Facebook Twitter

¹ 3გ-ად-294-კ-02 13 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმის მერიის 2001წ. 7 სექტემბრის ¹2-26-396 ცნობის მიხედვით, ქ. ბათუმის აღმასკომის 1987წ. 22 დეკემბრის ¹1179 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში ... ¹94 და ¹94-ში მდებარე სახლები საბინაო ფონდში გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილს ¹.... საცხოვრებელი სახლები 1987 წლიდან 1999 წლამდე ფაქტობრივად ირიცხებოდა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე. 1999წ. ოქტომბრიდან, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით მათი კუთვნილი ქონება სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. თავდაპირველად ქ. ბათუმში, ... ¹94-ში მდებარე სადავო ბინა ¹53, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ორდერის საფუძველზე გაცემული იყო სამხედრო მოსამსახურე ა.კ.-ზე. 1992წ. 27 თებერვალს ა.კ.-ის ბინაში ჩაეწერა კასატორი ნ. დ.-ე, როგორც ნათესავი თავის შვილთან, რ.გ.-ესთან ერთად. 1994წ. 16 ნოემბერს ნ.დ.-მ ქ.ბათუმის ¹.. საბინაო საექსპლოატაციო კანტორის მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების თანახმად, მოახდინა ბინის პრივატიზება.

2001წ. 15 მაისს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ¹94-ში მდებარე ¹53 ბინის ნ. დ.-ის მიერ პრივატიზების გაუქმება და ნ.დ.-ის ბინიდან გამოსახლება:

მოსარჩელის მითითებით ბინის პრივატიზება ეწინააღმდეგება მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებას, კერძოდ დადგენილების მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი დანიშნულების ბინა პრივატიზებას არ ექვემდებარება. ამავე დროს პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ბინა ¹1727 ცნობის თანახმად ეკუთვნის ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, სადავო საცხოვრებელი ფართი კი არის სამსახურებრივი დანიშნულების. ამ ფართში, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1998წ. 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილებით შესახლებული იყო ¹... სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფართი სამხედრო ნაწილის საკუთრებაა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მიხედვით, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. ნ. დ.-ს კი საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნია, ის არ არის სამხედრო მოსამსახურე და სამსახურებრივი ბინით მისი დაკმაყოფილება არ მომხდარა. ქ. ბათუმის აღმასკომს ნ. დ.-ის ბინაში შესახლებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, არ არსებობს ასევე საბინაო ორდერი და საბინაო საყოფაცხოვრებო კომისის სხდომის ოქმი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹603 დადგენილებით სამხედრო მოსამსახურის მიერ ბინის პრივატიზაცია და გაცვლა ხორციელდება სამხედრო უწყებათა შესაბამისი სამსახურების ნებართვით. სამხედრო ნაწილს კი ნ.დ.-ეზე პრივატიზაციის ნებართვა არ გაუცია.

მოპასუხეებმა არ სცნეს სარჩელი და კანონიერად მიიჩნიეს სადავო ბინაზე 1994 წელს განხორციელებული პრივატიზება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს სარჩელი, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაზედაც აჭარის რეგიონულმა სამმართველომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; გაუქმდა ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობასა და მოქალაქე ნ. დ.-ეს შორის 1994წ. 16 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება ბინის პრივატიზაციაზე და ... ¹94-ში მდებარე ბინა ¹53 შემდეგი მოტივით გადაეცა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბინა ირიცხება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მიეკუთვნება საუწყებო ბინებს. აღნიშნული ბინა სამსახურებრივი დანიშნულებით ყოველთვის გაცემული იყო სამხედრო მოსამსახურეებზე და ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, მოცემულ შემთხვევაშიც არ უნდა მომხდარიყო სადავო ბინის პრივატიზება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა აპელანტს გაშვებული ჰქონდა. ბინის პრივატიზაცია მოხდა 1994წ. 16 ნოემბერს, ხოლო საზღვრის დაცვის სამმართველომ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2001წ. 15 მაისის ე.ი. ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადის გასვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. დ.-მ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება:

