3გ-ად-429კ-02 18 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 6 თებერვალს კასატორმა გ.ს.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართ და მოითხოვა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მისი დათხოვნის შესახებ ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2002წ. 21 იანვრის ¹2 ბრძანების გაუქმება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. პოლიციაში მუშაობის პერიოდში დისციპლინური სასჯელი არ მიუღია, მისი გათავისუფლების ბრძანებაში აღწერილი მოვლენები არ შეესაბამება სინამდვილეს, მას არ დაურღვევია კანონი მოქალაქე ვ.-ს მე-7 ქვეგანყოფილებიდან გათავისუფლების დროს, რადგან მას არავითარი შეხება არ ჰქონია ამ პიროვნებასთან. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2002წ. 31 იანვრის ¹2 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც გ. ს.-მ საპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატაში, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატამ 2002წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნები. გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გადაწყვეტილების მიღებისას ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა არცერთი კანონი და არ მიუთითა არცერთ ნორმატიულ აქტზე, რომლის საფუძველზეც უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაირღვა სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლის მოთხოვნები, ამიტომ ამავე კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა;
2. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ ის არ იქნა გაზიარებული, რადგან საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 22 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 8 საათზე პოლიციის მე-7 ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა სამორიგეო ნაწილში წარადგინეს 3 პიროვნება, ამათგან ორი წაიყვანეს ნარკოლოგიურ დისპანსერში შესამოწმებლად, ხოლო მესამე პიროვნება _ გ. ვ.-ა დატოვეს სამორიგეო ოთახში. 10 წუთის შემდეგ სამორიგეოში შევიდა უზრუნველყოფის ქვეგანაყოფის რიგითი პოლიციელი, მოსარჩელე გ. ს.-ე და გაესაუბრა გ. ვ.-ას. საუბრისას გაარკვია, რომ გ. ვ.-ს პოლიციაში წარდგენაზე არ იყო შემდგარი სათანადო ოქმი და ამ საფუძვლით თვითნებურად გაუშვა იგი სახლში. მართალია, აპელანტი უარყოფს თვითნებურად გაშვების ფაქტს, მაგრამ იგი დასტურდება საქმეში არსებული მისივე ახსნა-განმატებითა და მტკიცებულებით.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი თვითნებური საქციელი წარმოადგენს დისციპლინის უხეშ დარღვევას, რაც “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს. აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოქ. გ. ვ.-ს პოლიციაში წარმოდგენაზე არ იყო შედგენილი სათანადო ოქმი და ამიტომ არ შეიძლება იგი თვითნებურად გაშვებაში ჩაეთვალოს, უსაფუძვლოა, რადგან გ. ს.-ს არ ჰქონდა ასეთი უფლება და იმის გამო, რომ მოქალაქის წარმოდგენაზე არ შეადგინეს სათანადო ოქმი, პოლიციის თანამშრომლები დაისაჯნენ დისციპლინური წესით. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ შეიძლებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება ამ დისციპლინური დარღვევისათვის, რადგანაც მას ადრე არ ჰქონია დისციპლინური სასჯელი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზემოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.
გ. ს.-მ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მოხსენებულია დამატებით საკასაციო პრეტენზიაში.
2. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კანონი “პოლიციის შესახებ” 24-ე, მე-9, მე-5 მუხლები; “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” მე-4; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების მე-2, 25-ე, 28-ე მუხლები. ასევე სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “Bბ” პუნქტების თანახმად, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.
დამატებით საკასაციო საჩივარში გ. ს.-ე აღნიშნავს, რომ საპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. “საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წლის 22 დეკემბერს სამორიგეო ნაწილში წარადგინეს სამი პიროვნება”, რასაც ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს იყო ყოვლად არაკანონიერი, თვითნებური და არამართლზომიერი შეზღუდვა ამ სამი მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა.
2. “ხოლო მესამე პიროვნება გ. ვ.-ა დატოვეს სამორიგეო ოთახში”. გ. ვ.-ა არ იმყოფებოდა სამორიგეო ოთახში, ვინაიდან მორიგის თანაშემწე ვ. თ.-მ კატეგორიული უარი განაცხადა სამორიგეო ოთახში მის შეშვებაზე.
