ბს-1375-1358(კს-11) 20 დეკემბერი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება;
დავის საგანი –სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნას, ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საჯარო აუქციონის შესახებ 2010 წლის 29 ოქტომბრის ¹10058473-013/001 ოქმი და მის საფუძველზე მიღებული 2010 წლის 29 ოქტომბრის ¹10058473-014/001 განკარგულება, უარი ეთქვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტ მ. ტ-ს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე», «ვ» პუნქტებისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა: 1) მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; 2) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ასევე სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარზე დასართავად წარმოდგენილი არ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
2011 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მ. ტ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განცხადება აპელანტის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილი იქნა ფოსტის მეშვეობით, ხოლო ფისტაში ჩაბარების თარიღად მითითებულია 2011 წლის 16 ივნისი, რაც დასტურდება არსებული ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე 64-ე და 65-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა-7 დღე, აღნიშნული განჩინება მას ჩაბარდა 2011 წლის 7 ივნისს სატელეფონო შეტყობინების გზით, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 14 ივლისს, ხოლო მხარის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე ფოსტას ჩაბარდა 2011 წლის 16 ივნისს, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მხრიდან წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის მიერ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა წარმოდგენილი იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, ამასთან მითითებული განცხადება არ შეიცავდა შუამდგომლობასა და მტკიცებულებებს ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, რაც წარმოადგენდა მ. ტ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ-ის წარმომადგენელმა ქ. უ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
Kკერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე წერილობითი ფორმით არ ჩაბარებია, ხოლო რაც შეეხება სატელეფონო შეტყობინებას, მას მართლაც ესაუბრა მოსამართლის თანაშემწე, მაგრამ ხმაურის გამო განჩინების მოსმენა იყო შეუძლებელი. მიუხედავად მისი მოთხოვნისა განჩინება ჩაბარებოდა ხელზე, მოსართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ იგი ვალდებული იყო 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟის გადახდის ქვითარი.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, ვინაიდან 2011 წლის 20 ივნისის განჩინება მას ხელზე არ გადასცემია, მისი მხრიდან ხარვეზის შევსების ვადა დაცულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ტ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, რომლითაც აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე», «ვ» პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ იგი არ შეიცავდა მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას ითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; სააპელაციო საჩივარს ასევე არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრის მიზნით აპელანტს დაუწესდა საპროცესო ვადა 7 დღე, მისთვის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ხარვეზის თაობაზე მიღებული განჩინების გაგზავნის სპეციალურ წესს, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე ხელმძღვანელობს ასევე სააპელაციო სასამართლო. მოცემული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, მაგრამ საყურადღებოა, რომ სატელეფონო შეტყობინების შესაძლებლობა შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იგივე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ მხარედ; ესენია ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა»-»დ», «ზ» «კ», და «მ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები; სარჩელის ფორმალური მხარის შემოწმებისას უნდა შემოწმდეს ასევე, სარჩელს ერთვის თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, სარჩელს ასევე უნდა ერთვოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იმდენ ასლად, რამდენიც მოპასუხეა.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის სარჩელის ფორმალურ მხარეს, რომლის დაუცველობის შემთხვევაში კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ მათი სატელეფონო შეტყობინების გზით გააცნობის შესაძლებლობას. რაც შეეხება საჩივრის შინაარსობრივ მხარეს, აღნიშნულში მოიაზრება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო საჩივარი, რომელზეც დადგენილი ხარვეზი შეეხება არა მარტო მის ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ მხარესაც, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება მიეკუთვნება სწორედ სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) შინაარსობრივ მხარეს, რომლის თაობაზე გაკეთებული სატელეფონო შეტყობინება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ დანაწესს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის განჩინების ჩაბარების თარიღად სატელეფონო შეტყობინების დღის-2011 წლის 7 ივნისის მითითებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარისათვის გაცნობისას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე მ. ტ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.