Facebook Twitter

¹ 3გ-ად-326-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 13 აპრილს ნ.ც.-მ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და სსკ-ს 312-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის სახით, მოითხოვა ქ.თბილისში, დელისის ქუჩის დასაწყისში მდებარე 500 კვ.მ მიწის ფართზე მფლობელობის ფაქტის დადგენა. ნ.ც.-ის განმარტებით, იგი 20 წლის განმავლობაში ფლობს აღნიშნულ ფართს, მაგრამ თბილისის მთავარი არქიტექტორი და მიწის მართვის დეპარტამენტი უარს ეუბნებიან მის საკუთრებაში გადაცემაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ც.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგენილად ჩაითვალა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ.ც.-ი 20 წლის განმავლობაში ფლობს და სარგებლობს 500 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს დელისის ქუჩის დასაწყისში. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2001წ. 1 ნოემბერს ვაკე-საბრთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რომელმაც სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სამედიცინო უნივერსიტეტმა აღნიშნა, რომ ნ.ც.-ისათვის გადაცემული სადავო მიწის ნაკვეთი თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1967წ. 4 ივნისის ¹47 გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 26 ოქტომბრის ¹19.34.457 დადგენილებით დაუმაგრდა სამედიცინო უნივერსიტეტს, რის საფუძველზეც შექმნილია საკადასტრო რუკა. აქედან გამომდინარე სამედიცინო უნივერსიტეტი მოცემულ საქმეში წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და რაიონული სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის საკითხის განხილვისას ვალდებული იყო იგი გამოეძახებინა, რაც მას არ გაუკეთებია და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2001წ. ოქტომბერში.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება მიჩნეული იქნა დასაშვებად, ხოლო ამავე სასამართლოს 2002წ. 18 მარტის განჩინებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უარი ეთქვა 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება:

1. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რაიონულ სასამართლოს არ ჰქონდა უდავო წარმოების წესით მიწის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენის უფლება, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთის აღდგენის შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მეორე არგუმენტი იმის შესახებ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹19.34.457 დადგენილებით, სამედიცინო უნივერსიტეტს დაუმაგრდა 7,5 ჰა მიწის ნაკვეთი არა სადავო ტერიტორიაზე, არამედ სხვაგან – ...-ის ქ. ¹7-ში. დადგენილებით ცალსახად არ არის განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საზღვრები და იგი შემდგომში ვერც საკადასტრო რუკით იქნა დადგენილი, რადგან დადგენილების ტექსტში სამედიცინო უნივერსიტეტისათვის დამაგრებულ მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 7,5 ჰა, ხოლო საკადასტრო რუკაზე მითითებულია 80935 კვ.მ;

2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილად იქნება ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იქნა მოწვეული საქმის განხილვაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტიდან გამომდინარე, სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც დაინტერესებული მხარე მოწვეული იქნებოდა საქმის განილვაში მხოლოდ მაშინ, თუ განსახილველი საკითხი დაკავშირებული იქნებოდა მისი უფლების შეზღუდვასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

3. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” პუნქტების მიხედვით მიწის ნაკვეთების მართვა, ასევე მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა თბილისის მმართველობითი ორგანოს კომპეტენციაა. ამიტომ განსახილველ საქმეში, სააპელაციო პალატის აზრით, დაინტერესებულ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მმართველობის ორგანო და არა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც ვერ წარმოადგინა სადავო ნაკვეთის მასზე დამაგრების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას:

1. კასატორს მიაჩნია, რომ სსკ-ს 312-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ნ.ც.-ისათვის დაედგინა მიწის ნაკვეთით სარგებლობს ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ასეთი სახის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შესაძლებლობა და თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ფაქტების დადგენის სხვა წესს;

2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, თითქოს იგი არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს. სადავო ნაკვეთი ჯერ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1967წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 26 ოქტომბრის ¹19.34.457 დადგენილებით დამაგრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტს, იგი მოცემულ საქმეში წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და კანონიერ ძალაში შესულმა 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა მის უფლება-მოვალეობებზე. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან იგი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14, სსკ-ს მე-11, 79-ე მუხლების საფუძველზე სასამართლოს უფლება არ ჰქონდა საქმე განეხილა მისი მონაწილეობის გარეშე;

3. სამედიცინო უნივერსიტეტის განმარტებით, მართალია, “საქართველს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” პუნქტებით მიწის ნაკვეთების მართვა, ასევე მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა თბილისის მმართველობის ორგანოს კომპეტენციაა, მაგრამ ეს არ უსპობს მას უფლებას იდავოს დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი და განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინება, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, განახლდეს საქმის წარმოება და განსახილველად დაუბრუნდეს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. ც.-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და დაადგინა თბილისში, დელისის ქუჩის დასაწყისში მდებარე ტერიტორიაზე, განმცხადებლის მიერ დაახლოებით 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის 20წ. მანძილზე ფლობის ფაქტი. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიმართა და მიწის ნაკვეთზე პრეტენზია განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, რომელსაც თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1967წ. 4 ივნისის ¹47 გადაწყვეტილებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 26 ოქტომბრის ¹19.34.457 დადგენილებით, მიმდებარე ტერიტორიაზე _ ...-ის ქ. ¹7-ში დაუმაგრდა დაახლოებით 7,5 ჰა მიწის ნაკვეთი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელია და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენით შეილახა მისი უფლება. უნივერსიტეტი ნ. ც.-თან სამეზობლო სამართალურთიერთობის სუბიექტია, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს ნ. ც.-თან შედავების პროცესუალური უფლება (რომლის საფუძვლიანობაც შემდგომ უნდა გადაწყდეს) და რადგან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ უკვე კანონიერ ძალაშია შესული, უნივერსიტეტი ასევე უნდა ჩაითვალოს სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირად; მისი განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დასაშვებია და უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ს 311-315-ე მუხლები და 422-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ და საქმე სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსახილველად დაუბრუნდეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა სახელმწიფო სამედეცინო უნივერსიტეტის მოსაზრებას სსკ-ს უხეში დარღვევით, უდავო წარმოების წესით ნ. ც.-ისათვის მიწის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენის შესახებ, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და მიუთითებს რაიონულ სასამართლოს, აღნიშნული საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით (საქმე ¹ 3გ/ად-204-კ-02).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინება;

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება, განახლდეს საქმის წარმოება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.