Facebook Twitter

3გ-ად-318-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. 1 ნოემბერს ¹... კლინიკურ საავადმყოფოსა და ისნის რაიონის ...-ის განყოფილებას შორის სამი წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება ¹... კლინიკური საავადმყოფოს დაცვის შესახებ, რომლის მიხედვით საავადმყოფომ ივალდებულა ობიექტის დაცვისათვის წელიწადში 19440 ლარის გადახდა. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო კვარტალურად, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის 15 რიცხვისა, ისნის რაიონის ...-ის განყოფილების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. საქმეში არსებული შედარების აქტიდან ირკვევა, რომ საავადმყოფოს 1996წ. 1 ნოემბრისათვის ...-ის პოლიციის მიმართ დავალიანების სახით ერიცხებოდა 14580 ლარი სახსრების უქონლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ¹... კლინიკურმა საავადმყოფომ 1996წ. 5 ნოემბრის წერილით აცნობა ...-ს, რის საფუძველზეც მოხდა საავადმყოფოს დაცვის სისტემიდან გათიშვა.

1996წ. 27 დეკემბერს ¹... კლინიკურ საავადმყოფოსა და ...-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ დაცვის დავალიანების დაფარვის შესახებ. ხელშეკრულებით საავადმყოფომ იკისრა ვალდებულება დავალიანების ფარგლებში უფასო მკურნალობა გაეწია ...-ის სამსახურის მიერ გაგზავნილი პაციენტებისათვის. აღნიშნული ხელშეკრულება, შეუსრულებლობისა და 14580 ლარის დავალიანების გადაუხდელობის გამო, ...-ის 1997წ. 15 დეკემბრის წერილით გაუქმებულად იქნა მიჩნეული.

1998წ. 24 აგვისტოს ისანი-სამგორის რაიონის ...-ის განყოფილებამ სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვდა ¹... კლინიკური საავადმყოფოსათვის სახელშეკრულებო დავალიანების 14580 ლარის დაკისრება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1998წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ...-ის განყოფილების სარჩელი და ¹... კლინიკურ საავადმყოფოს დაეკისრა 14580 ლარის გადახდა ...-ის სასარგებლოდ, რაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 15 აპრილის დადგენილებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

ისანი-სამგორის რაიონის ...-მ დამატებითი სარჩელით მოითხოვა დავალიანების სადავო თანხის 14580 ლარის საავადმყოფოსათვის დაკისრების შემთხვევაში, ლარის კურსის ინფლაციის გათვალისწინება.

ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ¹... კლინიკურ საავადმყოფოს ...-ის განყოფილების სასარგებლოდ დაეკისრა 19099 ლარისა და 80 თეთრის გადახდა. საქმე არაერთგზის იქნა განხილული საოლქო და უზენაესი სასამართლოს მიერ, ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “... კლინიკური საავადმყოფოს” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ...-ის სამმართველოს სარჩელი და თბილისის ¹... კლინიკურ საავადმყოფოს შემდეგი მოტივებით გადასახდელად დაეკისრა 12960 ლარი:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის 1996წ. 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს 1995წ. ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და კლინიკურ საავადმყოფოზე თანხის დაკისრება უნდა მოხდეს 1996წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 12960 ლარის ფარგლებში იმ საფუძვლით, რომ ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ არ შესრულდა მის მიერ ნატურით აღებული ვალდებულება, რომლის ფულად გამოხატულებასაც წარმოადგენს აღნიშნული თანხა. სასამართლომ დარღვეულად არ მიიჩნია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან 1996წ. ხელშეკრულებით მხარეებმა არ განსაზღვრეს ვალდებულების შესრულების დროის ხანგრძლივობა. ...-ის 1997წ. 15 დეკემბრის ¹114/4/1-467 წერილით ¹... კლინიკურ საავადმყოფოს ეცნობა, რომ 1996წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ სრულდებოდა, რის გამოც ...-ა 1996წ. ხელშეკრულებას გაუქმებულად თვლიდა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1997წ. დეკემბრიდან, ვინაიდან ამ წერილიდან შეიტყო მხარემ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის შესახებ, რითაც დაირღვა მისი უფლება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ქ. თბილისის ¹... კლინიკურმა საავადმყოფომ” და შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ისანი-სამგორის რაიონის ...-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ.თბილისის ¹... კლინიკურ საავადმყოფოსა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ...-ის განყოფილებას შორის 1995წ. 1 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ¹... კლინიკური საავადმყოფოს დაცვის შესახებ. ამასთან, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოებაც, რომ იმჟამად მოქმედი სსკ-ს 227-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით აღნიშნული ხელშეკრულება არ არის შეწყვეტილი. 1996წ. 27 დეკემბრის ხელშეკრულებით კი მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები შეიცვალა იმგვარად, რომ ¹... კლინიკური საავადმყოფო ვალდებულებას იღებდა დაცვის ღირებულების საფასურის ანგარიშში გაეწია უფასო სამედიცინო მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ¹... კლინიკური საავადმყოფოსათვის თანხის დაკისრება, რადგან თუ 1995წ. ხელშეკრულება ძალაშია, სარჩელი ხანდაზმულია. სააპელაციო პალატა არასწორად მიუთითებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ...-ის 1997წ. დეკემბრის წერილის გაგზავნიდან. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ ...-ს სასამართლოსათვის უნდა მიემართა სარჩელზე უფლების წარმოშობიდან ერთიწ. განმავლობაში და ამ ვადის მიმდინარეობა ათვლილი უნდა იქნეს 1996წ. 5 ნოემბრიდან, როდესაც ...-ისათვის ცნობილი გახდა ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ ხელშეკრულების ცალმხივად შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ...-ის განყოფილებას სარჩელის აღძვრის უფლება უნდა განეხორციელებინა 1997წ. 5 ნოემბრამდე.

