Facebook Twitter

¹244აპ ქ. თბილისი

27 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ჯ. ს-სა და შ. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ას, აგრეთვე _ მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე ჯ. ს-ას, შ. შ-სა და გ. ხ-ას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:

1. შ. შ-ია, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება; ასევე _ ყაჩაღური თავდასხმის მომზადება ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან უნდა დართვოდა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის მუქარა;

2. გ. ხ-ა, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ყაჩაღური თავდასხმის მომზადება ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან უნდა დართვოდა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის მუქარა;

3. ჯ. ს-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით; ასევე _ ყაჩაღური თავდასხმის მომზადება ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან უნდა დართვოდა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის მუქარა; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

ყოველივე კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

2003 წელს შ. შ-ამ ქ. ფოთში, ---ს, იპოვა „აკ-74» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 20 საბრძოლო ვაზნით, რასაც იგი ოჯახის წევრებისაგან შეუმჩნევლად, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. ფოთში, ---ის ქ. ¹--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.

2004 წლის 9 ნოემბერს ჯ. ს-ვა დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. შ-ას, გ. ხ-სა და ვინმე დ-ოს. ისინი შეიკრიბნენ ქ. ფოთში, ---ის ქ. ¹--ში მდებარე ჯ. ს-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ განიზრახეს მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ. ფოთში, ---ს ქ. ¹--ში მდებარე ნ. ა-ას საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის განსახორციელებლად მათ წინასწარ მოიმარჯვეს ნიღბები და დანაშაულის ჩადენის იარაღი, კერძოდ: გ. ხ-ამ _ დანა, შ. შ-ამ _ გადაჭრილი თოფი, ჯ. ს-ამ _ ელექტროსარჩილავი, ე.წ. „პაიალნიკი», ვინმე დ-ომ კი _ ხის ხელკეტი.

2004 წლის 10 ნოემბერს, 01 საათზე, მათ მეორე სართულზე არსებული კარიდან უკანონოდ შეაღწიეს ნ. ა-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც ჯგუფურად თავს დაესხნენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში მძინარე ნ. ა-ას, მის მეუღლეს _ ნ. კ-კს და მათთან სახლში მყოფ სტუმრებს _ ლ. ფ-ეს, ლ. კ-ას, ნ. ხ-სა და ს. ო-ას. ნ. ა-სა და ნ. კ-ის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბოროტმოქმედები დაეუფლნენ ფულს _ 800 აშშ დოლარს, ოქროს ნივთებსა და „სამსუნგის» მარკის მობილურ ტელეფონს, ასევე _ ლ. კ-ას მიმართ განხორციელებული, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „სამსუნგის» მარკის მობილურ ტელეფონსა და ფულს _ 30 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გატაცებული ნივთები და ფული მათ მეორე დღეს ურთიერთშორის გაინაწილეს.

2004 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ჯ. ს-ამ დაუდგენელ ორ პირთან ერთად, მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მათ განიზრახეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 22.15 საათზე, ჯგუფურად თავს დაესხნენ ქ. ფოთში, ---ის ქ. ¹41-ში მდებარე ც. თ-ას კუთვნილ მაღაზიაში მომუშავე ხ. მ-ნს, რომელსაც მიუშვირეს ცეცხლსასროლი იარაღი და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების სიგარეტი და კვების პროდუქტები, ასევე _ 8 ცალი 15-ლარიანი მონობარათი, სულ _ 600 ლარის ოდენობის და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2005 წლის 18 იანვარს, დღისით, ქ. ფოთში, ---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ს-ვა შეხვდა თავის ნაცნობებს _ გ. ხ-ას, შ. შ-სა და ვინმე დ-ოს. ამ უკანასკნელმა მათ უთხრა, რომ 2005 წლის 19 იანვარს ქ. თბილისიდან ურეკში, დაუდგენელი „ოპელ-ვექტრას» მარკის ავტომანქანით მიემგზავრებოდა პიროვნება, რომელსაც მიწის ნაკვეთის შესაძენად მიჰქონდა 25 000 აშშ დოლარი, ავტომანქანის მძღოლი იყო მისი ნაცნობი, რომელიც მათ ხელს შეუწყობდა ზემოაღნიშნული მოქალაქისაგან ყაჩაღური თავდასხმის გზით დასახელებული თანხის გატაცებაში. ამისათვის ისინი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მანქანას უნდა დახვედროდნენ ხობის რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც უნდა მოეხდინათ ყაჩაღური თავდასხმა და გაეტაცებინათ 25 000 აშშ დოლარი, რასაც ურთიერთშორის თანაბრად გაიყოფდნენ. მათ ასევე მოილაპარაკეს, რომ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2005 წლის 19 იანვარს, 12 საათისათვის, ერთმანეთს შეხვედროდნენ ხობის რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის პირას არსებულ მოსაცდელთან.