1. კასატორის მითითებით აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია სკ-ს მე-4 თავის პირველი კარის 121-127-ე მუხლებით დადგენილი ვადების გამოთვლის წესი. კერძოდ, სასამართლომ გაშვებულად არ მიიჩნია 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 129-ე, 130-ე და 143-ე მუხლებით, რადგან 1994წ. 16 ნოემბრიდან 2001წ. 15 მაისამდე გავიდა ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა; სადავო ბინის პრივატიზაცია აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებში და წარმოადგენს ღია ინფორმაციას, რის შესახებაც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა სცოდნოდა და შეეძლო კიდეც სცოდნოდა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1994წ. 16 ნოემბრიდან. სსკ-ს 143-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა არ შეიძლება გახდეს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და ხელახალი წარმოშობის საფუძველი;

2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-3 პუნქტი, ვინაიდან სადავო ბინა პრივატიზაციამდეც და პრივატიზაციის დროსაც ირიცხებოდა აღმასკომის ბალანსზე;

3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-2 პუნქტი, ვინაიდან ამ დადგენილების მიღების პერიოდში სადავო ბინა პრივატიზებული იყო და არავითარ დადგენილებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა კერძო საკუთრებაზე, მისი შეზღუდვის ან ჩამორთმევის თვალსაზრისით; სადავო ბინის მესაკუთრე არ არის სამხედრო პირი, არც სადავო ბინა ყოფილა ოდესმე სამხედრო უწყების ბალანსზე;

4. სასამართლომ არ იხელმძღვანელა და უხეშად დაარღვია სკ-ს 185-ე მუხლი, რომლის თანახმად საკუთრების შემძენის ინტერესები დაცული უნდა იქნეს მისი კეთილსინდისიერების გათვალისწინებით. სადავო ბინაზე პრივატიზაციის განხორციელების პროცესში არ არსებობდა გარემოება, რომელიც ან საკუთრების შემძენს დააეჭვებდა გამსხვისებლის არამესაკუთრეობაში ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაში. სადავო ბინა პრივატიზაციის პრიცესში ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში, სანოტარო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მესაკუთრე დადგენილია და შემოწმებული.

მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ¹... სამხედრო ნაწილის თხოვნა 9-სართულიანი სამსახურებრივი ბინის ასაშენებლად ... და ... ქუჩებზე მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ; ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ¹... სამხედრო ნაწილის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1988წ. 26 იანვრის ოქმი ¹3 ... ¹94-ში მდებარე მათივე (¹... სამხედრო ნაწილის) საუწყებო სახლში სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შესახლების შესახებ; ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1990წ. დეკემბრის ¹18 ოქმის საფუძველზე, ... ¹94-ში მდებარე ¹53 სადავო საუწყებო ბინაში შესახლებული იყო სამხედრო მოსამსახურე ვ. ტოლოკოლნიკოვის ოჯახი; ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1991წ. თებერვლის ¹93 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991წ. 25 მარტს ... ¹94-ში მდებარე ¹53 სადავო ბინაზე გაიცა ორდერი ¹05982 ასევე სამხედრო მოსამსახურე ა. კ.-ზე. ამდენად, სადავო ბინა აშენებისთანავე, რომ სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს წარმოადგენდა და სამსახურებრივი დანიშნულებით მათი გაცემა, რომ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებზე ხდებოდა, საკასაციო პალატასაც უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია და ამ ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს;

2. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთA კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებისა და «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1993წ. აგვისტოს ¹603 დადგენილების უსწოროდ გამოყენების თაობაზე. როგორც აღინიშნა, ... ¹94-ში მდებარე სადავო ბინა ¹53 წარმოადგენდა ¹... სამხედრო ნაწილის საბინაო ფონდის სამსახურებრივ ბინას, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში დროებითი სარგებლობისათვის გადაეცემოდათ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს.

