3გ-ად-363-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 დეკემბერს დ. დ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2001წ. 30 იანვარს მან მონაწილეობა მიიღო მოპასუხის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და 1150 აშშ დოლარად შეიძინა მთაწმინდის რაიონში, ... მდებარე 55 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მის მიერ ობიექტის საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ მოპასუხესთან გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 2001წ. 15 მაისს მის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
2001წ. 30 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში შევიდა შს სამინისტროს ¹9/1-953 წერილი და წარდგენილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს ¹16.15.359 დადგენილება ქ. თბილისში, ... მდებარე, არასაცხოვრებელი ფართის შს სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ, რის საფუძველზც მოპასუხემ 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანებით ბათილად ცნო სადავო ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებული ყველა აქტი.
მოსარჩელეს 2001წ. 3 ოქტომბრის ბრძანება უსაფუძვლოდ მიაჩნია და მის ბათილად ცნობას ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1 ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ამ ბრძანების მომზადებისას და გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მოპასუხემ ბრძანება გამოსცა მისთვის შეტყობინებისა და მისი მონაწილეობის გარეშე. ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება ბათილად ცნობილი აქტები, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული ბათილად ცნობილი აქტების მომზადებისა თუ გამოცემის დროს, ან პირადად მან, როგორც მყიდველმა, რომელი კანონის მოთხოვნები დაარღვია. მოპასუხემ არ გაარკვია ზემოაღნიშნული საკითხები, ისე გამოსცა სადავო ბრძანება, რითაც უკანონოდ შელახა მისი, როგორც მესაკუთრის, კანონიერი უფლებები და ინტერესები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმის სასამართლოში განხილვისას განმარტა, რომ პრივატიზაციის პროცესში მისთვის უცნობი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს დადგენილება სადავო ფართის შს სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად შს სამინისტროს მიერ ამ დადგენილების წარმოდგენის შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი სადავო ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებული ყველა აქტი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანება.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პირმა _ საქართველოს შს სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. შს სამინისტროს წარმომადგენელმა ზ. ა.-მ სააპელაციო საჩივრით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება და მისი ხელახლა განხილვა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ დ. დ.-მა სადავო ფართი შეიძინა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონისა და “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების შესაბამისად.
პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა მოპასუხის 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანებაში პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოყვანილი ის გარემოება, რომ მისი მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ობიექტის პრივატიზებამდე მოსარჩელისა და მოპასუხისათვის უცნობი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს დადგენილების არსებობის შესახებ. სააპელაციო პალატას უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მაგრამ სკ-ს 330-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტმა გონივრულ ვადაში არ მიიღო მიწვევა ხელშეკრულების დასადებად. უფრო მეტიც, როგორც დაინტერესებულ პირს მას უნდა მიემართა მოპასუხისათვის ხელშეკრულების დადების მოთხოვნით. ვინაიდან აპელანტს სამიწ. მანძილზე არავისთვის მიუმართავს მსგავსი მოთხოვნით, ივარაუდება, რომ მან დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი და უარი თქვა მასზე.
მარტო ის ფაქტი, რომ არსებობს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება, არ ნიშნავს სადავო ფართის უზუფრუქტით გადაცემას, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულებისა და სკ-ს 242-ე და 183-ე მუხლების შესაბამისად მხარეებს შორის არ გაფორმებულა სათანადო ხელშეკრულება და არ არის დაცული ამ სახით გარიგების ნამდვილობისათვის კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები, კერძოდ გარიგების დამოწმება სანოტარო წესით და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა რომ სადავო ობიექტის პრივატიზება ჩატარდა კანონიერად, ხოლო მოპასუხის 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანება უსაფუძვლო და უკანონოა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ შს სამინისტრო საქმეში მესამე პირად არ იყო ჩართული და რომ სასამართლომ საქმე განიხილა შს სამინისტროს წარმომადგენლის გარეშე, ვინაიდან შს სამინისტრო მესამე პირად საქმეში ჩაბმული იყო სასარჩელო განცხადებით და ეს სარჩელი წარმოებაში იყო მიღებული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის განჩინებით, 2001წ. 12 დეკემბერს კი სარჩელი თანდართული მასალებით და სასამართლოს განჩინება გაეგზავნა შს სამინისტროს და ამ მასალის მიღებაზე ხელს აწერს შს სამინისტროს პასუხისმგებელი პირი, ხოლო შს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად მისი განმეორებით არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც უწყება სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზ. ა.-ემ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვისას თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა გიორგი გადაბაძემ ცნო დალი დ.-ის სარჩელი და მიუთითა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა თავად ეცნო ბათილად პრივატიზების ხელშეკრულება და პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. დ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის განხილვისას გასცდა დავის საგანს და იმსჯელა დ. დ.-ის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე 55 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერებაზე, მაშინ, როცა დავის საგანს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. აღნიშნული ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე 2001წ. 30 იანვრის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც გამარჯვებულად დ. დ.-ი გამოვლინდა; 2001წ. 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი, დ. დ.-სა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 2001წ. 21 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და 2001წ. 15 მაისს დ. დ.-ზე გაცემული სადავო 55 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/1388-კ. ამდენად, აღნიშნული ბრძანებით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სადავო არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება ჩამოართვა დალი დ.-ს, რომელსაც ეს უფლება საჯარო რეესტრში ჰქონდა რეგიტსრირებული.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ამ ბრძანების გამოცემისას უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა თუ არა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო და კანონის შესაბამისად იქნა თუ არა აღნიშნული ბრძანება მიღებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავებს წყვეტს სასამართლო. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად კი საკუთრების უფლების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს მიერ ხორციელდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო არ იყო უფლებამოსილი მიეღო 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანება და საკუთრების უფლება ჩამოერთმია მოსარჩელისათვის. პრივატიზაციის შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სამმართველოს დ. დ.-თან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია კანონის შესაბამისად იყო მის მიერ განხორციელებული.
საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დ. დ.-ზე განხორციელებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია სადავოდ არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუხდია. მართალია, საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად მოიხსენიებს, მაგრამ საქმის მასალებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროცესო კანონით დადგენილი წესით წარდგენილი დამოუკიდებელი სარჩელი არ მოიპოვება და არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოს იგი არ განუხილვას. შესაბამისად, მასზე ვერც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დალი დ.-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანება, როგორც უფლებამოსილების გადამეტებით და კანონის დარღვევით მიღებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. დ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001წ. 3 ოქტომბრის ¹3/301 ბრძანება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.