მეორე დღეს, 2005 წლის 19 იანვარს, ხის ხელკეტით შეიარაღებული ჯ. ს-ვა, თავისი კუთვნილი გაზის პისტოლეტით შეიარაღებული გ. ხ-უა, „აკ-74» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღითა და 20 საბრძოლო ვაზნით შეიარაღებული შ. შ-ია და უიარაღო, ვინმე დათო ჩასხდნენ სენაკის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო მიკროავტობუსში და დაახლოებით 12 საათისათვის მივიდნენ სოფელ ---ს ტერიტორიაზე არსებულ მგზავრთა მოსაცდელთან. მათ იარაღები შეინახეს იქვე გამავალ წყალსაწრეტში, არხთან, ჩამოსხდნენ მოსაცდელში და ელოდებოდნენ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, რათა მოეხდინათ მასზე ყაჩაღური თავდასხმა. ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელეს ყაჩაღობა. ჯ. ს-ას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 6,4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---». პირადი ჩხრეკის შედეგად გ. ხ-საგან ამოიღეს გაზის პისტოლეტი 2 ვაზნით და ნიღაბი, ხოლო შ. შ-საგან _ ნიღაბი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკ-74» ერთი მჭიდითა და 20 საბრძოლო ვაზნით.

აღნიშნული ქმედებისათვის შ. შ-ას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შ. შ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; ჯ. ს-ას ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჯ. ს-ას საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ხ-ას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ხ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 19 იანვრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ გ. ხ-ამ და ჯ. ს-ამ, აგრეთვე _ მსჯავრდებულ შ. შ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-ამ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სამივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ქუთაისის ააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხა ჯ. ს-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ჯ. ს-ას ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით, მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ჯ. ს-სა და შ. შ-ას ადვოკატმა გ. ს-ამ და მსჯავრდებულ გ. ხ-ას ადვოკატმა ს. კ-მა.

