¹ 3კ-ად-183კ-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: კოტეჯის პრივატიზაციის თაობაზე თბილისის სქმ დეპარტამენტის 11.09.97წ. კონკურსის შედეგების, საპრივატიზაციო დოკუმენტაციის ბათილად ცნობა, კოტეჯის შესყიდვის უპირატესი უფლების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს.-მ 27.07.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ თბილისის სქმ სამმართველოს, მესამე პირის _ თ. ჩ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დაბა წყნეთში, ... მდებარე კოტეჯის ნაწილში სქმ სამმართველოს (ყოფილი დეპარტამენტის) 11.09.97წ. ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, სქმ დეპარტამენტსა და თ. ჩ.-ს შორის 19.09.97წ. გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების, 19.09.97წ. მიღება-ჩაბარების აქტის, თ. ჩ.-ის სახელზე 19.09.97წ. გაცემული ¹23/302 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, 1990 წლიდან სასამართლოში მიმართვის მომენტამდე მოსარჩელის სადავო კოტეჯში უწყვეტად ცხოვრების ფაქტისა და მის დამქირავებლად ცნობა, მოსარჩელისათვის სამი წლის ქირის გადახდის დაკისრება ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ და კოტეჯის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის სქმ სამმართველომ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატატარა დაბა წყნეთში, ... მდებარე კოტეჯის პრივატიზაციის კონკურსი და მასში გამარჯვებულად უსაფუძვლოდ ცნო თ. ჩ.-ი. კონკურსის ჩატარებისა და საპრივატიზაციო დოკუმენტების გაცემის დროს მოპასუხემ დაარღვია “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" 30.05.97წ. კანონის, მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადაგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურის წესით გაყიდვის შესახებ" დებულების, საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ” დებულების რიგი მოთხოვნები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გაზეთ “...-ში" 09-12.08.97წ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სადავო კოტეჯის იჯარა-გამოსყიდვის უფლებაზე კომერციული კონკურსის ჩატარების შესახებ არ არის აღნიშნული მიწის ფართობი, რომელზედაც განთავსებულია კოტეჯი, კონკურსის პირობები აბსურდულია, კონკურსის პირობის სახით “აგარაკზე ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენის მოთხოვნა" თავისთავად გამორიცხავდა თვით კონკურსის ჩატარებას, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულება ერთ პირთან ფორმდება, კონკურსანტები ვერ წარმოადგენდნენ ასეთ დოკუმენტს. თ. ჩ.-ის მიერ წარმოდგენილი სადავო აგარაკის დაკავების ორდერი არის ყალბი, მას აგარაკით არ უსარგებლია, ვინაიდან იგი მოსარჩელის მიერ იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ თ. ჩ.-ს გადასცა ნაკლის მქონე ნივთი. 11.09.97წ. ჩატარებული კონკურსის უკანონობა დადასტურებულია ქ. თბილისის კონტროლის პალატის 30.10.98წ. აქტით. კონკურსის ჩატარებისას არ შექმნილა განცხადებების განმხილველი კომისია, არ წარმოებულა კონკურსში მონაწილეთა განცხადებების ზონარგაყრილი დავთარი, განცხადებების განმხილველი კომისია შეიქმნა 17.09.97წ., კონკურსის ჩატარების შემდგომ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო კოტეჯს დაეუფლა 1989წ., აგარაკით დროებით მოსარგებლის სიტყვიერი თანხმობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდიდან უწყვეტად ფლობს აგარაკს, მასთან არათუ პრივატიზაციის, არამედ ქირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა.
