Facebook Twitter

კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ბს-1520-1499(კს-11) 2 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა ნ. დ-ის განცხადება სსსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 6 ივნისს ნ. დ-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 24 იანვრის ¹000324 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 აპრილის ¹659 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-11).

2011 წლის 10 ივნისს მოსარჩელემ დააზუსტა მხარეები და მოპასუხეებად მიუთითა: ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ.147-156).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 161-170).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 191-193).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. დ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება (იხ. ს.ფ. 198-199).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ. დ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (იხ. ს.ფ. 221).

Nნ. დ-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 227-228).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო კერძო საჩივრის ავტორის – ნ. დ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მასზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა – ნ. დ-მ განაცხადა რა უარი კერძო საჩივარზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის – ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილია განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და წარმოდგენილია თანხმობა მოწინააღმდეგე მხარეების ნების გამოხატვაზე, საკასაციო სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 272-ე, 401-ე მუხლებით და წყვეტს წარმოებას კერძო საჩივარზე მასზე უარის თქმის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 208-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კერძო საჩივრის ავტორის – ნ. დ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. დ-ს დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.