ბს-1581-1560(კს-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) სსიპ შემოსავლების სამსახური; 2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საგამოძიებო სამსახური
მესამე პირი _ შპს «ა-ი»
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 21 აპრილს ბ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 8 აპრილის ¹16-10/10663 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციისათვის მის მიმართ მიყენებული ზიანის _ 193161 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მეორე მოპასუხედ მიწვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს «ა-ი».
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა შპს «ა-ის» საწყობის დარბევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამონაცვლედ მიწვეულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური. ამასთან, საქმეში მიწვეულ იქნა მეორე მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ბ. ქ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე. აპელანტს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2011 წლის 22 აგვისტოს აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ქ-ის მეუღლეს _ მ. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 26 სექტემბერს 24 საათზე ამოიწურა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მისი მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად არ შეიძლებოდა გამხდარიყო. Kკერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ითხოვა სასამართლოს მიეთითებინა, კონკრეტულად რა მტკიცებულების წარდგენა იყო აუცილებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შესამცირებლად, თუმცა სასამართლოს მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბ. ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ბ. ქ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით ბ. ქ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მთლიანად განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ბ. ქ-ს ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 22 აგვისტოს ბ. ქ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინების ასლი ბ. ქ-ის მეუღლეს _ მ. გ-ს 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 389).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინების ასლი ბ. ქ-ის მეუღლეს _ მ. გ-ს 2011 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 389), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 22 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 26 სექტემბერს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 387).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სახელწიფო ბაჟის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე, მხარემ უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებს შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მხარეები დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში თავად წყვეტენ მტკიცებულებების წარდგენის საკითხს და თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს თავად უნდა განესაზღვრა ის მტკიცებულებები, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ქ-მა გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.