Facebook Twitter

3გ-ად-273-კ-02 29 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საცხოვრებელი ბინების პრივატიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 24 თებერვალს თ. ქ.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, ხოლო 16 მარტს თ. ქ...-მა, ა. ქ.-მა, ა. გ.-ემ, ს. ი.-ემ, ჟ. ლ.-მ, ბ. გ.-ემ, ტ. ხ.-მ, ო. რ.-მა და ჯ. პ.-მ იმავე სასამართლოში მოპასუხის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიმართ კოლექტიური სარჩელი აღძრეს.

მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ ისინი რეგისტრირებულნი არიან და მუდმივად ცხოვრობენ მოპასუხის ბალანსზე რიცხულ საუწყებო ბინებში, რითაც მოპოვებული აქვთ მათ მიერ დაკავებული ფართით სარგებლობის უფლება. სადავო საცხოვრებელ სახლში მცხოვრები 15 ოჯახიდან, 6 ბინა მობინადრეთა მიერ პრივატიზებულია, ასევე ბინის ერთ-ერთი მესაკუთრეა «დ.-ი». მოსარჩელის განმარტებით, ზემოთ მითითებული ბინები სამუშაო ფართობს არ მიეკუთვნება. მოსარჩელეები თვლიან, რომ ... ინსტიტუტის დირექტორი სადავო საცხოვრებელი სადგომების პრივატიზების საშუალებას უსაფუძვლოდ არ აძლევს, რითაც მათ კანონიერ ინტერესებს არღვევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სადავო სადგომების პრივატიზაციის განხორციელების თაობაზე მოპასუხის დავალდებულება მოითხოვეს.

მოპასუხე მხარემ, ... ინსტიტუტმა თავის შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ ... ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებული ფართი პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1999წ. 13 სექტემბრის ¹353 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად: ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს დაევალათ არ დაუშვან საქსტანდარტის ორგანიზაციების სამუშაო ფართობის სხვა მიზნებისათვის გამოყენება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმების გარეშე და დაუყოვნებლივ შეასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე მიღებული გადაწყვეტილებები.

მოპასუხის მითითებით მოსარჩელე თ. ქ...-ი ცნობას საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინსტიტუტის ადმინისტრაციაში ღებულობს და ბინის ქირა, წყლისა და დასუფთავების ხარჯები, რომელიც ინსტიტუტის ბუღალტერიაში უნდა გადაიხადოს, არ გადაუხდია. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ თ. ქ...-ის ინსტიტუტის კუთვნილი 27.76 კვ.მ ფართი უკანონოდ აქვს დაკავებული, რაც შეგებებული სარჩელის შემოტანის საფუძველს წარმოადგენს.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით თ. ქ...-ის მიმართ კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ 1988წ. 28 სექტემბერს გაცემული ორდერის ბათილად ცნობა, მისთვის ქირის გადახდის დაკისრება და ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოსაგან დანარჩენი მოსარჩელეებისათვის პრივატიზების განხორციელების დავალდებულებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2000წ. 21 ნოემბრის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებით ... ინსტიტუტის შეგებებული სარჩელი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზეზზე იქნა დატოვებული. მოპასუხეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღის ვადა მიეცა.

2000წ. 21 ნოემბერს მოპასუხე სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მიმართა.

2000წ. 28 სექტემბრის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებით სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის შეგებებული სარჩელი უმოძრაოდ დარჩა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ... ინსტიტუტს შესაბამისი განცხადებების საფუძველზე ქ. თბილისში, ... მცხოვრები მოსარჩელეების მიერ კანონით დადგენილი წესით დაკავებული სადგომების პრივატიზაციის განხორციელება დაევალათ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ... ინსტიტუტის დირექტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინებში მოსარჩელეები უკანონოდ არიან შესახლებულნი და მათზე ბინის ორდერების გაცემა უკანონოა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 13 სექტემბრის ბრძანებულება და ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელთა თანახმად აღნიშნული ფართი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში არ შედის.

სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილი 1999წ. 16 აპრილის შეგებებული სარჩელი 2000წ. 21 ნოემბრის სასამართლოს განჩინებით ხარვეზზე უსაფუძვლოდ იქნა დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილების და 2000წ. 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სასამართლოს მიერ თანამოპასუხედ ჩაბმულმა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ თუ საცხოვრებელი ბინების პრივატიზება მაინც მოხდება, ქ. თბილისის მერიის მეშვეობით უნდა მოხდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და ... ინსტიტუტს შესაბამისი განცხადებების საფუძველზე მოსარჩელეების მიერ კანონით დადგენილი წესით დაკავებული სადგომების პრივატიზაცია დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით ... ინსტიტუტმა უნდა მოახდინოს სადავო ფართის პრივატიზება მობინადრეებზე, რადგან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა, პრივატიზაცია ხორციელდება იმ საწარმო-დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემა იმ მოქალაქეს, რომელიც მისი დამქირავებელი ან დამქირავებლის ოჯახის წევრია. ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის შესახებ ფორმდება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 13 სექტემბრის ¹353 ბრძანებულების მე-13 მუხლი სამუშაო ფართის სხვა მიზნებისათვის გამოყენებას კრძალავს, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობის ის ნაწილი, რომელზეც მობინადრეები პრეტენზიას აცხადებენ სამუშაო ფართობი არასოდეს ყოფილა და ყოველთვის თანამშრომელთა ოჯახების საცხოვრებელს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტის 2000წ. 21 ნოემბრის შეგებებული სარჩელი, სასამართლოს განჩინებით, ჯერ ხარვეზზე დარჩა, ხოლო შემდეგ უმოძრაოდ იქნა დატოვებული, რადგანაც მას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ორივე შემთხვევაში აპელანტს მისი გასაჩივრების ვადა მიეცა, მაგრამ მისი მხრიდან კერძო საჩივარი არ შემოტანილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ... ინსტიტუტის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად ვალდებულია სათანადო განცხადებების საფუძველზე, სადავო ბინების დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს მათ მიერ კანონით დადგენილი წესით დაკავებული ფართობები უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ... ინსტიტუტის დირექტორმა, ისე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი შემდეგ მოტივებს ეფუძნება:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის დადგენილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებს არასწორად დაეყრდნო, რადგან სადავო ფართი საცხოვრებელ ფართს არ წარმოადგენს და იგი პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

