3გ-ად-259კ-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეი.-ი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, ნახევარსარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 3 აპრილს კასატორმა ნ. ფ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ლ. მ.-ის საკუთრებაში გადაცემული სარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მის მფლობელობაში გადაცემა, ასევე ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 1998 წლის 28 მაისის ¹4 ოქმისა და მ.-ის საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ¹14 აქტის ბათილად ცნობა სადავო სარდაფის ნაწილში და სადავო სარდაფის ნ.ფ.-ის .-ისათვის საკუთრებაში გადაცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 10 იანვრის განჩინებით.
2001 წლის 23 ივლისს ნ.ფ.-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება. ფ.-მ მიუთითა, რომ 2001 წლის 18 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1966 წელს მომხდარი განქორწინების შემდეგ ლ.პ.-ს მიეკუთვნა გვარი მ.-ე, რაც დასტურდება მმაჩის ორგანოს მიერ გაცემული განქორწინების მოწმობის ასლიდან. საქმეში არსებული 1998 წლის 28 მაისის სადავო ¹14 აქტით პ.-ს საკუთრებაში დაუკანონდა თვითნებურად აშენებული ფართი და ფ.-ისათვის წართმეული ნახევარსარდაფი, 1966 წლიდან კი ლ.პ. სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის თვალსაზრისით აღარ არსებობს, რის გამოც მის გვარზე რაიმე საკუთრების უფლების დამადასტურებული აქტის გამოცემა არაკანონიერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და განახლდა საქმის წარმოება.
2001 წლის 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით ნ.ფ.-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ.ბათუმის მერიის ტექკომისიის 1998 წლის 28 მაისის ¹4 ოქმის გაუქმება ლ.პ.-სთან დაკავშირებულ ნაწილში და მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ¹14 გაუქმება (რომლითაც მოპასუხე მ.-ეს საკუთრებაში დაუმტკიცდა სადავო ნახევარსარდაფი), მ.-ის მფლობელობიდან ნახევარსარდაფის გამოთხოვა, მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურისა და არქიტექტურის სამმართველოს მიერ ნახევარსარდაფის ნ.ფ.-ის .-ის – გ. წ.-ის საკუთრებაში გაფორმება, ვინაიდან გ.წ.-ეს იმ ეზოში, სადაც ნახევარსარდაფი მდებარეობს, აქვს საცხოვრებელი ფართი, ნ.ფ.-ს კი ამ მისამართზე საცხოვრებელი ფართი აღარ გააჩნია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც ნ.ფ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არ არსებობის გამო, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინება; ასევე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა ნ.ფ.-ს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, კანონის დარღვევით მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. უსაფუძვლოა ნ. ფ.-ის მოსაზრება, რომ ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის 1998 წლის აქტით ნახევარსარდაფი დაუკანონდა ლ. პ.-ს, რომლის გვარიც მაშინ მ.-ე იყო და ეს ფაქტი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის ცნობილი, მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. სასამართლოს მითითებით, სკ-ს მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. მოცემულ შემთხვევაში ლ.პ.-ა და ლ.მ.-ე რომ ერთი და იგივე პიროვნებაა დადგენილია საქმეში არსებული მასალებით. 1998 წლის მაისში სახლმფლობელობის პ.-ას სახელზე დაკანონება იმის გამო მოხდა, რომ სახლის მფლობელად ანუ მესაკუთრედ (რომლის შემადგენელ ნაწილსაც შეადგენს სადავო ნახევარსარდაფი) აღრიცხული იყო ლ.პ.-ა. სააპელაციო სასამართლის აზრით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო კანონის დარღვევა და სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა;
2. ფ.-ის სარჩელი ბათუმის მერიის აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ არის დასაშვები, რადგან აღნიშნული აქტით ლ.მ.-ის საკუთრებად აღირიცხა სადავო ნახევარსარდაფი, რითაც ნ.ფ.-ის უფლება არ დარღვეულა, რადგან მას ამ დროისათვის უკვე გასხვისებული ჰქონდა ... მდებარე სახლმფლობელობა და აღარ ჰქონდა უფლება დაეყენებინა საკითხი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის საკუთრებაში გადაცემაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ფ.-ს არ ჰქონდა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლება, რადგან ის აღარ იყო დაინტერესებული მხარე;
3. სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, სკ-ს 150-ე მუხლის მიხედვით, სწორი კვალიფიკაცია მიეცა სადავო ნახევარსარდაფს, რომ ის არის ლ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მისი იურიდიული ბედი მთლიანად დაკავშირებულია ძირითად ნივთთან – საცხოვრებელ ბინასთან და იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი;
4. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეზე 2002 წლის 1 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ პასუხობდა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის მოთხოვნებს. სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, აღნიშნული საქმე კი არის ადმინისტრაციული კატეგორიის. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე ვერ პასუხობდა სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გაუქმდეს საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინებაც, რადგან სსკ-ს 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება და მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად.
სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ფ.-მ შემდეგი მოტივებით:
1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში, რითაც დაირღვა სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის მოთხოვნა. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად საერთოდ დაუსაბუთებელია;
2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 და 27-ე მუხლების იგნორირებით, საქმე განიხილა მოპასუხე არქიტექტურის სამმართველოს დაუსწრებლად, რომელსაც არ განუცხადებია თანხმობა მის გარეშე საქმის განხილვის შესახებ. სასამართლომ არ იმსჯელა საქმის არსებითი გარემოებების შესახებ;
3. სააპელაციო სასამართლო გასცდა სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების ნაცვლად, განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლი მტკიცებულებათა ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად განხილვის შესახებ. კასატორმა აგრეთვე წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმთან დაკავშირებული შენიშვნები.
ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო მოწინააღმდეგე მხარის ლ. მ.-ის წარმომადგენელმა, მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო ქ.ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსმა და ქ.ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა საკასაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საუძველზე, კერძოდ სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტზე მითითებას, რომლის თანახმადაც: «გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ». კასატორის განმარტებით, აღნიშნული საქმე 2000 წლის 21 აგვისტოს თავდაპირველად განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ.ქ.-ე, დ.ა.-ე და თ.წ.-ე. ამჟამად, 2002 წლის 13 ივნისს საქმის განხილვაში კვლავ მონაწილეობდნენ იგივე მოსამართლენი: თ.წ.-ე და თ.ქ.-ე, რაც კასატორის აზრით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო პალატა უსწრობის გამო ვერ დაეთანხმება სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის კასატორისეულ განმარტებას, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება მხოლოდ ის გადაწყვეტილება, თუ იგი გამოტანილია ამავე კოდექსის 29-ე მუხლის დარღვევით, რომელიც იმპერატიულად კრძალავს სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვაში იმ მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას, ვინც ადრე მონაწილეობდა ამ საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში. ვინაიდან მოსამართლე თ.ქ.-ე და თ.წ.-ე 2000 წლის 21 აგვისტოს მონაწილეობდნენ ამ საქმის სააპელაციო ინსტანციაში – აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვაში, აღნიშნული საქმის კვლავ სააპელაციო წესით განხილვაში მონაწილეობის პროცესუალური უფლება, სსკ-ს 29-ე და 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის თანახმად, მათ გააჩნდათ და საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველზე მითითება უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ პროცესუალურ დარღვევას სპეციალური ნორმის სახით ითვალისწინებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაგრამ 2000 წლის 25 ოქტომბრიდან აღნიშნული ნორმა შეიცვალა და ამჟამად მოქმედი ნორმის თანახმად იკრძალება მხოლოდ იმ მოსამართლის მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუ იგი საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
2. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა ასევე საკასაციო საჩივრის მეორე აბსოლუტურ საფუძველზე, სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის დარღვევაზე მითითება, რადგან სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეესაბამება ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულია და მასში მოყვანილია დადგენილი გარემოებები, სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც სააპელაციო პალატამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო მართებულად გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინება და 2002 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელის შეცვლა არ წარმოადგენდა იმ უფლება-მოვალეობების შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს, რომელიც ადრინდელი სახელით იყო შეძენილი და ნ.ფ.-ის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ფაქტი, რომ ლ.პ.-ა განქორწინების შემდეგ ლ.მ.-ე გახდა, სამართლებრივად არ წარმოადგენდა სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას;
3. სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 და 27-ე მუხლების დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის, კერძოდ მოპასუხე ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს დაუსწრებლად საქმის განხილვის შესახებ, რადგან აღნიშნულ საპროცესო დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით საკასაციო საჩივრის შეტანის პროცესუალური უფლება გააჩნდა მხოლოდ ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს, რომლის წარმომადგენლის გარეშეც იქნა სააპელაციო საჩივარი განხილული და არა კასატორ ნ.ფ.-ს, რომლის პროცესუალური უფლებებიც არ შელახულა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარდა;
4. უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაზე, სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებაზე კასატორის მითითებას, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, მართალია, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ე.ი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო ვალდებული იყო ნ.ფ.-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეემოწმებინა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია: “სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა».
რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განჩინების გასაჩივრებას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, არამედ ამ კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება, ამიტომ კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილი იყო ნ.ფ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან ერთად შეემოწმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის ე.წ. წინმსწრები განჩინების კანონიერება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო გაეუქმებინა იგი. საკასაციო პალატა იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის უსწრო განმარტების შედეგად საქმის წარმოების განახლების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის ახალი გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა კასატორ ნ.ფ.-ის სარჩელი და არსებითად ლ.მ.-ის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რის გამოც ლ.მ.-ე პროცესუალურად არაუფლებამოსილი იყო სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა მისი სასარგებლო გადაწყვეტილება და ამ გზით გაეხადა სადავოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს ნ.ფ.-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან კანონით მითითებულ დარღვევებს (კასაციის აბსოლუტური საფუძვლები) ადგილი არ ჰქონია, სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 423-ე მუხლის მართებული გამოყენება – განმარტებით სააპელაციო პალატამ გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.