3გ-ად-372-კ-02 31 იანვარი, 2002 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების და ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 ივლისს ნ. თ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ. მ.-ის და ქ. ბათუმის ¹...-ე მიკრორაიონის გამგეობის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მისი ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს ქ.ბათუმში, ..., ოროთახიან ბინაში. ამავე სახლში, რომელიც ადრე ... საამქროს წარმოადგენდა და შემდეგ საცხოვრებელ ოთახებად გადაკეთდა და დაურიგდათ საწარმოს მუშა-მოსამსახურეებს, მის მეზობლად ცხოვრობდნენ ლ.შ.-ი, ს.მ.-ი და მ.დ.-ა. ლ.შ.-მ 1982 წელს მიიღო ბინა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მ.დ.-ა გარდაიცვალა 1981 წელს. გამოთავისუფლებულ ოთახებზე მის ოჯახს გააჩნდა გაფართოების უპირატესი უფლება, მაგრამ გაფართოების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. 1998 წელს მისმა მეზობელმა ს. მ.-მ პრივატიზება გაუკეთა როგორც მის მიერ დაკავებულ ორ ოთახს, ასევე გამოთავისუფლებულ ფართსაც. პრივატიზება გაკეთებულია იმ დროს, როდესაც მას ქალიშვილი ტრაგიკუად დაეღუპა და გარდაცვლილი სახლში ესვენა. ს. მ.-მ ანდერძით პრივატიზებული ბინა დაუტოვა მოპასუხე მ.მ.-ს, რომელთანაც ისეთი ახლო ურთიერთობა არ აკავშირებდა, რომ მისთვის ქონება დაეტოვებინა. მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ ს.მ.-ი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და მისი ხელმოწერები პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე და ანდერძზე ყალბი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვდა 1998წ. 24 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და არასათანადო უფლებამოსილების გამო შემდეგი საფუძვლებით:
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ის წლების განმავლობაში მიმართავდა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მ.დ.-სა და ლ.შ.-ის მიერ გამოთავისუფლებული ფართის მისთვის გადაცემის და გაფართოვების თაობაზე, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი. საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ს.მ.-ის მიერ მ.მ.-ის სასარგებლოდ გაცემული ანდერძი სადავო ვერ გახდება იმ გარემოების გამო, რომ ს. მ.-ი მ.მ.-ის ნათესავი არ იყო, რადგან მოქმედი სკ-ს სამემკვიდრეო სამართლის ნორმები ქონების ანდერძით გადაცემისათვის საჭიროდ არ თვლის მხარეთა შორის ნათესაური ურთიერთობის არსებობას.
სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულებებზე ხელმოწერები ეკუთვნის ს.მ.-ს, დაეყრდნო რა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას და გამორიცხა საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის და ანდერძის ხელშეკრულებაზე ს.მ.-ის ხელწერის გაყალბების ფაქტი.
საქალაქო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ მოსარჩელე ნ.თ.-ს ს.მ.-ის ბინის კეთილსინდისიერი შემძენის, მოპასუხე მ.მ.-ის, მიმართ რაიმე პრეტენზიის გაცხადების კანონისმიერი უფლება არა აქვს და მოთხოვნის ამ ნაწილში ის არაუფლებამოსილი პირია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ნ.თ.-მ სარჩელში მითითებული საფუძვლებით. სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებისას ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას არ ყოფილა გამოყენებული სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი ხელნაწერთა დედნები. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სთხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ.თ.-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მეზობლად მცხოვრებმა ს. მ.-მ, რომელსაც თავის ქალიშვილთან ერთად ორი ოთახი ეკავა, მიმართა ქ.ბათუმის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო კანტორას დადგენილი წესით და როგორც დამხმარე ფართი, შემოიერთა მ.დ.-ასა და ლ.შ.-ის მიერ დიდი ხნის წინათ გამოთავისუფლებული ოთახები, ამის შემდეგ კი, 1998წ. 24 იანვარს, გააფორმა პრივატიზაციის ხელშეკრულება და გახდა 22 მ2 საცხოვრებელი და 33,61 მ2 დამხმარე ფართის მესაკუთრე.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თავისი ბინის პრივატიზაციამდე, აპელანტს გაფართოვების მიზნით არ ჰქონდა მიღებული არავითარი ზომები. თავისი ბინის პრივატიზების შემდეგ კი საქართველოს საბინაო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად მას აღარ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა გაფართოება კომუნალური ფართის ხარჯზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტის არც ბინის პრივატიზების შემდეგ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის გაფართოების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ს.