Facebook Twitter

3გ-ად-305-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებითა და საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 20 აგვისტოს ¹177 ბრძანების საფუძველზე ნ. ე.-ა და ე. ლ.-ა ჩაბმული იქნენ ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებაში, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანებით შეჩერდა ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება, ამავე საწარმოს გენერალური დირექტორის 2001წ. 27 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე. კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 27 სექტემბრის ¹200 ბრძანებით ს.ს “ე.-ის” შემოწმების ვადა გაგრძელდა 25 კალენდარული დღით _ 25 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე.

საქართველის პრეზიდენტის 2001წ. 31 ოქტომბრის ¹1126 განკარგულებით, ს.ს. “ე.-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა საკონტროლო პაკეტი (51.88%) პირდაპირ მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ საწარმოს სპეციალისტები და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები.

საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 7 სექტემბრის ¹10/2 დადგენილებით მოხდა კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდა კონტროლის პალატის რეგიონული ბიუროები და მის საფუძველზე შეიქმნა კონტრილის პალატის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტები.

2001წ. 19 სექტემბერს ნ.ე.-მ და ე.ლ.-მ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მიუთითეს, რომ ს.ს “ე.-ის” საქმიანობის შემოწმების შეჩერება ზიანს აყენებს მათ კანონიერ ინტერესებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერება დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საწარმოს შემოწმების შეჩერების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კომპლექსური რევიზიის განახლება მათი მონაწილეობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო შემოწმებაში მოწვეული იქნენ ნ.ე.-ა და ე.ლ.-ა მათთვის საინტერესო საკითხების გამოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად; საწარმოს შემოწმების ვადა გაგრძელდა 27 დღით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ე.-მ და ე.ლ.-მ, რომლებმაც განმეორებით მოითხოვეს კონტრილის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2002წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა, კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტისაგან ახალ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ჩატარებაზე მათი მონაწილეობითა და შედეგებზე ერთობლივი აქტის შედგენა; ასევე კონტროლის პალატის ცალკეული პირების თანამდებობიდან დათხოვნა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.ე.-ასა და ე.ლ.-ას სააპელაციო საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება შემოწმების შეჩერების შესახებ. სააპელაციო პალატა დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება იმ მოტივით, რომ ბრძანების დადგენილებითი ნაწილი და საფუძველი ურთიერთგამომრიცხავია. კერძოდ, ბრძანება გამოცემულია 2001წ. 22 აგვისტოს და მასში აღნიშნულია: “ა/წლის 22 აგვისტოდან შეჩერებული უნდა იქნეს ქ. ქუთაისის სს “ე.-ში” მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება, ამავე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივრის გამო”, ხოლო ბრძანების საფუძვლად მითითებულია ს.ს “ე.-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 27 აგვისტოს საჩივარი. 2001წ. 22 აგვისტოს რეგიონუიი ბიუროს უფროსისათვის შეუძლებელია ცნობილი ყოფილიყო 27 აგვისტოს საჩივრის თაობაზე;

2) სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია 2001წ. 22 აგვისტოს ბრძანება გაუქმდა მისი გამომცემი ორგანოს მიერ 2001წ. 19 სექტემბერს, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესების არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს სადავო ადმინისტრაციული აქტი. ვინაიდან მოსარჩელეებს აქვთ ¹178 ბრძანების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ამიტომ იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;

3)სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2001წ. 20 აგვისტოს ბრძანებით გაგრძელდა სს “ე.-ის” შემოწმება და ამ შემოწმებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნ. ე.-სა და ე. ლ.-ს. აღნიშნული ბრძანების საფუძველი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილი არ გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას. ამიტომ 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება ამ თვალსაზრისითაც უკანონოა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ ნ.ე.-ა და ე.ლ.-ა, რომლებიც ითხოვენ ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანით 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობას; კონტროლის პალატის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 31 ოქტომბრის განკარგულების ბათილობაზე სარჩელის აღძვრას, რომლითაც საინიციატივო ჯგუფს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ ს.ს “ე.-ის” აქციათა საკონტროლო პუნქტი; კასატორები ასევე მოითხოვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის თანამდებობებიდან კონტროლის პალატის ზოგიერთი თანამშრომლის გათავისუფლებას.

მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ნ. ე.-სა და ე. ლ.-ს საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ე.-სა და ე.ლ.-ს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გდაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კასატორების _ ნ.ე.-სა და ე.ლ.-ს სააპელციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა კასატორთა სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება სს “ე.-ის” შემოწმების შეჩერების შესახებ. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კასატორთა სასარგებლოდ და დაკმაყოფილდა მათი სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება სსკ-ს 249-ე მუხლის მოთხოვნებს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, მტკიცებულებანი და სასამართლოს მოსაზრებანი, აგრეთვე კანონები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა და საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენითა და სამართლის ნორმათა სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი და იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამიტომ კასატორთა მოტივს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, უსაფუძვლობის გამო;

2. კასატორთა მეორე მოთხოვნას სს “ე.-ის” აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 31 ოქტომბრის ¹1126 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული მოთხოვნა კასატორებს თავიანთ სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში მითითებული არ ჰქონიათ, სსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოებს მათზე არ უმსჯელიათ, ამიტომ საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს მათზე, ვინაიდან ამავე კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად: “დავის საგნის შეცვლა და გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია”;

3. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორთა მოთხოვნას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტებისათვის საქართველოს კონტროლის პალატიდან რიგი პირების დათხოვნის შესახებ, რადგან აღნიშნულ პირებსა და კონტროლის პალატას შორის საჯარო შრომითი ურთიერთობის, როგორც ადმინისტრაციული გარიგების, მოშლა (შეწყვეტა) თავიანთი შეხედულებისამებრ მხარეთა მიერ ხდება, მოქმედი კანონმდებლობის (საჯარო სამსახურისა და კონტროლის პალატის შესახებ კანონების) საფუძველზე და სასამართლო არაუფლებამოსილია თავისი ინიციატივით მოშალოს ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც სადავოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია.

ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ნ.ე.-სა და ე.ლ.-ს საკასაციო საჩივარს. სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ხოლო ნ.ე.-სა და ე.ლ.-ს საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლის, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე.-სა და ე.ლ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.