Facebook Twitter

3გ-ად-325-კ-02 27 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ორ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 ივნისს ნ. ნ.-მ თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ქ. თელავის მერიის კოლეგიის 1996წ. 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ორ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ. თელავში ... ¹30 საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹59-ის განთავისუფლებამდე, მოსარჩელის ოჯახზე შეჩერდა ქ. თელავში ... ¹45-ში მდებარე ბინაში ჩასახლების ორდერის გაცემა.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1977წ. 27 ივლისიდან ის თავის ორ ქალიშვილთან ერთად ქ. თელავში, ... ¹30 საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹59 ცხოვრობდა, რასაც 2001წ. 1 მაისის თელავის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორიდან გაცემული ცნობაც ადასტურებდა. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ საცხოვრებელი ფართის სივიწროვის გამო, რასაც მის სართულზე ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახის ჩასახლებაც დაემატა, 1990 წელს ქ. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის მიერ საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მას ...¹45-ში ოროთახიანი ბინა გამოეყო, რომელიც დღესდღეობით დაუმთავრებელი და საცხოვრებლად უვარგისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სკ-ს 155-158-166-ე მუხლებიდან გამომდინარე ქ. თელავის მერიის კოლეგიის 1996წ. 31 მაისის ¹11 გადაწყვეტილების გაუქმება და ორივე ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ერთოთახიანი ბინა არ გაათავისუფლა, მან დაკარგა ქ. თელავში, ... ¹45-ში მდებარე ბინის მფლობელობის უფლება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ნ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.'

აპელანტმა სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, არასწორია, რადგან ქ. თელავის საბინაო-საესპლუატაციო კანტორის ცნობით, 1977 წელს მასსა და საბინაო-საექპსლუატაციო კანტორას შორის დადებული ხელშეკრულებით, ქ. თელავის გამგეობის თავმჯდომარის შეტყობინებით და მეზობელთა ახსნა-განმარტებებით ორივე ბინის მფლობელობა დასტურდება.

აპელანტის აზრით, რაიონულმა სასამართლომ ჯეროვნად არ იმსჯელა ქ. თელავის მერიის კოლეგიის გადაწყვეტილებაზე და არასწორად გამოიყენა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, აპელანტმა ქ. თელავის მერიის კოლეგიის 1996წ. 31 მაისის ¹11 გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. თელავში, ... ¹30-ში და ... ¹45-ში მდებარე ბინების მის საკუთრებად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ნ. ნ.-ის საკუთრების უფლება ¹59-ე ბინაზე, მდებარე ქ. თელავში, ... ¹30-ში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. დ.-ეს ქ. თელავში, ... ¹30-ე საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹59-ში საკუთრების უფლება აქვს მოპოვებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქ. თელავის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის 2001წ. ¹359 ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ. ნ.-ე თავის შვილებთან ერთად 1977წ. 27 ივლისიდან ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. იგივე დასტურდება ქ. თელავის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორასა და ნ. ნ.-ეს შორის არსებული ბინის ქირავვნობის ხელშეკრულებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების L5-ე პუნქტის შესაბამისად ქმნის იმის საფუძველს, რომ ბინა უსასყიდლოდ გადაეცეს ნ. ნ.-ეს, როგორც დამქირავებელს და იგი აღნიშნული ბინის მესაკუთრედ იქნეს აღიარებული.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმეში არსებული მასალების მიხედვით ქ. თელავში, ... ¹45-ში მდებარე ბინის აპელანტის საკუთრებაში გადაცემის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, რასაც იმ დროისათვის ქ. თელავის გამგეობის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ორდერი წარმოადგენდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ნ.-ის მოთხოვნა ქ. თელავის მერიის კოლეგიის 1996წ. 31 მაისის ¹11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია და აღნიშნულის გასაბათილებლად ვერ გამოდგება ის არგუმენტი, რომ ნ. ნ.-ე არის ონკოლოგიური ავადმყოფი და მასზე ვერ გავრცელდება სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადები.'ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აღიარებულ იქნა აპელანტის საკუთრების უფლება ბინაზე, მდებარე თელავში, ... ¹30-ე საცხოვრებელი კორპუსის ბინა 59-ში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ნ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანას. მას მიაჩნია, რომ თელავში, ... ¹45-ში მდებარე ბინა ¹22 მის კანონიერ მფლობელობაში უნდა გადავიდეს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა", “გ" და “დ" ქვეპუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით ბათილად იქნეს ცნობილი თელავის გამგეობის 1996წ. 31 მაისის ¹11 გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ მასზე შეჩერებული იქნეს ორდერის გაცემა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: აპელანტს თელავში, ... ¹30-ე საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹59-ზე მოპოვებული აქვს უსასყიდლო პრივატიზაციის უფლება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ აღიარებულ იქნეს ნ. ნ.-ის უსასყიდლო პრივატიზაციის უფლება თელავში ... ¹30-ე საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹59-ზე. ამასთან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების V პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება ქმნის იმის საფუძველს, რომ ბინა უსასყიდლოდ გადაეცეს ნ. ნ.-ეს, როგორც დამქირავებელს და იგი აღიარებულ იქნეს აღნიშნული ბინის მესაკუთრედ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ არსებობს თელავში ... ¹45-ში მდებარე ბინის კასატორის სარგებლობაში გადაცემის იურიდიული საფუძველი, რასაც იმ დრიოსათვის გამგეობის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ორდერი წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია 1990 წელს ქ. თელავის რაიაღმასკომის მიერ საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ნათელა ნ.-ეს ქ. თელავში ... ¹45-ში მდებარე ოროთახიანი ბინა გამოუყო, მაგრამ იმ პირობით, რომ პირებზე, რომლებიც კომუნალური ფონდის ბინებს ფლობდნენ და საბინაო პირობების გაუმჯობესების ითხოვდნენ არ გაიცა ორდერები დაკავებული ბინის განთავისუფლებამდე იმ მოტივით, რომ გამონთავისუფლებულ ბინას გადასცემდნენ რიგითობით სიაში მყოფ პირებზე. ამას ადასტურებს ქ. თელავიას გამგეობის თავჯდომარე. ამდენად, ვინაიდან კასატორმა ქალაქ თელავში, ... ¹30-ე საცხოვრებელი კორპუსის ბინა ¹ 59-I არ გაანთავისუფლა, ქ. თელავის მერიის კოლეგიის 1996წ. 31 მაისის ¹11 გადაწყვეტილებით კასატორის ოჯახზე ქ. თელავში ... ¹45-ში მდებარე ბინაში ჩასახლების ორდერის გაცემა შეჩერდა დაკავებული ბინის განთავისუფლებამდე.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ს 132-ე მუხლში მითითებულია ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლები. კერძოდ, ამ მუხლის თანახმად “ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში; დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”. ამდენად, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ავადმყოფობის გამო ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას და კასატორის მიერ წამოყენებული არგუმენტი, რომ ის არის ონკოლოგიური ავადმყოფი და მასზე ვერ გავრცელდება სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოულიცო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს პირველი, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.