Facebook Twitter

ბს-1526-1505(კს-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,...”

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 აპრილს შპს ,,...”-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2010 წლის 26 თებერვლის ¹045100 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, 2010 წლის 12 მარტის ¹07/1198 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 24 ივნისის ¹842 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღე.

2011 წლის 30 აგვისტოს შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...”-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 59-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება აპელანტ – შპს ,,...”-ის დირექტორს რ. ხ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2011 წლის 12 აგვისტოს მის მეუღლეს ლ. ხ-ს ჩაბარდა.

საააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტის მიერ ვადაში არ იქნა შესვებული და მხარემ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს დაგვიანებით მიმართა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2011 წლის 26 აგვისტოს ოცთაოთხ საათზე ამოიწურა, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს ,,...“-ის მდგომარეობა, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი, რათა გაეხადა სახელმწიფო ბაჟი და არ გაუგრძელა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება მისთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა კონკრეტულ განმარტებას ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სავარაუდო შედეგების, კერძოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აგრეთვე, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსაზღვრული იყო ორაზროვნად, კერძოდ, გაუგებარი იყო თუ რა ოდენობის სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა აპელანტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...”-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს ,,...”-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...-ს” სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14 დღე განჩინების ჩაბარებიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებაში არ იყო განმარტებული ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სავარაუდო შედეგების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 226-227).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სასამართლოს მიერ აპელანტს განესაზღვრა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. ამასთან, მხარეს განემარტა საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობის შედეგები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის თანახმად, შპს ,,...-ის” დირექტორს რ. ხ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹14-ში (ს.ფ. 228).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინების ასლი რ. ხ-ის მეუღლეს _ ლ. ხ-ს 2011 წლის 12 აგვისტოს ჩაბარდა (ს.ფ. 228).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინების ასლი რ. ხ-ის მეუღლეს _ ლ. ხ-ს 2011 წლის 12 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 13 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადა 2011 წლის 26 აგვისტოსს (პარასკევს) 24 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...-მა” გაუშვა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, ვინაიდან, ხარვეზის შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს მის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, თუ მხარე დადგენილ ვადაში ნაწილობრივ შეავსებს ხარვეზს ან განცხადებით მიმართავს სასამართლოს. ამასთან, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...”-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.