Facebook Twitter

3გ-ად-442-კ-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითა ნაწილი:

2002წ. 30 იანვარს კ. ხ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002წ. 5 იანვრის ¹4 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც იგი დათხოვნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. იგი სარჩელში მიუთითებდა, რომ 2993 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა, ხოლო 1995 წლიდან ქარელის შს რაიგანყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ქ/განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 5 იანვრის ბრძანებით კ. ხ.-ი პოლიციის ფიცის გატეხვისა და პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევისათვის, დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. ბრძანებაში მითითებული იყო, რომ 2001წ. 11 ნოემბერს ქარელის რაიონის სოფ. დვანში სადღეღამისო საგუშაგო ხ.-ის მიერ თვითნებურად იქნა მიტოვებული. აღნიშნულიდან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას საგუშაგო თვითნებურად არ მიუტოვებია და მისი ქმედებით დისციპლინის დარღვევას, პოლიციის ფიცის გატეხვასა და “პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამდენად მინისტრის ბრძანების ის ნაწილი, რომელიც მის განთავისუფლებას ეხებოდა, უნდა გაუქმებულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით საქმე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მითთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან დისციპლინისა და ფიცის დარღვევის ფაქტს საქმეში არსებული მასალები ადასტურებდა და იგი კანონიერად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქარელის რაიონის სოფ. დვენში სადღეღამისო საგუშაგო შექმნილი არ ყოფილა, აპელანტი ადგილზე რაიონის განყოფილების უფროსის სიტყვიერი მითითების შესაბამისად იმყოფებოდა, რათა ოსურ-ქართული კონფლიქტის ფონზე სიტუაცია არ გართულებულიყო. ხ.-ი პატრულირებიდან ჯგუფის უფროსის – გ.-ის მიერ იქნა განთავისუფლებული და მისი მხრიდან საგუშაგოს თვითნებურ მიტოვებას ადგილი არ ჰქონია.

საოლქო სასამართლომ აქვე დაამატა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კ. ხ.-მ 2002წ. 3 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული ის გარემოება, რომ კ. ხ.-ი 1995 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიგანყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა. ამასთან, დადგენილია ის ფაქტიც, რომ ქარელის რაიონის სოფ. დვანში სადღეღამისო საგუშაგო არ არსებობდა, სამუშაო ჯგუფი, მათ შორის მოსარჩელეც, რაიგანყოფილების ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითებით იყვნენ საგუშაგოზე წარგზავნილი. საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ ხ.-მ საგუშაგო საპატრულო ჯგუფის ხელმძღვანელის თანხმობით დატოვა.

ზემოთმითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, მიიჩნია რა, რომ მოსარჩელის მიერ “პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პოლიციის ფიცის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან სოფ. დვანში სადღეღამისო საგუშაგო არა რაიმე ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითებით იყო შექმნილი, ამდენად, არარსებული საგუშაგოს თვითნებური მიტოვება ვერ მოხდებოდა, მით უფრო, რომ ჯგუფის უფროსის – გ. გ.-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ კ. ხ.-ი საგუშაგოდან წასვლის თაობაზე მას დაეკითხა, რაც მისი მხრიდან დისციპლინის დარღვევას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ ხ.-ის ფიცის გატეხვაში მხილება უსაფუძვლოა, რადგან “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი ე.წ “პოლიციის ფიცი” პარლამენტის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა, ამდენად, მას იურიდიული ძალა არ ჰქონია და მის დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე დადებითად ხასიათდებოდა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების ზომები გატარებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, მუშაკის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მას დისციპლინური სახდელები კანონით დადგენილი თანმიმდევრობით ენიშნება, კერძოდ: გაფრთხილება, შენიშვნა ... და ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002წ. 5 იანვრის ¹4 ბრძანება კ. ხ.-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთაA სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.