Facebook Twitter

3გ-ად-301-კ-02 5 თებერვალი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ...-ის რაიონის გამგეობის 2001წ. 28 მარტის ¹11/31 დადგენილების ბათილად ცნობა და ...-ის გამგეობის 1997წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 23 აპრილს ...-ის რაიონის რაიკოოპერატივის გამგეობამ სარჩელით ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ...-ის რაიონის გამგეობის 2001წ. 28 მარტის ¹11/31 დადგენილების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ კულტურის სახლის დანგრევის გამო, ...-ის რაიონის კულტურის განყოფილება სამუსიკო სკოლის სარდაფში შეასახლეს, სადაც კულტმასობრივი ღონისძიებების ჩატარების პირობები არ არსებობდა. კულტურის სახლის ხელმძღვანელობამ რაიონის გამგეობას რაიკოოპკავშირის ბალანსზე არსებული ...-ის სახლის სარაიონო კულტურის განყოფილებაზე იჯარით გადაცემის შესახებ თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ...-ის რაიონის გამგეობასა და რაიკავშირს შორის 1994 წელს ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც 10 წლის ვადით, ...-ის სახლი კულტურის განყოფილებას გადაეცა, ხოლო მეორეს მხრივ რაიკავშირის გამგეობას ...-ის სახლის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ საკრებულოს დაქვემდებარებაში მყოფი კომუნალური მეურნეობის საწარმოო კომბინატის ბალანსზე რიცხული ¹... გასტრონომი 191 კვ. მ. ფართით იმ პირობით მიაკუთვნეს, რომ რაიკავშირი არ გადაიხდიდა აღნიშნული შენობის ქირას და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ფართობი უსასყიდლოდ მის საკუთრებაში გადავიდოდა.

1997წ. 1 დეკემბერს ...-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრებაზე, ბიუჯეტისადმი მათი დავალიანების ჩასათვლელად, დაისვა საკითხი ...-ის სახლის რაიონის კულტურის განყოფილებისათვის საბაზრო ფასით გადაცემის თაობაზე, რასაც ...-ის რაიონის გამგეობის 1997წ. 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილება ემყარება, რომლითაც რაიონის გამგეობამ, რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტისადმი რაიკავშირის დავალიანების გაქვითვის მიზნით, ...-ის კულტურის განყოფილებას ...-ის რაიკავშირის ბალანსზე არსებული «...-ის სახლი" საბაზრო ფასის _ 30000 ლარის ღირებულებით შეუძინა.

2001წ. 23 მარტს ...-ის საგადასახადო ინსპექციამ რაიონის გამგეობისადმი მიმართულ წერილიში ეჭვქვეშ დააყენა რაიონის გამგეობის 1997წ. 29 დეკემბრის ¹16/100 დადგენილების იმ ნაწილის სისწორე, რომელიც რაიკოოპკავშირის ადგილობრივი ბიუჯეტისადმი დავალიანების ოდენობას ეხებოდა. აღნიშნული წერილის საფუძველზე ...-ის რაიონის გამგეობამ 2001წ. 28 მარტს ¹11/31 სადავო დადგენილებით 1997წ. 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც "...-ის სახლის" ფასს ეხებოდა 8462 ლარამდე შეამცირა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე დააფუძნა.

მოპასუხე ...-ის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ «ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის თანახმად გამგეობას მის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა. მოსარჩელის მითითებით გამგეობის სხდომა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 21 დეკემბრის ¹ 702 ბრძანებულებით დამტკიცებული გამგეობის დებულების 37-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტების შესაბამისად წარიმართა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარემ ...-ის გამგეობის ¹11/31 დადგენილების ძალაში დატოვება მოითხოვა. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ...-ის გამგეობის 2001წ. 28 მარტის ¹11/31 დადგენილება ბათილად გამოცხადდა. ...-ის რაიონის გამგეობასა და მოსარჩელე _ ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგება «...-ის სახლის" 30000 ლარად შეძენის შესახებ კანონიერად გამოცხადდა.

...-ის რაიონის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ...-ის რაიონის გამგეობამ გაასაჩივრა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გაიგო საქმის ვითარება, კერძოდ 1997წ. 29 დეკემბრის 16/100 დადგენილების სისწორის შესახებ ეჭვი საგადასახადო სამსახურის წერილის შემდეგ წარმოიშვა. გადამოწმებული ინფორმაციის შედეგად რაიკავშირის ორგანიზაციის დავალიანება დადგინდა, რაც საფუძველი გახდა დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა. ...-ის სახლის ფასი მისი საბალანსო ღირებულებით განისაზღვრა, რადგან კერძო აუდიტის დასკვნა საქმეში არ არსებობდა, ხოლო გამგეობის სხდომაზე წარმოდგენილი კომისიის დასკვნა მხოლოდ რაიკავშირის ბეჭედს შეიცავდა, რის გამოც იგი გამგეობამ ვერ გაიზიარა. აპელანტმა თავისი მოთხოვნა საქმეში მითითებულ გარემოებებზე დაამყარა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ...-ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე შეაფასა საგადასახადო ინსპექციამ რაიკოოპერატივის კუთვნილი ქონება 8748 ლარად;

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა აგრეთვე ის გარემოება, რომ 1997წ. 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხი ...-ის რაიონის გამგეობის მიერ არც გეგმაში, არც დღის წესრიგში არ ყოფილა შეტანილი და არც სხდომის საჯაროობა ყოფილა დაცული. დადგენილებაში მითითებული არ არის იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო ცვლილების შეტანას, რითაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 53-ე მუხლის მოთხოვნები უხეშად დაირღვა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამართლის სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით უცვლელი დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება.

