Facebook Twitter

3გ-ად-323-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის მოთხოვნა: მოპასუხეზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა; მოსარჩელეზე საბინაო ორდერის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 7 მარტს ზ. ქ.-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ვაკის რაიონის გამგეობის და მესამე პირის, თ. ნ.-ის, მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1989წ. 26 აპრილის ¹876 გადაწყვეტილებით მოსარჩელე დამტკიცდა ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში ერთოთახიანი ბინის მშენებლობაზე და მოიხსნა კომუნალური ბინათმშენებლობის აღრიცხვიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი აღნიშნული კოოპერატივის წევრი იყო სარჩელის შეტანის დღემდე. მას ბინის ღირებულება მთლიანად დაფარული ჰქონდა. წინასწარი განაწილებისას წილად ხვდა ბინა ¹44. სახლის მშენებლობა გაჭიანურდა და იგი მხოლოდ 1999წ. დეკემბერში შევიდა ექსპლუატაციაში. მოსარჩელემ ბინის ორდერის მისაღებად მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას, მაგრამ უარი უთხრეს.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ვაკე-საბურთალოს გამგეობისათვის ერთოთახიან ბინაზე ორდერის გამოწერის დავალება და მესამე პირ თ. ნ.-ზე ვაკის რაიონის მიერ გაცემული ორდერის გაუქმება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი.

¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი დაეთანხმა სარჩელს, ხოლო მესამე პირი თ. ნ.-ე სარჩელს არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15360 საბჭოთა მანეთის ეკვივალენტი 7801 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება კი წარმოადგენდა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ... ბინაზე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 1994წ. 29 მარტს თ. ნ.-ზე გაცემული ორდერი. ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა თბილისში, ... ბინაზე ზ. ქ.-ისათვის ორდერის გაცემა კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 მაისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ქ.-მ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სსკ-ს 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის დადასტურებული მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.

კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრებას არასოდეს უმსჯელია ზ. ქ.-ის კოოპერატივიდან გაყვანისა და თ. ნ.-ის კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ. ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარე 1999წ. 8 დეკემბერს გაცემულ ცნობაში აღნიშნავდა, რომ ცნობის გაცემის პერიოდისათვის ზ. ქ.-ი აღნიშნული კოოპერატივის წევრი იყო.

გარდა ამისა, ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარე დ. ს.-ი 2000წ. 13 იანვრის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ კოოპერატივს თ. ნ.-ის კოოპერატივის წევრად მიღების თაობაზე არ უმსჯელია და კოოპერატივის ანგარიშზე თ. ნ.-ის მიერ რაიმე თანხის გადახდის ქვითარი არ შესულა.

მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენილია ვაკის რაიონის გამგეობის 1994წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ნ.-ე გაწევრიანდა დიდ დიღომში მშენებარე ერთოთახიანი ბინის მშენებლობაზე ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც ზ. ქ.-ი გაყვანილია აღნიშნული კოოპერატივის შემადგენლობიდან.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985წ. 30 აგვისტოს ¹573 დადგენილებით დამტკიცებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების 43-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კი კოოპერატივის წევრად მიღებისა და კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვის საკითხს წყვეტს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უმაღლესი ორგანო _ კოოპერატივის წევრთა საერთო კრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ქ.-ი არ შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული კოოპერატივის წევრობიდან გასულად და შესაბამისად არ იზიარებს.

სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 5 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხე ¹630 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელე ზ. ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7801 ლარის გადახდა, გააჩნია პრეიუდიციული ძალა და რომ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, შესრულდებოდა, თუ არა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიერ ის ფორმალური პროცედურა, რაც დაკავშირებულია კოოპერატივის წევრის კოოპერატივის წევრობიდან გასვლასთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი საერთოდ გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო და საქმე უნდა განხილულიყო არსებითად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.