა ორდერი, რომელსაც დახურულ სამხედრო ქალაქებში გასცემდა სამხედრო ნაწილის საბინაო სამსახური, რაც საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის მოთხოვნით საცხოვრებელ სადგომში შესახლებისათვის ერთადერთი საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, მისი განმარტებით, მოპასუხეს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული აღნიშნული საცხოვრებელი ფართი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლომ დაადგინა, რომ ი. უ.- ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულიყო ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში, სამხედრო დასახლებაში მდებარე, მოსარჩელის სახელზე რიცხული ერთსართულიანი სახლის სამოთახიანი ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებოდა მოსარჩელეს.
ი. უ.-ე არ დაეთანხმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებას და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹603 დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც მიიღეს ბინები ყოფილ სსრკ სამხედრო უწყების საბინაო ფონდიდან და რომლებიც ამჟამად არ მსახურობენ სამხედრო შენაერთში, მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზების განხორციელების უფლება აქვთ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. უ.-ე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულიყო მოსარჩელის კუთვნილი სამსახურებრივი ბინიდან, რომელიც მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ას სამხედრო დასახლებაში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება იაშა უ.-ემ იმავე საფუძვლით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ბინის გამოყოფასა და მასში შესახლებაზე ი. უ.-ეს არ გააჩნია საბჭოთა კავშირის ან შემდგომში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილება ან თანხმობა. შესაბამისად, ი. უ.-ეს არ აქვს სადავო ბინის ორდერი ან ბინის სარგებლობის უფლებით გამოყოფის სხვა რაიმე დოკუმენტი. იგი 1992 წლიდან აღარ მუშაობს სასაზღვრო სამსახურში და არავითარი ურთიერთობა არ გააჩნია სასაზღვრო ჯარებთან.
ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. ამავე ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 105-ე მუხლი, რადგანაც ი. უ.-ემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საზღვრის დაცვის ჯარების შემადგენლობაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების ამოქმედებისას ი. უ.-ე უკვე აღარ მუშაობდა სასაზღვრო ჯარების სამსახურში. აღნიშნული დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრკ სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. უ.-ეს, მას შემდეგ, რაც თავი დაანება სასაზღვრო ჯარებში სამსახურს, მის მიერ დაკავებული სადავო ბინა უნდა ჩაებარებინა სამხედრო უწყებისათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო ბინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სამსახურებრივი დანიშნულების ბინაა და წარმოადგენს მის საკუთრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი., ნ., შ., ჯ., მ. უ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.