მეორე კასატორის – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992წ. 1 თებერვლის დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი ბინა. საქართველოს კანონი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის არანაირ ფორმას არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს, ამასთან, ... ინსტიტუტი თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას ითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ... ინსტიტუტისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინებში ოჯახებით ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხვრობენ. ისინი სადავო ბინებში ადმინისტრაციისა და პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილებით არიან შესახლებულნი და მათზე სხვადასხვა დროს გაცემულია ბინის მიღების ორდერები.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო სადგომები საცხოვრებელი დანიშნულების საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ბინებში ადმინისტრაციისა და პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილებით არიან შესახლებულნი და მათზე სხვადასხვა დროს გაცემულია ბინის მიღების ორდერი.ფართობებს წარმოადგენს, ვინაიდან საქმეში არსებული 1984წ. ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის აქტით კასატორს ინსტიტუტის შენობებთან ერთად ზემდგომი ორგანოების მიერ ორი საბინაო წიგნაკი, მობინადრეთა პირადი ბარათები, ცნობები და სხვა დოკუმენტაცია ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული აქტი აბათილებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს მის ინსტიტუტს საცხოვრებელი დანიშნულების ფართობი არ გააჩნია, რაც რეალურად დაახლოებით – 1000 კვ.მეტრია.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სადავო ბინები საცხოვრებელი დანიშნულების არის იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1980წ. 16 მაისს გამოწერილი ორდერით ერთ-ერთმა მოსარჩელე ს. ი.-ემ თავისი, თემქის დასახლებაში მდებარე ბინა კასატორის ბინაზე გადაცვლა, სადაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 10 მარტის ¹293 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყოფილი საკავშირო და საკავშირო-ტექნიკური დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ტექნიკური ორგანიზაციები ახალი სახელწოდებით გადავიდა საქართველოს სახელმწიფო მართვის ორგანოების იურისდიქციაში და მათი ქონების გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში უსსაყიდლოდ განხორციელდა აღნიშნული დადგენილების საფუძველზე სადავო ფართი ... ინსტიტუტის სახელზე აღირიცხა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებიდან გამომდინარე, ... ინსტიტცტს უფლება აქვს მოახდინოს სადავო ბინების მოდინადრეებზე პრივატიზაცია ზემოთ მითითებული პუნქტების თანახმად. საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საარმოო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციებს, საწარმოო-ორგანიზაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). სადავო ფართის პრივატიზაციის ნათელი მაგალითია საქმეში არსებული ტექბიუროს 2000წ. 8 ნოემბრის ¹12/1179 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ... ინსტიტუტის მობინადრეთა 5 ბინა პრივატიზებულია და რომ ინსტიტუტის 379,44 კვ.მ ფართი, 1996წ. 4 ივნისს სანოტარო წესით გასხვისებულია «დ.» ბანკზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 1994წ. 30 მაისის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები სადავო ფართზე ვერ გავრცელდება, რადგან იგი საცხოვრებელ ფართს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმის თაობაზე, ვინაიდან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 1997წ. 30 მაისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ბინები საცხოვრებელ სადგომებს წარმოადგენენ, რომლებიც საუწყებო საბინაო ფონდის გამგებლობაში შედის და ბუნებრივია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მასთან არანაირი შეხება არ გააჩნია. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბინაო ფონდში შედის: სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდს. სახელმწიფო საბინაო ფონდი არის, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში (ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდი) და სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების გამგებლობაში (საუწყებო საბინაო ფონდი). საუწყებო საბინაო ფონდს მკაცრად განსაზღვრული მიზნობრივი დანიშნულება აქვს. კერძოდ, მისი მიზანია უზრუნველყოს ბინებით მოქალაქეები, რომლებიც მოცემულ საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან. ამასთან ერთად, საუწყებო საბინაო ფონდის განსაზღვრული ნაწილი შეიძლება ეკუთვნოდეს იმ პირებს სარგებლობის უფლებით, რომლებიც სახლის მფლობელთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებიან. ესენი არიან პირები, რომლებიც შესახლებული არიან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ 10%-ის ფარგლებში აღმასკომებისათვის გადაცემულ საცხოვრებელ ფართობზე, გაცვლის წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო, მართალია, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სადავო ბინების პრივატიზაციის თაობაზე, მაგრამ არ იზიარებს მის მოსაზრებას, რომ ... ინსტიტუტის ადმინისტრაციას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად შესაბამისი განცხადების საფუძველზე სადავო ბინების დამქირავებლების ან მათი ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ბინების უსასყიდლოდ გადაცემა დაევალოს, რადგან ჯერ ერთი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბინები არ ექვემდებარება და მეორეც, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა), ხოლო ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ადმინისტრაციასა და ბინის დამქირავებელს შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ს 411-ე მუხებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. თ. ქ.-ის, ა. ქ.-ის, ჯ. პ.-ს, ა. გ.-ის, ბ. გ.-ის, ს. ი.-ის, ო. რ.-ის, ჟ. ლ.-ს და ტ. ხ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

3. ... ინსტიტუტს დაევალოს შესაბამისი განცხადებების საფუძველზე განახორციელოს ქ. თბილისში, ... მცხოვრები მოსარჩელეების: თ. ქ...-ის, ა. ქ.-ის, ჯ. პ.-ს, ა. გ.-ის, ბ. გ.-ის, ს. ი.-ის, ო. რ.-ის, ჟ. ლ.-ს და ტ. ხ.-ს მიერ კანონით დადგენილი წესით დაკავებული სადგომების პრივატიზაცია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.