მ.-ის მიერ დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არის კანონიერი და შესაბამისად მას თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო ეანდერძებინა თავისი ქონება ნებისმიერი პირისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია, რომ ხელმოწერები პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და ანდერძზე ს.მ.-ის მიერ არაა შესრულებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა გამოთავისუფლებული ფართის პირველ რიგში მისთვის გადაცემის თაობაზე შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ მმართველობის ორგანოების და არა ს.მ.-ის მიმართ, რომელიც ბინის კეთილსინდისიერი შემძენია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ნ.თ.-ე და ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დააკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
1) არ არის გამოკვლეული, თუ ბათუმის მე-2 მ/რაიონის გამგეობის მიერ ს.მ.-ს რის საფუძველზე გადაეცა გამოთავისუფლებული ფართი;
2) სასამართლოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ს.მ.-ის წერა-კითხვის უცოდინარობას;
3) სასამართლომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა გაიზიარა ისე, რომ შეფასება არ მისცა ექსპერტიზისათვის სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი ხელნაწერების წარუდგენლობის ფაქტს;
4) უკანონო პრივატიზებით შეილახა მათი უფლებები, კერძოდ, მოესპოთ ეზოში გასასვლელით სარგებლობის უფლება, რაც ასევე არ ყოფილა სასამართლოზე გამოკვლეული და არ მისცემია შესაბამისი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამარათლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოიტანა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ ს. მ.-მ, რომელსაც საცხოვრებელ სახლში თავის ქალიშვილთან ერთად ორი ოთახი ეკავა, დადგენილი წესით მიმართა ქ.ბათუმის ¹... საბინაო საექსპლუატაციო კანტორას და შემოიერთა როგორც დამხმარე ფართი, ასევე _ მოქ. მ.დ.-სა და ლ.შ.-ის მიერ დიდი ხნის წინათ გამოთავისუფლებული ოთახები, მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული ფაქტის რაიმე მტკიცებულება. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1-ლი თებერვლის ¹107-ე დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემათ ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლებს, ანუ დამქირავებელს მხოლოდ იმ ფართის პივატიზაციის უფლება აქვს, რომელსაც იგი ფლობს სარგებლობის უფლებით. აპელანტი მხარე ერთ-ერთ სადავო საკითხად სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევდა და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა, რომ ს.მ.-ს პირობების გაუმჯობესების თაობაზე არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია, მას გაფართოება არ ეკუთვნოდა, ამდენად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გადასცეს გამოთავისუფლებული ფართი, ხოლო მის ხუთსულიან ოჯახს, რომელსაც ორი პატარა ოთახი ეკავა, გაფართოებაზე უარს ეუბნებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ყოფილა ასევე გამოკვლეული, თუ რის საფუძველზე მოხდა მოქალაქეების: მ.დ.-სა და ლ.შ.-ის მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელ, დამხმარე ფართში ჩარიცხვა, ს.მ.-ისათვის გამოთავისუფლებული ფართის გადაცემით ხომ არ შეილახა კასატორის უფლებები, რადგან საქმეში, წარმოდგენილ სქემაზე მითითებულია კასატორის საცხოვრებელი ბინიდან ს.მ.-ისათვის გადაცემულ გასასვლელში გამავალი კარები. საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საბინაო კოდექსის 56-ე მუხლის მოთხოვნები, მიუთითა რა განჩინებაში, რომ კასატორს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მიერ პრივატიზებულ იქნა დაკავებული ფართი და მისი მესაკუთრე გახდა, არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა გაფართოება. ასეთ შეზღუდვას საბინაო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ფაქტობრივად არ უმსჯელია აპელანტის მიერ გრაფიკული ექსპერტიზის თაობაზე გამოთქმულ პრეტენზიის შესახებ, რომ არ ყოფილა აღსრულებული სასამართლოს მიერ 2001წ. 6 დეკემბერს გამოტანილი განჩინების მოთხოვნა და ექსპერტიზას გამოსაკვლევად არ გადასცემია აჭარის ა/რ სახელმწიფო ცენტრალური არქივიდან გამოთხოვილი ქ.ბათუმის გამწვანების ტრესტის ხელფასის უწყისები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად და ვინაიდან საჭიროა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, საკასაციო პალატას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა. საქმე ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად ზემოაღნიშნულ მითითებებით ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.