ქ. თბილსის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.07.01წ, გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა გ. ს.-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.02.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმე ადმინისტრაციული კატეგორიის დავას განეკუთვნება, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გაუქმება და უფლების აღიარება, შესაბამისად კოტეჯის მესაკუთრედ და სარჩელზე მოპასუხედ საქმეში ფიგურირებს სქმ სამმართველო. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ შექმნილა კონკურსშიO მონაწილე პირთა განცხადებების განმხილველი კომისია, ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად არსებითად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნის შემთხვევაშიც კომისია ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პრეტენდენტი მხოლოდ ერთი პირი იყო და იგი სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებეს. პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 137-ე მუხლის თანახმად დოკუმენტის სიყალბის შესახებ საკითხის დაყენება შეუძლია მხარეს, დოკუმენტის ნამდვილობა შესაძლებელია გაირკვეს სასამართლოს ინიციატივითაც, ვინაიდან გ. ს.-ს არ დაუყენებია საკითხი თ. ჩ.-ის სახელზე გაცემული კოტეჯის ქირავნობის ორდერის სიყალბის თაობაზე, საქმეში არსებული მასალები კი არ იძლევიან მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, სასამართლოს ეს საკითხი საკუთარი ინიციატივიტივითაც არ გაურკვევია. სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ს.-ს მოესპო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ვინაიდან გ. ს.-ს არსად და არავისთვის არ მიუმართავს კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე თხოვნით. აღინიშნა აგრეთვე, რომ კონკურსის მეშვეობით ქონების გასხვისებისას მესაკუთრე ახდენს მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილების რეალიზაციას და მისი პირობების განსაზღვრისას იგი არაფრით არ არის შეზღუდული. კონკურსის ჩატარების თაობაზე გაზეთი “...-ის" 1997წ. 9-12 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში არ არის მითითებული კოტეჯის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, ამასთანავე გაიყიდა ნაგებობა და არა დაკავებული ფართობი, შენობის გაყიდვისას მის მიერ დაკავებული ფართობის მითითებას ძირითადად ინფორმაციული დატვირთვა გააჩნია, ამასთანავე წლების განმავლობაში კოტეჯში მცხოვრები გ. ს.-ისათვის ცნობილი იყო კოტეჯის მიერ დაკავებული ფართობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონტროლის პალატის აქტი თბილისის სქმ სამმართველოს შემოწმების შესახებ მიიჩნია სამსახურებრივ დოკუმენტად, ვინაიდან, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, კონტროლის პალატის ორგანოები გადაწყვეტილებას დადგენილების ფორმით ღებულობენ, სქმ სამმართველოს შემოწმების შედეგების შესახებ ამგვარი იურიდიული მნიშვნელობისა და ფორმის მქონე აქტი კონტროლის პალატას არ მიუღია. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ თ. ჩ.-მ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის _ ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გამცემი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, დადო საიჯარო ხელშეკრულება, გამოისყიდა ქონება, აიღო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც სზაკ-ს 218.2 მუხლის მიხედვით დაუშვებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ს.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 3.5 მუხლის დარღვევით სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ, რომ დაბა წყნეთში, ... მდებარე საცხოვრებელი კოტეჯი არ შესულა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში. სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, რომ კონკურსის ჩატარების დროისათვის მოქმედი მინისტრთა კაბინეტის 21.06.94წ. დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტის კონკურსით გაყიდვის შესახებ" დებულების 5.5. მუხლის დარღვევით განმცხადებელს არ მიუღია უწყება მისი განაცხადის რეგისტრაციის თარიღის მითითებით, პარლამენტის 20.09.94წ. დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ" დებულების 7.6 მუხლის თანახმად განცხადებების განმხილველ კომისიას უნდა ეწარმოებინა ზონარგაყრილი დავთარი, მასში განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ კონკურსის მონაწილეს უნდა მოეწერა ხელი თარიღისა და დროის აღნიშვნით. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენდა კონკურსის მონაწილის სტატუსის შეძენის პირობას, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ამ საკითხზე. სასამართლო ადასტურებს რა იმას, რომ არ არსებობდა განცხადების განმხილველი კომისია, არ მსჯელობს იმაზე თუ როგორ მიიღო თ. ჩ.-მა კონკურსში მონაწილის სტატუსი. სასამართლო ვერ უთითებს აგრეთვე იმ კანონს, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს ჰქონდა უფლებამოსილება საკონკურსო პირობებად განესაზღვრა სადავო ობიექტზე ქირავნობის ხელშეკრულებისა და წლიური საიჯარო ქირის წარდგენა. თ. ჩ.-ის მიერ კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათით სარგებლობის გამო იგი არაკეთილსინდისიერი შემძენია. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განაცხადი კონკურში მონაწილეობის მისაღებად ვერ წარადგინა საკონკურსო პირობების გამო, ვინაიდან არ გააჩნდა ქირავნობის ხელშეკრულება, ობიექტზე წლიური საიჯარო ქირის დაფარვის ცნობა. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გ. ს.-ს არავისთვის მიუმართავს, საკონკურსო პირობების ამგვარი გამოცხადების გამო მას მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის საშუალება დარჩა. სასამართლომ არ გამოიყენა აგრეთვე “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 9.3 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც გამოქვეყნებულ ცნობაში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის დახასიათება. სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული წერილობითი მტკიცებულების სახით წარდგენილი კონტროლის პალატის აქტი. უადგილოა სასამართლოს მითითება ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, აღნიშნული მუხლის გამოყენება თ. ჩ.-ის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, უმართებულოა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ობიექტის პრივატიზაცია განხორციელდა კონკურსის ჩატარების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით. საკონკურსო პირობები, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულებისა და საიჯარო ქირის დაფარვის ცნობის წარმოდგენა, გამორიცხავდა კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირთათვის კონკურში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკონკურსო პირობების ამგვარი ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება კონკურსის დანიშნულებას, გამორიცხავდა ობიექტის რეალიზაციას კონკურენტულ გარემოში, სადავო ობიექტზე გამოცხადებული კონკურსი არ იყო მიმართული პირთა განუსაზღვრული წრისადმი. კონკურსის არსებითი კომპონენტის _ საკონკურსო პირობების კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩამოყალიბების შედეგად წინასწარ განისაზღვრა აგარაკის კონკრეტული მყიდველი, მყიდველმა ისარგებლა უკანონო შეღავათებით, აგარაკის დამქირავებელს _ თ. ჩ.-ს მიეცა არაკანონიერი უპირატესობა სხვა მყიდველთან შედარებით. კონკურსში მონაწილეობის პირობად ქირავნობის ხელშეკრულების და აგარაკზე წლიური საიჯარო ქირის დაფარვის ცნობის წარმოდგენის მოთხოვნა ფაქტობრივად ნიშნავდა ქონების პირდაპირ მიყიდვას, რაც “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" 30.05.97წ. კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს პრეროგატივას შეადგენს. კონკურსის ამგვარი პირობები კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ პირთათვის კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის ტოლფასია და არის კონკურსისა და მისი შედეგის ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენდა კონკურსში მონაწილეობისათვის დაშვების, კონკურსში გამარჯვებულად ცნობის, კონკურსის შედეგად დადებული ხელშკერულებით მხარეთა ურთიერთვალდებულებების განსაზღვრის კრიტერიუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მითითებული დარღვევა გავლენას ვერ მოახდენდა კონკურსის შედეგზე. გ. ს.-ს ჰქონდა სადავო ობიექტის პრივატიზებაში მონაწილეობის უფლება, იგი იყო კონკურსის ერთ-ერთი შესაძლო მონაწილე, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით კონკურსის ჩატარებამ შეუზღუდა მას, როგორც ერთ-ერთ პრეტენდენტს, უფლება თანაბარ საწყისებზე მიეღო მონაწილეობა ობიექტის პრივატიზებაში. საკონკურსო პროცედურის დარღვევის ხასიათი ადასტურებს იმას, რომ დარღვევას შეეძლო უშუალო გავლენა მოეხდინა კონკურსის შედეგზე, რაც იძლევა კონკურსის სადავო ნაწილში შედეგის ბათილად ცნობის საკმაო საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სზაკ-ს 218-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებელია კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა. თბილისის სქმ დეპარტამენტსა და თ. ჩ.-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომელსაც საკონკურსო სამართალურთიერთობებისათვის შემაჯამებელი ხასიათი აქვს. თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული გარიგება და არა ადმისტრაციული აქტი. ადმინისტრაციული გარიგების ბათილად გამოცხადება, სასკ-ს 70-ე მუხლის თანახმად, წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით. თანხის გადახდის შედეგად თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება არ განხორციელებულა. ქ. თბილისის სქმ სამმართველოს კონკურსის მაორგანიზებელი აქტები კონკურსის გამოცხადების, მისი შედეგების დამტკიცების შესახებ მიზნად ისახავდა განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, სახელდობრ, _ საიჯარო ხელშეკრულების დადებას. ვინაიდან კონკურსი თავისი ბუნებით ცალმხრივ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, ხოლო კონკურში გამარჯვებულთან საიჯარო ხელშეკრულების დადებას აქვს საკონკურსო სამართალურთიერთობების შემაჯამებელი მნიშვნელობა, სადავო ურთიერთობა ეხება ადმინისტრაციული გარიგების და არა ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერებას. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოიყენება, რომლის თანახმად არ დაიშვება კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე.
