ბს-1414-1396(2კ-კს-11) 19 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს ,,ო-ი’’
მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი _ შპს ,,ს-ი’’
დავის საგანი _ მესამე პირის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ო-მ’’ 2010 წლის 29 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 ივლისის რეგისტრაციის შესახებ ¹882010598740-08 და 2010 წლის 9 ივლისის ¹882010673750-07, 2010 წლის 30 ივნისის ¹169640 და 2009 წლის 3 ივლისის ¹882009186369-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს ,,ო-ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 სექტემბრის ¹250216 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ო-ს’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ო-ს’’ მიერ აღძრულ სარჩელში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს ,,ს-ი’’.
შპს ,,ო-მ’’ 2010 წლის 24 დეკემბერს დაზუსტებული (გაზრდილი) სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ძირითად სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად ასევე მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 ნოემბრის ¹882010865462-03 გადაწყვეტილება 05.27.14.031 საკადასტრო კოდზე თავის საკადასტრო გეგმასთან ერთად; ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 10 ნოემბრის ¹882010865469-03 გადაწყვეტილება 05.27.14.032 საკადასტრო კოდზე თავის საკადასტრო გეგმასთან ერთად; განხორციელდეს ცვლილებები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, აღსდგეს შპს ,,ო-ს’’ საკუთრება 2009 წლის 3 ივლისის ¹882009186369-03 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მდგომარეობაში, როგორც კანონთან სრულ შესაბამისობაში მყოფი და შპს ,,ო-ს’’ კვლავ დაურეგისტრირდეს მისი კანონიერი საკუთრება 2009 წლის 3 ივლისის მდგომარეობით მის მიერ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი კანონიერი დოკუმენტაციის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ო-ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ო-მ’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შუამდგომლობა თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენს თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია, შესაბამისად მისი მესამე პირად ჩაბმა სავალდებულოდ არ იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერია არ წარმოადგენდა იმ პირს ვის უფლებასაც შეიძლება შეეხოს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის არც პირველი და არც მეორე ნაწილით არ არსებობდა ქ. ბათუმის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილია იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, რომელიც ხვდებოდა შპს ,,ო-ს’’ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს შპს ,,ო-ს’’ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების აღდგენა, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქ. ბათუმის მერიის ინტერესებზე, უფრო მეტიც იგი არის აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს “ო-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს-მა” და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმის საკითხი. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ანუ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული, საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირი არის ისეთი პირი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობასთან უშუალო კავშირში იმყოფა და სასამართლოს მიერ მისაღები (მიღებული) გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერსთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივ შედეგს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამოიწვევდა რადგან, საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანია შპს “ო-ს” საკუთრებაში არსებული ...ის ქ. ¹132ა-ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაზუსტების თაობაზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 ივლისის ¹8820009186369-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 ივნისის ¹169640 გადაწყვეტილება და შპს “ო-ს” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების აღდგენა. სადავო აქტის თანახმად შპს “ო-ს” მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და შპს “ს-ის” საკუთრებაში არსებულ ...ის ქ. ¹132-ში მდებარე 4160 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს შპს “ო-ს” საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შპს “ს-ის” საკუთრებაში არსებულ 4160 კვ.მ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება, მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც დავობენ მხარეები დღეის მდგომარეობით კვლავ შპს “ს-ის” საკუთრებად არის რეგისტრირებული _ ... საკადასტრო კოდით. ქ. ბათუმის მერიის მიერ 2009 წლის 29 ოქტომბრის განცხადების მიღების ბარათით ირკვევა, რომ განმხცხადებელი ითხოვდა ქ. ბათუმში, ...ი/...ის ქუჩების კვეთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაზეც ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა წარმოება, ვინაიდან წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ფარავდა ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მონაცემებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაცია ეხებოდა სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და არა მოცემულ საქმეში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთს, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ო-სა” და შპს “ს-ს” შორის სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის კანონიერი ინტერესის არსებობა არ დასტურდება. ამდენად, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია არ წარმოადგენს იმ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შედეგად, მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.