3გ-ად-317-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 6 დეკემბერს ბ. მ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების მიმართ და “სამხედრო და შინაგან საქმეთაA ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, როგორც სამამულო ომის მონაწილემ და 75 წელს გადაცილებულმა პირმა, სოცუზრუნველყოფის განყოფილებისაგან ერთდროულად ორი სახეობის პენსიისა და პენსიაზე დანამატის დანიშვნა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1995წ. 14 მარტიდან, როგორც ომის მონაწილე, შრომის პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიას – 45 ლარს იღებდა და ზემაღნიშნული კანონის თანახმად, მან მოხუცებულობის პენსიისა და დანამატის (სულ 42 ლარი) მიღებაც მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ბ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონულ განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ მოხუცებულობის (შრომის წელთაAნამსახურობისათვის) ინვალიდობის პენსიასთან ერთად პენსიისა და დანამატის, სულ 42 ლარის დანიშვნა დაევალა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტების სიაში მოსარჩელეც მოიაზრებოდა და მასზე მითითებული კანონის ნორმები უნდა გავრცელებულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაAპალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ფონდის გორის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. მ.-ი 1995წ. 14 მარტიდან, როგორც სამამულო ომის მონაწილე (შრომის I ჯგუფის ინვალიდი) 45 ლარის ოდენობის პენსიას იღებდა, იგი სამამულო ომის პერიოდში სამხედრო ძალებში მსახურობდა რიგით ჯარისკაცად, ომის დამთავრების შემდგომ კი მას სამხედრო ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში არ უმსახურია და არც წელთა ნამსახურების პენსია მიუღია. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ბ. მ.-ს ომის შემდგომ სამხედრო ძალებში არ უმსახურია, არ გააჩნდა ოფიცრის წოდება და არც წელთა ნამსახურობის პენსიას იღებდა, ამდენად, ხსენებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი მასზე ვერ გავრცელდებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება ბ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა, რომ იგი 80 წლის არის, ამასთან, ომის მონაწილე და შრომის I ჯგუფის ინვალიდია (რაც ომის I ჯგუფის ინვალიდობას უთანაბრდება), რის საფუძველზეც 45 ლარის ოდენობის პენსიას იღებს, კასატორის თქმით, იგი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთაA და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს წარმოადგენს და მას ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო ერთდროულად ორი სახეობის პენსიის მიღებისა და დანამატის დანიშვნის უფლება აქვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბესარიონ მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. მ.-ი არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, შრომის პირველი ჯგუფის ინვალიდი (აღნიშნული ომის I ჯგუფის ინვალიდობას უთანაბრდება), ამასთან 75 წელს გადაცილებული პირი (80 წლის), რომელსაც საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოებიდან დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბესარიონ მ.-ი არ არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან მითითებული კანონის ა) და ბ) ქვეპუნქტები კანონის სუბიექტთა ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა, კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან ბ) სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწყვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მითითებული კანონის 1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა ან იმ სამხედრო პირებზე, რომლებსაც ოფიცრის წოდება არ აქვთ, მაგრამ უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდნენ.
საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობილ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის “ა" ქვეპუნტში ჩამოთვლილ პირებზე, კერძოდ, ოფიცრებზე. საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტი, “ა" ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, ეხება იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც, რომლებიც ოფიცრები არ არიან, მაგრამ უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ. საკასაციო პალატა, ზემოთქმულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბესარიონ მ.-ი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არც “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფიცერია და არც “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
მოსარჩელე ბ. მ.-ი არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რის გამოც მასზე არ უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და არ უნდა მიენიჭოს ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობის დანამატით, რადგან, მართალია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადია ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.