პალატა უსაფუვლოდ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას საქმის ხელახალი დაბრუნების შესახებ, ვინაიდან კასატორი ვერ უთითებს საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, იგი ვერ უთითებს თუ რა გარემოებები ქმნის შეუძლებელს სსკ-ს 411-ე მულხის საფუძველზე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, რის გამო კასატორის მოთხოვნას ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
საკასაციო სასამართლო უმართებულოდ მიიჩნევს გ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნებს კოტეჯის 1990 წლიდან უწყვეტად ფლობის იურიდიული ფაქტის დადგენის, ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ 3 წლის ქირის გადახდის დაკისრების, სადავო საცხოვრებელ აგარაკზე უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად ცნობის შესახებ. გ. ს.-ი, ყოველგვარი უფლების გარეშე, თვითნებურად შესახლდა აგარაკში. კოტეჯით სეზონურად მოსარგებლის თანხმობას შესახლებაზე არ აქვს რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა, აღნიშნული არ წარმოადგენს სააგარკო კოტეჯის დაკავების იურიდულ საფუძველს. თვითნებური შესახლება, თუნდაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოტეჯში ცხოვრება, არ არის მისი კანონიერად ცნობის, შესაბამისად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად ცნობის საფუძველი. ამდენად, აგარაკში უწყვეტად ცხოვრება 1990 წლიდან, კომუნალური გადასახადების გადახდა არ წარმოადგენს რაიმე სამართლებრივი შედეგის წარმომქმნელ ფაქტორს. გ. ს.-ი სკ-ს 209-ე მუხლის საფუძველზე ვერ იქნება ცნობილი ფართის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად, ვინაიდან აღნიშნული უფლება ეკუთვნის მხოლოდ ბინის დამქირავებელს და არა თვითნებურად შესახლებულ პირს. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაეთანხმა გ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში უარის თქმას. ამათანავე, სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა გ. ს.-ის ამ მოთხოვნების ირგვლივ, რის გამო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი. აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მთლიანად და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს გ. ს.-ის მოთხოვნა ჩატარებული კონკურსის შედეგად ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტსა და თ. ჩ.-ს შორის დადებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში. გ. ს.-ის სარჩელს დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.02.02წ. განჩინების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. გ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი 11.09.97წ. კონკურსის შედეგები დაბა წყნეთში ... მდებარე ¹28 საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და თ. ჩ.-ს შორის 19.09.97წ. დადებული ხელშეკრულება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 19.07.97წ. გაცემული ¹23/302 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
3. გ. ს.-ის სარჩელი სადავო კოტეჯის 1990 წლიდან უწყვეტად ფლობის იურიდიული ფაქტის დადგენის, ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ 3 წლის ქირის გადახდის დაკისრების, ¹28 საცხოვრებელ აგარაკზე უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაეკისროს კასატორის _ გ. ს.-ის სასარგებლოდ 30 ლარის გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.