3. კასატორის აზრით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციაში მოქალაქე გ. ვ.-ს წარდგენის შესახებ დასკვნის გაკეთებამდე, სააპელაციო სასამართლო უნდა გასცნობოდა მოპასუხის წარმომადგენელ, პოლიციის მე-7 ქვეგანყოფილების უფროსის განცხადებას, რომ ვ.-ზე ინფორმაციის წარმოდგენა ჟურნალში გატარებული არ იყო. ჟურნალს კი ვერ წარმოვადგენთო. დამატებით საკასაციო პრეტენზიაში კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა დადგენილი მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, რომლის დადგენა-გათვალისწინებაც მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
მოწინააღმდეგე მხარის, ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლის არაერთი მოწვევის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოში წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ამიტომ გ.ს.-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრისა და დამატებითი საკასაციო პრეტენზიის შესწავლის, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გრემოებათა გამო:
1. კასატორი გ.ს.-ე ითხოვდა სამასახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2002წ. 21 იანვრის ¹2 და 31 იანვრის ¹2-პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და მას არც “პოლიციის შესახებ” კანონი და არც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება არ დაურღვევია მე-7 ქვეგანყოფილებაში წარმოდგენილი მოქალაქე გ.ვ.-ს გათავისუფლებით, რასაც ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო პალატა, რადგან გ.ს.-ის სამსახურიდან დათხოვის შესახებ ქ.ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2002წ. 21 იანვრის ¹2 ბრძანებისა და მოპასუხე _ ქ.ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს წერილობითი განმარტების მიხედვით აღიარებულია, რომ 2001წ. 22 დეკემბერს, საღამოს 8 საათისათვის პოლიციის მე-7 ქვეგანყოფილებაში მოქალაქე გ.ვ.-ს წარდგენის თაობაზე სამძებრო ჯგუფის მუშაკებს არავითარი დოკუმენტი არ შეუდგენიათ და არც სარეგისტრაციო ჟურნალში გაუტარებიათ იგი, რითაც საკასაციო პალატის აზრით, პოლიციის ქვეგანყოფილების მუშაკების მიერ უხეშად დაირღვა:
ა) “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, სამართალდამრღვევი პირის პოლიციაში წარდგენაზე სათანადო ოქმის დაუყონებლივ შედგენის თაობაზე;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანის შემდეგ, დაკავების ოქმის დაუყონებლივ შედგენის შესახებ.
2. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში კასატორი გ.ს.- მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები და მცდარი შეფასება მისცა მტკიცებულებებს. კერძოდ, არ გაითვალისწინა პოლიციის მე-7 ქვეგანყოფილების წარმომადგენლის მიერ მიცემული განმატება, რომ გ.ვ.-ზე ოპერატიული ინფორმაციის წარმოდგენა გატარებული არ იყო ჟურნალში. კასატორის აზრით, გ.ვ.-სა და ორი პიროვნების პოლიციაში სათანადო წესით წარდგენას ადგილი არც ჰქონია. ეს იყო მოქალაქის თავისუფლების თვითნებური, უკანონო შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, საქმის ხელახლა არსებითად განხილვის დროს სათანადოდ შეისწავლოს და გამოიკვლიოს შემდეგი გარემოება: გ.ს.-ის მიერ გათავისუფლებული გ.ვ.-სა და ორი პიროვნების (რომელთა ვინაობა სასამართლოსათვის უცნობია და არც გ.ს.-ის სამასახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანებაშია მითითებული) პოლიციის მიერ დაკავება განხორციელდა თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის პირობებში, თუ მართლაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა უკანონო დაკავებას და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, როგორც საკასაციო პრეტენზიაშია მითითებული. ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს საზოგადოებრივად საშიში რომელი ქმედების ჩადენისათვის იყვნენ ეს პიროვნებები დაკავებულნი, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა ამ დაკავება-წარდგენას და იყვნენ თუ არა ისინი საბოლოოდ რაიმეში მხილებულნი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევა-დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს გ.ს.-ის სამსახურიდან დათხოვის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისთვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, მოქალაქის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სათანადო წესის დაცვით, რომლის დარღვევაც ისჯება კანონით. ამასთან, პიროვნების თავისუფლების ხელშეუვალობა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით აღიარებული ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებათაგანია. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, საჭიროა გაირკვეს მოსარჩელე გ.ს.-ის მიერ გათავისუფლებული გ.ვ.-ს დაკავება-წარდგენა განხორციელდა თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და “პოლიციის შესახებ” კანონის შესაბამისად.
ამდენად, მართალია, “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა პოლიციელის სამსახურიდან დათხოვის საფუძველია, მაგრამ გ.ს.-ის სამსახურიდან დათხოვის კანონიერების გადასაწყვეტად საკასაციო პალატას საჭიროდ მიაჩნია საქმის ხელახლა განხილვისას ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-დადგენა, ამიტომ ამ ეტაპზე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა, საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.