ბათუმის მერიის ¹... მიკრორაიონის გამგეობის მიერ გაცემული პირადი ბარათის მიხედვით, ¹... სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურე ა. კ.-ის ოჯახი სადავო ბინაში ცხოვრობდა 1991წ. 29 მარტიდან – 1991წ. 7 ივნისამდე პერიოდში და კასატორი ნ. დ.-ე ვაჟთან, რ. გ.-ესთან ერთად, სადავო ბინაში ჩაწერილია ა. კ.-ის წასვლის შემდეგ, 1992წ. 27 თებერვლიდან, როგორც მათი ნათესავი. მინისტრთა კაბინეტის ¹603 დადგენილების მე-14 და საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი არ არის სადავო ბინის, როგორც სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის ნ. დ.-ისათვის მიცემის შესახებ სამხედრო ნაწილის (საბინაო კომისიის) გადაწყვეტილება და არც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული სპეციალური ორდერი მოიპოვება. ამასთან კასატორი თავადაც აღიარებს, რომ იგი სამხედრო მოსამსახურე არასდროს ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორ ნ. დ.-ეს სამხედრო უწყების კუთვნილი სადავო ბინის სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და სადავო ბინაში მისი ჩაწერა განხორციელდა იმჟამად მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთაA კაბინეტის ¹603 დადგენილების უგულებელყოფით;

3. დაუსაბუთებლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ... ქ. ¹94-ში მდებარე სადავო ბინა წარმოადგენდა ¹... სამხედრო ნაწილის კუთვნილ სამსახურებრივი დანიშნულების ბინას, რომლის პრივატიზებაც იმპერატიულად აკრძალული იყო «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტით, ხოლო გარიგება, რომელიც კანონით დადგენილ აკრძალვებს არღვევს, ბათილია, თანახმად სკ-ს 54-ე მუხლისა;

4. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. მართალია, ნ. დ.-ემ სამსახურებრივი დანიშნულების ბინის პრივატიზება 1994წ. 16 ნოემბერს განახორციელა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი პრივატიზების ბათილობაზე 2001წ. 15 მაისს აღძრა, მაგრამ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის ვადაში აღძვრის შესახებ, რადგან სკ-ს 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს ... ¹94-ში მდებარე სამსახურებრივი დანიშნულების სადავო ბინა ¹... სამხედრო ნაწილისაგან გადაეცა 1999წ. 10 სექტემბერს. ამიტომ სკ-ს 130-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება ამ თარიღიდან _ 1999წ. სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ამდენად, სარჩელი, საკასაციო პალატის აზრით, ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის აღძრული. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სკ-ს 143-ე მუხლს, მართალია, უფლებრივი წინამორბედისათვის ანუ ¹... სამხედრო ნაწილისათვის გასული ხანდაზმულობის ვადა აგრეთვე გამოიყენება უფლებამონაცვლის – მოსარჩელე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართაც, მაგრამ კასატორ ნ. დ.-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა, რომ ¹... სამხედრო ნაწილისათვის ცნობილი იყო სამსახურებრივ ბინაზე მის მიერ განხორციელებული პრივატიზების შესახებ და რომ უფლებრივ წინამორბედს _ ¹... სამხედრო ნაწილს გასული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ არასამხედრო მოსამსახურე ნ. დ.-ე საბინაო კოდექსისა და მინისტრთა კაბინეტის ¹603 და ¹107 დადგენილების უხეში უგულებელყოფით ჯერ უკანონოდ დაეუფლა, ხოლო შემდეგ პრივატიზება მოახდინა ¹... სამხედრო ნაწილის კუთვნილი სამსახურებრივი დანიშნულების ბინისა, ამიტომ სკ-ს გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ მფლობელად ის ვერ ჩაითვლება.

«ყოფილი საკავშირო სამხედრო უწყებათა და დაწესებულებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთების, მასზე განლაგებული სამხედრო დასახლებების, სამხედრო საზღვაო ბაზების ძირითადი ფონდების მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემისა და მოხმარების სფეროს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილების თანახმად, ყოფილი საკავშირო უწყებათა ქონების ერთართერთი სამართალმემკვიდრე გახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რის შესაბამისადაც ¹... სამხედრო ნაწილმა სამსახურებრივი დანიშნულების კუთვნილი საბინაო ფონდის ბინები 1999წ. სექტემბერში გადასცა მოსარჩელე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, რომელსაც სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელე _ აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, როგორც მესაკუთრეს აქვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. ვინაიდან, კასატორმა ნ. დ.-ემ მოქმედი კანონმდებლობის იგნონირებით, უკანონოდ მიისაკუთრა სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ ქ. ბათუმში, ... ¹94-ში მდებარე ¹53 ბინის პრივატიზების ბათილად ცნობისა და სამსახურებრივი ბინიდან ნ. დ.-ის გამოსახლების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენა-შეფასებითა და კანონის სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, ხოლო ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ნ. დ.-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.