2001წ. 2 ნოემბერს ...-ის რაიონის გამგეობამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა.

კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც გამოიტანა გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით ...-ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გარიგების დადების მოტივად საბიუჯეტო დავალიანების არსებობა მიიჩნია. სასამართლომ იმსჯელა გარიგების კონტრჰაგენტი ადმინისტრაციული ორგანოს - ...-ის რაიონის გამგეობის მიერ გარიგების ცალმხრივად შეცვლის მართლზომიერებაზე და მიიჩნია, რომ ...-ის გამგეობას არ დაურღვევია სკ-ს 355-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან თავად ხელშეკრულება არ არსებობს და მხარეთა გარიგება ბათილია. სასამართლომ გარიგების ბათილობის საფუძვლად სკ-ს 327-ე მუხლი მიიჩნია. კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ მხარეები გარიგების დადებისას მის ყველა არსებით პირობაზე არ შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული წესით. ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების დადების დროს მხარეთა მიერ არ იქნა დაცული სკ-ს 183-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. ...-ის რაიკოოპერატივის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

...-ის რაიკოოპერატივის გამგეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია საპროცესო ნორმები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალტის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:'

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ...-ის რაიონის გამგეობის 1997წ. 29 დეკემბრის ¹16/100 გადაწყვეტილებით ...-ის რაიონის კულტურის განყოფილებას ...-ის რაიკავშირის ბალანსზე რიცხული ...-ის სახლი მიეყიდა, რითაც რაიკავშირის ბიუჯეტში გადახდილად საბიუჯეტო დავალიანება 3000 ლარის ოდენობით ჩაეთვალა. ...-ის რაიონის გამგეობის 2001წ. 28 მარტის სადავო ¹11/31 დადგენილებით ¹16/100 გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა. მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა საგადასახადო ურთიერთობიდან გამომდინარე ურთიერთობას წარმოადგენს და მისი დადების მოტივი საბიუჯეტო დავალიანების არსებობა იყო. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, 1997წ. დეკემბრისათვის ...-ის რაიოკოოპერატივის საბიუჯეტო დავალიანება 1138 ლარს შეადგენდა, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტისა _ 296 ლარს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ...-ის გამგეობის სადავო ¹16/100 და ¹11/31 გადაწყვეტილებები თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, ანუ გარიგების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე წარმოქმნილი სამართალურთიერთობის მოსარეგულირებლად გამოიყენება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესები და სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გარიგებები, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის აზრს და მიიჩნევს, რომ ¹11/31 გადაწყვეტილება თავისი შინაარსით გარიგებას წარმოადგენს, ანუ ¹16/100 გადაწყვეტილების ნაწილს და ისინი განხილულ უნდა იქნეს როგორც არსებითად ერთიანი გარიგება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს და გარიგება ...-ის სახლის ნასყიდობის შესახებ ბათილია შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეებმა ...-ის სახლის შესახებ ხელშეკრულების დადებისას არ შეასრულა სკ-ს 327-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ მხარეებმა არ დაიცვეს უძრავი ნივთის გასხვისებისათვის დადგებული კანონით გათვალისწინებული სპეციალური ფორმა. ამასთან, სკ-ს 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რიომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, რაც მხარეთა მიერ შესრულებული არ იყო. სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. სკ-ს 183-ე მუხლით კი იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც მხარეთა მიერ დაცული არ არის.

ამდენად, უზენაესი სასამართლოს ამდინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა _ დადებულად იქნეს ცნობილი ...-ის სახლის 30000 ლარად ნასყიდობის გარიგება _ უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი, თანახმად სკ-ს 385-ე მუხლისა.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს აზრს და მიიჩნევს, რომ ...-ის გამგეობისა და რაიკოოპერატივს შორის გარიგების დადების მოტივი საბიუჯეტო დავალიანების არსებობა გახდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ...-ის სახლის ღირებულებით მომხდარიყო მისი დაფარვა და ეს ორივე მხარისათვის გაცნობიერებულ იყო. ამ თვალსაზრისით სადავო გარიგება დადებულად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად გადასახადების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული ანგარიშგება საგადასახადო ორგანოების კომპეტენციას მიეკუთვნება.

ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ვინაიდან ...-ის რაიონის გამგეობამ დადო ადმინისტრაციული გარიგება რაიკავშირთან საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით _ იგი ამ გარიგებით ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ 1997წ. 28 დეკემბრის ადმინისტრაციული გარიგება ...-ის რაიონის გამგეობასა და ...-ის რაიკოოპერატივს შორის ...-ის სახლის ნასყუდობის შესახებ ბათილია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებითა და სსკ-ს 3856-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ...-ის რაიკოოპერატივის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება.

3. ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.