Facebook Twitter

ბს-1564-1543(გ-11) 14 დეკემბერი, 2011 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ლ. გ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 30 სექტემბერს ლ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით, სადავოდ არის ქცეული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 4 აგვისტოს ¹20/7-973 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2010 წლის 7 სექტემბრის, 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ გამოტანილი 20/32-7-173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლით დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595 -1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, და ამავე კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილს წარმოადგენს გარდაბნის რაიონი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლო წარმოადგენს ლ. გ-ის სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებარებოდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე ლ. გ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო ან რუსთავის საქალაქო სასამართლო მოპასუხეების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და გარდაბნის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ლ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის გასჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოთა ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტიულ განსჯადობაზე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოს ხდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების-ლ. გ-ისათვის 150 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების თაობაზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილების, ლ. გ-ისათვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების, 2011 წლის 21 მაისის საჯარიმო ¹გგ006726 ქვითრის (მოსარჩელე დაჯარიმდა 200 ლარით); ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2011 წლის 11 ივლისის ¹20/32-7-173 და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 4 აგვისტოს ¹20/7-973 გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, ამასთან, საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისათვის დადგენილი სამართალწარმოების პრინციპის დაცვით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ დავაზე ვერ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.

საყურადღებოა, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ ზემდგომი- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანო- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის წარდგენა რამოდენიმე მოთხოვნით, რამოდენიმე მოპასუხის მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა ტერიტორიული ადგილმდებარეობა აქვთ, განაპირობებს რამოდენიმე სასამართლოში სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. მოცემული საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც ლ. გ-ს დაეკისრა საურავის გადახდა და ჩამოერთვა მართვის უფლება, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ, რომლის იურიდიულ მისამართია ქ. რუსთავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემობებს, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართზომიერება, შესაბამისად დაუშვებელია მათი ცალცალკე განხილვა. ამასთან, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით და აგრეთვე, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დედაქალაქის სასამართლოში თავმოყრის ტენდეციის შესუსტების მიზნით, სასამართლოში პროცესის ეკონომიურობის, მართმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 4 აგვისტოს ¹20/7-973 გადაწყვეტილების თაობაზე საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები- ლ. გ-ისათვის 150 ლარის ოდენობით საურავის დაკისრებისა და მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილებების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2011 წლის 11 ივლისის ¹20/32-7-173 გადაწყვეტილება გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ, რომლის მისამართია ქ. რუსთავი, ... ქ. ¹21.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულის- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.