ბს-1549-1528(კს-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ აწ. გარდაცვლილი შ. თ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ე;
მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
გასაჩივრებული (საოქმო) განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება;
დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ. თ-მ მოპასუხის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 7 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლით - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლას და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია შეიცვალა უფლებამონაცვლით - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი და დადგინდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ. თ-ისათვის დანიშნული ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს – 640 ლარის გადახდის ნაწილში, ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-მ.
კასატორი საკსაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით შ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2010 წლის 6 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაცო საჩივართან დაკავშირებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ამავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 9 მარტს გაცემული საააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირად ჩაბმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის (აწ. გარდაცვლილი) შ. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგინდა ლ. კ-ე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ დავასთან მიმართებაში განპირობებული არ არის საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. გარდაცვლილი შ. თ-ის უფლება-მოვალეობები სხვა პირზე ვერ გადავიდოდა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლის დადგენა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კერძო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებასა და ლ. კ-ეისათვის აწ. გარდაცვლილი შ. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ მიჩნევაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 1 მარტიდან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით.
2009 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ. თ-მ მოპასუხის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 7 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლით - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლა და ახალი სააღსრულებო ფურცელის გაცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
მითითებული მუხლის მიხედვით, უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ეს არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. იგი მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთერთობაში უფლება-მოვალეობების სუბიექტის შეცვლა, მაშინ დაიშვება საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რა დროსაც მხარის საპროცესო სტატუსი გადადის სხვა პირზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, აღნიშნული გამორიცხავს საპროცესო უფლებამონაცვლეობასაც.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განისაზღვროს სადავოდ ქცეული უფლების ხასიათი, ანუ დადგინდეს წამოადგენს ის პირად უფლებას თუ არა. პირადი ხასიათსის უფლება თავისთავში გულისხმობს მის პირდაპირ დამოკიდებულებას უფლების უშაუალო მფლობელთან და გამორიცხავს აღნიშნულის პრაქტიკულ რეალიზაციას სხვა მესამე პირების მიერ. ანუ შესრულება გათვალისწინებულია პირადად კონკრეტული პირისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართალურთიერთობაში თავდაპირველი მოვალის უფლებამონაცვლის განსაზღვრა. მოსარჩელის ინტერესია, დადგინდეს თუ ვინ მიიჩნევა მისი ვადამოსული ვალდებულების ადრესატად, შესაბამისად განსაზღვრა იმისა, თუ ვის დაეკისრება მოთხოვნის - ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკმაყოფილების ვალდებულება.
ამასთან საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიჩნევის შემთხვევაში მას წარმოეშობა მოთხოვნის შესრულების ვალდებულება, რაც უპირობოდ უკავშირდება კრედიტორის არსებობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არ სარჩოს დაკისრება ან მისი ოდენობის განსაზღვრა, არმედ სათნადო მოვალის (თავდაპირველი მოვალის უფლებამონაცვლის) დადგენა, მაგრამ შ. თ-ის უფლებამონაცვლის განსაზღვრა საბოლოოდ გამოიწვევს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან (სარჩოს გადახდია) გამომდინარე მოთხოვნის უფლებამონაცვლეზე გადასვლას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩო თავისი შინაარსით გულისხმობს იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მიადგა სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილ პირის ამა თუ იმ შემთხვევის გამო.
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გადასახდელი სარჩო ემსახურება სარჩოს მიმღები პირის უზრუნველყოფას შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით, ვინაიდან დამდგარი შედეგის გამო მას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად ირჩინოს თავი.
ბუნებრივია ზოგადად, სარჩოს მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის მიმართაც დადგინდა კონკრეტული შემთხვევის გამო სარჩოს გადახდის ვალდებულება და მისი გადაცემა სხვა მესამე პირებზე არ ხდება. ასეთ დროს დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცველობა შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს საპიროცესო უფლებამონაცველობასაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 1 მარტიდან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდა მოვალის უფლებონაცვლის იმ ეტაპისთვის არარსებობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლის დადგენამდე წარმოიშვა გადასახდელი სარჩოს დავალიანება, ანუ სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულების მოვალეობა დადგა შ. თ-ის გარდაცვალებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივები), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სამკვიდრო მომენტისათვის. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო მასაში შედის შ. თ-ის მოთხოვნა გადასახდელი სარჩოს, როგორც გარდამავალი უფლების, დავალიანების გადახდის თაობაზე და მის უფლებამონაცვლეს შეიძლება გადაეცეს იმ სახით, რა სახითაც მამკვიდრებელს გააჩნდა.
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა წინაპერიოდზე (შ. თ-ის გარდაცვალებამდე) არსებული სარჩოს დავალიანება, რომლის მიღების უფლება შ. თ-ს უკვე მოპოვებული ჰქონდა. შესაბამისად, მის უფლებამონაცვლეზე მატერიალური სამართლის ნორმების საფუძველზე დავალიანების ნაწილში უფლებამონაცველობა დაიშვება. აქედან გამომდინარე დაშვება საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის ნორმებს, რის გამოც არ არსებობს საოქმო განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.