მოწინააღმდეგე მხარის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ...-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ¹... კლინიკური საავადმყოფოს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

1. ქალაქის ¹... კლინიკურ საავადმყოფოსა (ამჟამად კასატორი _ შპს ქ. თბილისის ¹... კლინიკური საავადმყოფო) და ისნის რაიონის ...-ის განყოფილებას (ამჟამად მოწინააღმდეგე მხარე – თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ...-ა) შორის 1995წ. 1 ნოემბერს 3 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება საავადმყოფოს დაცვის შესახებ და ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, კლინიკური საავადმყოფო ვალდებული იყო კვარტალურად გადაეხადა ობიექტის დაცვის საფასური, წელიწადში 19440 ლარი.

2. ფინანსური სიძნელეების გამო, ¹... კლინიკურმა საავადმყოფომ ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, დაცვის ხარჯების დროული გადახდა და 1996წ. 1 ნოემბრისათვის საავადმყოფოს დავალიანებამ ...-ის განყოფილების მიმართ შეადგინა 14580 ლარი.

3. სახელშეკრულებო დავალიანების ანაზღაურების მიზნით, ¹... კლინიკურ საავადმყოფოსა და ...-ის შორის 1996წ. 27 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება “... კლინიკური საავადმყოფოს მიერ დაცვის დავალიანების თანხების დაფარვის შესახებ”, რომლითაც საავადმყოფომ აღიარა დაცვის საფასურის დავალიანება 12960 ლარი, რომლის დაფარვის მიზნითაც საავადმყოფომ ივალდებულა, რომ დავალიანების თანხის ფარგლებში უფასო მკურნალობას გაუწევდა ...-ის სამსახურის მიერ გაგზავნილ პაციენტებს. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით.

4. ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ დავალიანების დასაფარავად დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, 1997წ. 15 დეკემბერს ¹114/4/1-467 წერილით საავადმყოფოს მიმართა ქ.თბილისის ...-ის სამსახურმა და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით შეწყვიტა ¹... კლინიკურ საავადმყოფოსთან 1996წ. 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება დაცვის დავალიანების თანხების დაფარვის შესახებ.

5. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 1996წ. 27 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, 1997წ. 15 დეკემბრის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 1 წლის ვადაში, 1998წ. 25 აგვისტოს თბილისის ისნის რაიონის ...-ის განყოფილებამ სარჩელი აღძრა თბილისის ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღველია იურიდიულად პირებს შორის განისაზღვრებოდა ერთიწ. ვადით. თბილისის ისნის რაიონის ...-ის განყოფილებამ სარჩელი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიან ვადაში შეიტანა 1998წ. 25 აგვისტოს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ...-ის 1997წ. 15 დეკემბრის ¹114/4/1-467 წერილიდან უნდა დაიწყოს, რადგან ამ მომენტიდან შეწყდა მხარეებს შორის განუსაზღვრელი ვადით დადებული 1996წ. 27 დეკემბრის ხელშეკრულება “დაცვის დავალიანების თანხების დაფარვის შესახებ” და ხელშეკრულების კონტრაჰენტმა – ...-მ გადაწყვიტა თავისი ხელყოფილი უფლებების სასამართლო წესით დაცვა და ¹... კლინიკური საავადმყოფოს მიერ აღიარებული სახელშეკრულებო დავალიანების თანხის სასარჩელო წესით ანაზღაურება. ამიტომ კასატორის მოტივს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანის შესახებ საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ¹... კლინიკური საავადმყოფოსათვის ქ.თბილისის ისანი-სამგორის ...-ის სამმართველოს სასარგებლოდ რიცხული დავალიანების – 12960 ლარის დაკისრების შესახებ და მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მართებული გამოყენება-განმარტების შედეგად გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ხოლო ¹... კლინიკურ საავადმყოფოს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “... ¹... კლინიკური საავადმყოფოს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება;

3. შპს “... ¹... კლინიკურ საავადმყოფოს” საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 516 ლარის გადახდა;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.