ბს-1515-1494(კს-11) 20 დეკემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ღ-ე, ი. გ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 13 დეკემბერს ა. ღ-მ და ი. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჯარო რეესტრის გორის განყოფილების მიმართ და მოითხოვეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 17 ნოემბრის ¹710 მიმართვა გორში, ...ის ქ. ¹4-ში მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, 2008 წლის 14 ნოემბრის ¹ 3118 მიმართვა გორში, ...ის ქ. ¹4 – ში მდებარე 87.69 მ2 ფართის ნაწილში ბათილად ცნობა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგეობის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. (იხ. ს.ფ. 1-8. ტ. I).
ქ. გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ღ-ისა და ი. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 ნოემბრის ¹ 3118 მიმართვა გორში, ...ის ქ. ¹ 4- ში მდებარე 87.69 მ2 ფართის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურში ¹ ... საჯადასტრო კოდით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების შესახებ ჩანაწერი ა. ღ-სთან მიმართებაში 1.4 მ2 –ის, ხოლო ი. გ-სთან მიმართებაში – 7.25 მ2 –ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 17 ნოემბრის ¹710 მიმართვა გორში, ...ის ქ. ¹ 4- ში მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. (იხ. ს.ფ. 152-156. ტ. I).
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი დაბრუნება იმავე ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილება სასაამართლოს მიერ მიღებული იყო მისი მოწვევის გარეშე. (იხ. ს.ფ. 161-169. ტ. I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვა ხარვეზზე და მხარეს მისცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივ უსწორობები. (იხ. ს.ფ. 3-5. ტ. II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი. (იხ. ს.ფ. 12-14. ტ. II).
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. (იხ. ს.ფ. 21-27. ტ. II).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინა ხარვეზი და განისაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი. (იხ. ს.ფ. 31-32. ტ. II).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი სადაც გაიმეორა საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნები, კერძოდ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე სადაც გამოვიდა გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. (იხ. ს.ფ. 35. ტ. II).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბერს კასატორს კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, რათა წარმოედგინა დასაბუთებულ კერძო საჩივარი. (იხ. ს.ფ.37-38. ტ. II).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა წარმოადგინა კერძო საჩივარი სადაც გაიმეორე საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. (იხ. ს.ფ. 45. ტ. II)
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. (იხ. ს.ფ. 50. ტ. II)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და მხარეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწოროებების მითითების წარუდგენლობის გამო მიეცა 5 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
საქმეში არსებული მტკიცებულებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2011 წლის 10 აგვისტოს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ (იხ. ს.ფ. 8. ტ. II), მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა და წარედგინა სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 15 აგვისტოს 24 საათამდე, რაც მას არ განუხორციელებია.
აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების გამოგზავნის შესახებ საქართველოს ფოსტის გორის ფილიალს მიმართა 2011 წლის 16 აგვისტოს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული შტამბით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამართალწარმოებაზე სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.