Facebook Twitter

220 აპ. 19ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ – გ. ქ-ის

ადვოკატ – ა. მ-ის

მსჯავრდებულ – ა. ღ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-ის დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენით ა. ღ-ლს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. ღ-ლი ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ასევე ძიებით დაუდგენელ პირს და მასთან ერთად განიზრახა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა რომელიმე მოქალაქეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებულები, 2006 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ისინი მივიდნენ ქ.თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ “---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ¹-- სამარშრუტო ტაქსში ჩასხდნენ და ვაზისუბნის მიმართულებით წავიდნენ. მათ სამარშრუტო ტაქსში შენიშნეს მოქალაქე თ. შ-ია, რომელიც მარტო მგზავრობდა. ვარკეთილის მე-- მ/რ-ის მე-3 კვარტალთან სამარშრუტო ტაქსი გააჩერეს და თ. შ-ას უკან გაჰყვნენ. ა. ღ-თან მყოფი ძიებით დაუდგენელი პირი თ. შ-ას უკნიდან მიუახლოვდა, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ყელზე მიადო და სიცოცხლის მოსპობის მუქარით უბრძანა, სამკაულები და ფული გადაეცა. ა. ღ-ლი კი იქვე, ახლოს დადგა, რათა საფრთხის შემთხვევაში მასთან ერთად მყოფი პირი გაეფრთხილებინა. თ.შონიამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ძიებით დაუდგენელმა პირმა იგი მიწაზე წააქცია და იარაღის მუქარით ოქროს სამკაული და ფული კვლავ მოსთხოვა, რაც თ.შ-ამ კიდეც გადასცა, კერძოდ, 200 (ორას) ლარად ღირებული, ე. წ. “ტულპანის” ნიშნობის ბეჭედი, 150 (ას ორმოცდაათ) ლარად ღირებული ბეჭედი და ფულადი თანხა _ 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელმა პირმა ა. ღ-ლს დაუძახა და ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2006 წლის 27 თებერვალს, დაზარალებულ თ.შ-ას მითითებით, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს --- განყოფილების თანამშრომლებმა ა. ღ-ლი დააკავეს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ღ-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლი საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, მას სასჯელი შეუმცირდა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ღ-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ადვოკატი ა. მ-ლი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: ა.- ღ-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არ აღმოჩნდა და არც საქმეში არსებობს რაიმე ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ღ-ის დანაშაულში მონაწილეობას; მსჯავრდებულს გააჩნია ალიბი იმის თაობაზე, რომ დანაშაულის შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა სხვა ადგილზე _ თავის საცხოვრებელ უბანში, რასაც ადასტურებენ მოწმეები; საფუძვლიან ეჭვს იწვევს ა. ღ-ის დაკავების ის საბაბი, რაც საქმის მასალებშია მითითებული, რომლის მიხედვით, ა. ღ-ლი თავის უბანში ყოფნისას იცნო დაზარალებულმა თ. შ-ამ, რომელმაც აცნობა პოლიციას; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საფუძვლიანი და დასაბუთებული შუამდგომლობები, რამაც ხელი შეუშალა დაცვის მხარეს, ემტკიცებინა ა. ღ-ის უდანაშაულობა; განაჩენები ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. ღ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. მსჯავრდებულის დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-მა თავისი მოთხოვნის საფუძველთან დაკავშირებით ისაუბრა იმ მოტივების შესახებ, რომლებიც მას წარმოდგენილი აქვს საკასაციო საჩივარში. აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არის დაუსაბუთებელი; ადვოკატმა ა. მ-მა იშუამდგომლა პალატის წინაშე საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

მსჯავრდებული ა. ღ-ლი დაეთანხმა თავის დამცველს და აღნიშნა, რომ მას უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი ყაჩაღობის ჩადენაში. იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ უბანში სხვა პირებთან ერთად. საბოლოოდ მან ითხოვა გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.

პროცესში მონაცილე პროკურორმა გ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულმა პირველივე დაკითხვისას აღწერა ა. ღ-ის გარეგნობა, ხოლო შემდეგ ამოიცნო კიდეც იგი. გარდა ამისა, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე დამაჯერებლად ამხილა ა. ღ-ლი დანაშაულის ჩადენაში. განაჩენი ემყარება სარწმუნო მტკიცებულებებს, ხოლო ა. ღ-ის ბრალეულობა საეჭვო არ გამხდარა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორმა გ. ქ-მა იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას სარწმუნოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ა. ღ-ის მონაწილეობა დაზარალებულ თ.შ-ას მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ.შ-ამ მომხდარი შემთხვევიდან მოკლე ხანში, წინასწარი გამოძიების დაწყებისთანავე, თავის მიერ მიცემულ პირველ ჩვენებაში საკმაოდ დამაჯერებლად აღწერა ერთ-ერთი თავდამსხმელის გარეგნული ნიშნები, რომლებიც არსებითად არ განსხვავდება ა.ღ-ის გარეგნობისათვის დამახასიათებელი ნიშნებისაგან. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ თ.შ-ას მიერ ა. ღ-ის ამოცნობა ჩატარდა საპროცესო ნორმების დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, ასეთი დასკვნისათვის საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მოთხოვნა დამატებითი მოწმეების დაკითხვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ იმ მოწმეთა განმარტებები, რომელთა დაკითხვაზე სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ფაქტობრივად არ განსხვავდება დაცვის სხვა მოწმეთა ჩვენებებისაგან, რომლებიც, დაცვის მხარის შუამდგომლობით, დაკითხა სასამართლომ, ამიტომ ხსენებულ გარემოებას არ შეეძლო რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესების საზიანოდ. სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებამდე საათ - ნახევრით ადრე ა.ღ-ლი მიიყვანეს იმავე პოლიციის განყოფილებაში მასთან გასაუბრების მიზნით, რის შემდეგაც იგი გაუშვეს. დაცვის მხარის მოსაზრებით, აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციამ ა.ღ-ლი დააკავა დაზარალებულის მითითების გარეშე, რათა დანაშაულის ფაქტი გაუხსნელი არ დარჩენილიყო. საკასაციო პალატა ასეთ ვერსიას არ იზიარებს, რადგან ხსენებული გარემოების თაობაზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ა. ღ-ლს არაფერი განუცხადებია, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა მის დასადგენად. დამაჯერებელ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის განცხადება საქმეზე დაშვებული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების შესახებ.

რეალურად დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი ანგარიშგასაწევი არგუმენტები, რომელთა გამო შესაძლებელი იქნებოდა ა.ღ-ის ბრალეულობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნების საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დაყენება. დაცვის პოზიციის საპირისპიროდ, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით და რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულ ა. ღ-ლს ყაჩაღობაში მონაწილეობა შეიძლება დადასტურებულად მივიჩნიოთ.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა არის სამართლიანი, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით. ამრიგად, არ არსებობს საფუძველი მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმებისათვის.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ღ-ის დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის გნჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.