3გ-ად-432-კ-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 8 მაისს დ.კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 1996წ. 12 ოქტომბერს გაწვეული იქნა საქართველოს შინაგან ჯარებში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად. 1998წ. 24 ოქტომბერს სამხედრო მოვალეობის მოსახდელად იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფ. ...-ში. ამ დღეს ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, ე.უ.-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მოსარჩელის მითითებით, 1998წ. 25 ოქტომბრიდან 1999წ. 4 იანვრამდე, შემდეგ კი 1999წ. 23 თებერვლიდან 1999წ. 2 მარტამდე მკურნალობას გადიოდა შინაგანი ჯარების ჰოსპიტალში, ხოლო 1999წ. 2 მარტიდან იმყოფება ამბულატორულ მკურნალობაზე. საქმეში არსებული ცნობის მიხედვით, დ.კ.-ს დადგენილი აქვს მესამე ჯგუფის ინვალიდობა და 2000წ. 21 დეკემბრიდან უვადოდ იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სკ-ს 408-ე, 412-ე, 413-ე, 464-465-ე, 992-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე, შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოსაგან მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მკურნალობის ხარჯების _ 3997,87 ლარის, 1998წ. 24 ოქტომბრიდან ყოველთვიური სარჩოს _ 50 ლარის დაკისრება, ასევე 1998წ. 24 ოქტომბრიდან 2000წ. 21 დეკემბრის პერიოდში მიუღებელი სარჩოს 1300 ლარისა და არაქონებრივი ზიანის 10000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მკურნალობის ხარჯების 3997,87 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ყოველთვიური სარჩოს 50 ლარისა და არაქონებრივი ზიანის 10000 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს დ.კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯების 3997,87 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1998წ. 24 ოქტომბრიდან თვეში 50 ლარის ოდენობით; არაქონებრივი ზიანის 10000 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; მკურნალობის ხარჯების 3997,87 ლარისა და 1998წ. 24 ოქტომბრიდან 2000წ. 21 დეკემბრამდე მიუღებელი სარჩოს 1300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგანი ჯარების მთავარმა სამმართველომ ყოველთვიური სარჩოს 50 ლარისა და მიუღებელი სარჩოს 1300 ლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტმა მიუთითა, რომ დ.კ.-ს უკვე დანიშნული აქვს მესამე ჯგუფის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით, რის გამოც აღარ არსებობს პენსიის ხელმეორედ დანიშვნის საფუძველი.
მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეაჩერა დ.კ.-ისათვის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი 1300 ლარის დაუყოვნებლივ გადახდის აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; დ.კ.-ს უარი ეთქვა შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოსათვის ყოველთვიური სარჩოს 50 ლარისა და მიუღებელი სარჩოს 1300 ლარის დაკისრების ნაწილში; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1) სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ სკ-ს 408-ე, 997-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე არასწორად დააკისრა შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს დ.კ.-ის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს სახით 1300 ლარის ანაზღაურება. სკ-ს 997-ე მუხლით განსაზღვრულია პირის ვალდებულება აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, თავისი შრომითი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო 1005-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ვინაიდან ზიანის მიმყენებელი ე.უ.-ე არ წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფება შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსთან, ამიტომ, სააპელაციო პალატის აზრით, მის მიერ თუნდაც გაუფრთხილებელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ შეიძლება დაეკისროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს, როგორც სახელმწიფოს;
2) სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ.კ.-მ ე.უ.-ის გაუფრთხილებელი მოქმედებით მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის გამოც მას დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი, სამხედრო ტრავმით, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს 2000წ. 21 დეკემბრიდან უვადოდ დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით და ამდენად, არ არსებობს დ.კ.-ისათვის ყოველთვიური სარჩოს სახით 50 ლარის პენსიის დანიშვნის საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ.კ.-ს შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ე.უ.-ისაგან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე დ.კ.-ი, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოსათვის ყოველთვიური სარჩოს 50 ლარისა და მიუღებელი სარჩოს 1300 ლარის დაკისრებას:
1) კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ე.უ.-ე არ წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსთან და ამიტომ სამმართველოს არ შეიძლება დაკისრებოდა ე.უ.-ის მიერ თუნდაც გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. კასატორი ეყრდნობა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლს, რომლის თანახმად სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო სამსახურს. კასატორის განმარტებით 1998წ. 24 ოქტომბერს ე.უ.-ე იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და გააჩნდა სახელმწიფო მოსამსახურის სტატუსი. სკ-ს 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობდა, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ვინაიდან ე.უ.-ემ დაარღვია ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების დადგენილი წესი, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო დ.კ.-მა, ამიტომ შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო ვალდებულია აანაზღაუროს მისი მოსამსახურის ქმედებით გამოწვეული ზიანი;
2) კასატორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დ.კ.-ს შეუძლია სარჩელი აღძრას ე.უ.-ის მიმართ. დ.კ.-ი აღნიშნავს, რომ სკ-ს 1005-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისას მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად აგებს პასუხს, ხოლო ამავე კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.
კასატორმა დ.კ.-მ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა თავისი მოთხოვნა, მოწინააღმდეგე მხარისათვის ყოველთვიურად 50 ლარის დაკისრების ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის მიყენებიდან პენსიის დანიშვნამდე მიუღებელი სარჩოს სახით 1300 ლარის ანაზღაურება, რომელიც მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაციისათვის.
მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დ.კ.-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, კასატორს 2000წ. დეკემბრიდან უვადოდ დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით და ამდენად, მისი მოთხოვნა ყოველთვიურად სარჩოს სახით 50 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან სამართლებრივად ეს იქნება მეორე პენსიის დანიშვნა, რასაც არცერთი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.კ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ.კ.-ის დაზუსტებული (შემცირებული) მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი დ.კ.-ი 1996წ. 12 ოქტომბერს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, კერძოდ საქართველოს შსს შინაგან ჯარში და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1998წ. 24 ოქტომბერს, სამხედრო მოსამსახურის ე.უ.-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად მიიღო სხეულის ნაკლებ მძიმე ხარისხის დაზიანება. კასატორ დ.კ.-ს დაუდგინდა სამხედრო ტრავმით ინვალიდობის III ჯგუფი და 2000წ. 21 დეკემბრიდან უვადოდ დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით.
2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს დ.კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯები 3997 ლარი, 87 თეთრი, რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაშია შესული.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა დ.კ.-ის მოთხოვნა და მოპასუხე შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1998წ. 24 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 50 ლარის სარჩოს გადახდა და 1300 ლარი – მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ და თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა დ.კ.-ის სარჩელი საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსათვის ყოველთვიური სარჩოს _ 50 ლარის და მიუღებელი სარჩოს – 1300 ლარის დაკისრების შესახებ, რაც, თავის მხრივ, საკასაციო წესით გასაჩივრდა დ.კ.-ის მიერ.
დ.კ.-მ საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს დააზუსტა თავისი მოთხოვნა, 1998წ. 24 ოქტომბრიდან შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოსათვის 50 ლარის სარჩოს დაკისრების ნაწილში შეამცირა საკასაციო საჩივარი და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის მიყენების მომენტიდან – 1998წ. 24 ოქტომბრიდან პენსიის დანიშვნამდე _ 2000წ. დეკემბრამდე მიუღებელი სარჩოს სახით თვეში 50 ლარის, სულ 1300 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში ანუ მიუღებელი სარჩოს სახით 1300 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 997-ე და 1005-ე მუხლის საფუძველზე უარი უთხრა კასატორ დ.კ.-ს 1300 ლარის მიუღებელი სარჩოს დაკისრების თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ ზიანის მიმყენებელი ე.უ.-ე არ წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს, იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსთან და ამიტომ სამმართველოს მიმართ დ.კ.-ის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეზე თანდართული საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს მოკვლევის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 1998წ. 24 ოქტომბერს ¹2052 სამხედრო ნაწილის რიგით ჯარისკაცს დ.კ.-ს ავტომატური იარაღით სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე ნაწილის რიგითმა ჯარისკაცმა ე.უ.-ემ და ამდენად, დაზარალებული დ.კ.-ი და ზიანის მიმყენებელი ე.უ.-ე ორივე სამხედრო ნაწილის რიგითი ჯარისკაცები იყვნენ. “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: “სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო”. ამდენად, ზიანის მიმყენებელი, რიგითი ჯარისკაცი ე.უ.-ე სამხედრო ვალდებულების მოხდისას და შესაბამისად, ზიანის მიყენების მომენტისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო მოსამსახურე იყო და ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული სარჩოს დაკისრებაზე იმ მოტივით უარის თქმის შესახებ, რომ ზიანის მიმყენებელი ე.უ.-ე არ წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს, უმართებულოა და გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე უსწორო გადაწყვეტილების გამოტანა.
4. როგორც ზემოთ აღინიშნა, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ე.უ.-ე და დაზარალებული (კასატორი) დ.კ.-ი წარმოადგენდნენ სამხედრო მოსამსახურეებს. საქმის მიხედვით უტყუარად დადგენილია, რომ 1998წ. 24 ოქტომბერს დ.კ.-მა სხეულის დაზიანება მიიღო სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, იგი არის მე-3 ჯგუფის ინვალიდი და 2000წ. დეკემბრიდან სამხედრო ტრავმის გამო დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. კასატორი დაზუსტებული (შემცირებული) საკასაციო საჩივრით ითხოვს სხეულის დაზიანებიდან _ 1998წ. 24 ოქტომბრიდან, პენსიის დანიშვნამდე – 2000წ. დეკემბრამდე მიუღებელი სარჩოს სახით თვეში 50 ლარის, სულ 1300 ლარის ანაზღაურებას, რაც საკასაციო პალატის აზრით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს რადგან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლისას მფართელობს სახელმწიფო, ხოლო სკ-ს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი ნათლად მიუთითებს: “თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ყოველთვიური სარჩო, 45 ლარის ოდენობის პენსიის სახით დ.კ.-ს უკვე დანიშნული აქვს 2000წ. დეკემბრიდან და რადგან “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნა ხდება ინვალიდობის დადგენის მომენტიდან, ამიტომ 1998წ. 24 ოქტომბრიდან – ზიანის მიყენების მომენტიდან ინვალიდობის დადგენამდე (პენსიის დანიშვნამდე) მიუღებელი სარჩოს _ თვეში 50 ლარის, სულ 1300 ლარის ანაზღაურების მოვალეობა შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს დ.კ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სკ-ს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მიუღებელი სარჩოს სახით თვეში 50 ლარის, სულ 1300 ლარის შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოსათვის კასატორ დ.კ.-ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 386-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.კ.-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს დ.კ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი სარჩოს სახით 1300 ლარის გადახდა;
5. შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 62 ლარის გადახდა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.