Facebook Twitter

3გ-ად-319-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: 1990წ. გამოშვების სახელმწიფო მიზნობრივი უპროცენტო სესხის ობლიგაციის განაღდების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 24 ივლისს ე. ბ.-მ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ ჩუღურეთის (ყოფილ ოქტომბრის) რაიონის აღმასკომის 1990წ. 26 აპრილის ¹07.17 გადაწყვეტილებით გამოიყო და მის მიერ შეძენილ იქნა სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაცია ¹..., რომელიც გასცა ამავე რაიონის ¹3523 შემნახველმა ბანკმა.

მოსარჩელის აზრით, მას და სახელმწიფოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სახელმწიფომ იკისრა, დათქმულ ვადაში, ე.ი. 1993წ. განმავლობაში, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ჟიგული “ვაზ-2199” ტიპის ავტომანქანა, ხოლო იგი გადაიხდიდა 9500 მანეთს, მან პირობა შეასრულა, ხოლო სახელმწიფომ დღემდე არ შეასრულა თავისი ვალდებულება.

სახელმწიფოს აღნიშნული სავალო ვალდებულება “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აღიარებულ იქნა სახელმწიფო საშინაო ვალად.

მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ასრულებდა ვალდებულებას, რის მიზეზადაც უსახსრობას ასახელებდა, თუმცა მოსარჩელის აზრით, ვალის დაფარვის ნამდვილ მიზეზს ქვეყანაში არსებული განუკითხაობა წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ბ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 9500 რუსული მანეთის 0,6 აშშ დოლარზე გაანგარიშებით 5800 აშშ დოლარის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლებისათვის 8352 აშშ დოლარის, სულ კი 14152 აშშ დოლარის ეკვივალენტი 27738 ლარის, მის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ ცნო ე. ბ.-ის სარჩელი იმ საფუძვლით, რომ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ახალი საბიუჯეტოწ. დაწყებამდე იღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მტკიცდება სახელმწიფო ვალის სიდიდე. “საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ამ სახის ვალის დაფარვისათვის ასიგნებების გამოყოფას, რის გამოც ე. ბ.-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხის აზრით, გაუგებარი იყო მოსარჩელის მიერ თანხების გაანგარიშება საბჭოთა მანეთების ამერიკულ დოლართან მიმართებაში.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 16101,70 აშშ დოლარისა და 70 ცენტის გადახდა.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში.

სააპელაციო საჩივარში აპელანტმა აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ისე დაეკისრა თანხის გადახდა, რომ არ არსებობდა დაფინანსების წყარო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი 2001წ.ათვის არ ითვალისწინებდა მსგავსი სავალო ვალდებულების გადახდას. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 383-ე მუხლი, რომლის თანახმად ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში.

აპელანტის განმარტებით, მხარეებს შეეძლოთ ფულადი ვალდებულება დაედგინათ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს არ იყო აკრძალული მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნატურით გამოხატულ ვალდებულებას. აპელანტის აზრით, ე. ბ.-ისათვის სავალო ვალდებულების გადახდა შესაძლებელი იქნებოდა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებების დაფარვისათვის გამოყოფილი ასიგნებების შემთხვევაში.

ე. ბ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა დავის საგნის გადიდება და მოპასუხისათვის 78550 ლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ე. ბ.-მ მოხსნა თავის შეგებებულ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნა დავის საგნის გადიდების თაობაზე, მხარი დაუჭირა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ე. ბ.-მ გაასაჩივრა იმავე საფუძვლებით და აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა 1998წ. 5 მარტის კანონი “სახელმწიფო ვალის შესახებ”.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონი, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მიერ სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. ამავე კანონის პირველი მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ, მართალია, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა ყოფილი სსრ კავშირის 1990წ. სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს იგივე მუხლის მე-4 ნაწილით ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 31 მაისის ¹13-02/288/2792 წერილის შესაბამისად “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ვ” პუნქტით სახელმწიფო საშინაო ვალის კატეგორიის მიმართ ვალდებულებების მოცულობა არ არის დაფიქსირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულებების დაფარვის მექანიზმი შემუშავებული არ არის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად ზემოთ აღნიშნული წესის შემუშავება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად დაადგინოს “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით აღიარებული დავალიანებების სახელმწიფოს მიერ დაფარვის წესი, რადგანაც იგი მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.