Facebook Twitter

ბს-1550-1529(კს-11) 23 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებაზე, ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენლის – ა. კ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში საკითხი და შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განმეორებით ხარვეზის ვადის განსაზღვრის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 11 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1550-1529(კს-11) ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის შემდეგი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი: საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხის 100%, მიმღები - ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222) და კერძო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში (იხ. ტ. II; ს.ფ. 56-57).

2011 წლის 3 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენელმა – ა. კ-მ, წარმოადგინა კერძო საჩივარი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში და საგადასახადო დავალების ¹5028112412 ასლი, რომლიდანაც არ ირკვევა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მიზნობრიობა, თუ რომელ საქმეზეა გადახდილი და აღნიშნული გადახდა დაკავშირებულია თუ არა მოცემულ კერძო საჩივართან (იხ. ტ. II; ს.ფ. 67).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,გ. გ-ს” გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ტ. II; ს.ფ. 68-69).

2011 წლის 18 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენელმა – ა. კ-მ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი ნ. კ-ე არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირის ,,...ს” დამფუძნებელი. გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” კერძო საჩივარზე და ქვითრის დედანი დაურთო კერძო საჩივარს, წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ არ არის საქმეში ჩაკერებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,გ. გ-ს” კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ტ. II; ს.ფ. 78-80).

2011 წლის 6 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენელმა – ა. კ-მ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლის დაბრუნება იმისათვის, რომ ბანკიდან წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენლის – ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი და გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით, რათა წარმოედგინა ზემოაღნიშნული ქვითრის დედანი (იხ. ტ. II; ს.ფ. 91-93).

2011 წლის 13 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენელმა – ა. კ-მ, წარმოადგინა სს ,,ლ-ის” დიდუბის ფილიალის მმართველის ცნობა მასზედ, რომ ნ. კ-მ 2011 წლის 10 ოქტომბერს სს ,,ლ-ის” დიდუბის ფილიალის დიღმის ¹2 სერვის ცენტრში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარის ოდენობით სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე და მოითხოვა სასამართლოს მიერ აღნიშნული ცნობის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში განმეორებით ხარვეზის ვადის განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განმეორებით ხარვეზის ვადის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენლის – ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განმეორებით ხარვეზის ვადის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს – ინდმეწარმე ,,გ. გ-ს” საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ს.ფ. 56-57). კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, რომლიდანაც არ ირკვეოდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მიზნობრიობა, თუ რომელ საქმეზე იყო გადახდილი და აღნიშნული გადახდა დაკავშირებული იყო თუ არა მოცემულ კერძო საჩივართან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა თავისი ინიციატივით და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მაგრამ მხარის მიერ ვერ იქნა თავისი უფლება რეალიზებული და არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მტკიცებულება, რომ აღნიშნული გადახდა დაკავშირებულია მოცემულ კერძო საჩივართან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს – ინდმეწარმე ,,გ. გ-ს” და მის წარმომადგენელს – ა. კ-ს გაეგზავნათ 2011 წლის 8 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის დასტურის თანახმად, ინდმეწარმე ,,გ. გ-ს” ჩაჰბარდა 2011 წლის 12 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს – ა. კ-ს – 2011 წლის 9 დეკემბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 146), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენლის – ა. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდმეწარმე ,,გ. გ-ის” წარმომადგენლის – ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განმეორებით ხარვეზის ვადის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.