კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1723-1692(კს-11) 23 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ი-ის წარმომადგენლის ა. თ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.11წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.11წ. განჩინებით ა. თ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.11წ. განჩინების გაუქმების და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-ის წარმომადგენლმა ა. თ-მა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. ი-ის წარმომადგენლის ა. თ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ი-ის წარმომადგენელს ა. თ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.11წ. განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 22 ნოემბერს (ტ.2. ს.ფ. 28), კერძო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 6 დეკემბერს წარადგინა (ტ.2. ს.ფ.44), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2011 წლის 5 დეკემბრისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 414-421-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ი-ის წარმომადგენლის ა. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.