კასატორი _ ადვოკატი გ. ს-ვა საკასაციო საჩივრებში აღნიშნავს, რომ განაჩენი ჯ. ს-სა და შ. შ-ას მიმართ უკანონოა, დაუსაბუთებელია, ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებს და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ. ს-ამ და შ. შ-ამ სასამართლოში თავი არ ცნეს დამნაშავედ; ჯ. ს-ამ აღნიშნა, რომ დ. გ-ლი გაიცნო 2005 წლის იანვარში; 2005 წლის 19 იანვარს დათომ დაიბარა სოფელ ---ს გადასახვევთან, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდნენ თავისი კლასელი შ. შ-ია და მისთვის უცნობი გ. ხ-უა; ისინი აპირებდნენ სოფელ ---ში ნათლობაზე წასვლას; დაახლოებით 5 წუთში მათთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები და ისინი დააკავეს; მას ჩამოაცვეს ნიღაბი და ხობის პოლიციაში დაუდეს გათლილი ჯოხი, ხოლო შ. შ-ას დაახურეს შავი ქუდი, რომელიც შემდეგ ნიღაბი გამოდგა და გვერდით დაუდეს ავტომატური იარაღი; დათოს შესაძლებლობა მისცეს, გაქცეულიყო; ხობის პოლიციაში მათ ვერ გაუძლეს ფიზიკურ ზეწოლას და იძულებული გახდნენ, ხელი მოეწერათ ჩვენებაზე, რომელშიც აღიარებდნენ ნ. ა-ას სახლზე თავდასხმას და ---ს გზაზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადებას გ. ხ-სთან ერთად; მეორე დღეს ჯ. ს-ვა წაიყვანეს ფოთში, აჩვენეს მაღაზია, ხოლო შ. შ-ია მიიყვანეს უცხო ოჯახში, გადაუღეს სურათები, შეადგინეს ოქმი, რომ თითქოს მან აღიარა და დაადასტურა ეჭვმიტანილის სახით მიცემული ჩვენება, რაზეც მან ხელი არ მოაწერა; პოლიციელები მოერიდნენ მის ცემას, მაგრამ ნ. ა-ას სახლში გადაღებულ სურათებში კარგად ჩანს ხობის პოლიციაში მისი ცემის კვალი; ჯ. ს-ას აღიარებინეს ნ. ა-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, გადაუღეს სურათები, შეადგინეს ოქმი და მუქარით მოაწერინეს ხელი; 22 იანვარს ისინი გ. ხ-სთან ერთად შეასახლეს ზუგდიდის ¹-- საპყრობილეში, რომლის ადმინისტრაციამ ნახა, რომ იყვნენ ნაცემები, ამიტომ სამივე გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში და ჩაუტარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნით დადასტურებულია მათ სხეულზე ძალადობის კვალის არსებობის ფაქტი; ჯ. ს-ამ და შ. შ-ამ სასამართლოს განუცხადეს, რომ გადაცემა „---ში» იხილეს ძმები გ-ები, რომლებიც დანაშაულებრივად თანამშრომლობდნენ პოლიციასთან, და მათგან ამოიცნეს დ., ვისთან ერთადაც იყვნენ საგვიჩიოში და ვისაც პოლიციელებმა გაქცევის საშუალება მისცეს; ანალოგიური ჩვენებები მისცა გ. ხ-ამ.

კასატორის აზრით, შ. შ-ას ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი და მისი გ. ხ-სთან დაპირისპირების ოქმი გამამტყუნებელ განაჩენში მტკიცებულებად არ უნდა გამოყენებულიყო, რადგან ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმს შ. შ-ია თავისი ხელმოწერით არ ადასტურებს, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; ამ ოქმების მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლებოდა სსსკ-ის 440-ე და 496-ე მუხლებით, რადგან ისინი არ გამოკვლეულა და არ განხილულა სასამართლო პროცესზე, ხოლო შ. შ-ამ უარი თქვა წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებების წაკითხვასა და მათ მტკიცებულებად გამოყენებაზე; ასევე არ გამოკვლეულა ჯ. ს-ას ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი; აღნიშნულით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის უშუალობის პრინციპი.

კასატორი ასევე აღნიშნავს: განაჩენის მოსაზრება, რომ ნ. ა-ას საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს ჯ. ს-ამ, გ. ხ-ამ, შ. შ-ამ და ვინმე დ-მ, ეწინააღმდეგება დაზარალებულების მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან ექვსივე დაზარალებული უჩვენებს, რომ ყაჩაღობა ჩაიდინა ხუთმა ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა; აღნიშნულით დასტურდება განაჩენის უკანონობა და დაუსაბუთებლობა; საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულები ამზადებდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ავტომანქანა „ოპელ-ვექტრაზე» 25 000 აშშ დოლარის დაუფლების მიზნით, რაც საეჭვოს ხდის ავტომანქანის რეალურად არსებობას, ხოლო შ. შ-სა და ჯ. ს-ას „აღიარებითი» ჩვენებები რომ პოლიციელებმა შეთხზეს, ამას ადასტურებს გამოძიების უმოქმედობა „აღიარებით» ჩვენებებში მითითებული ფაქტების დასადგენად, კერძოდ, გამოძიებას არ გამოუთხოვია ინფორმაცია საქართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოდან, თუ რა მარკის ავტომანქანაზე იყო გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ნომერი, რითაც დადგინდებოდა ავტომანქანის არსებობის ან არარსებობისა და ყაჩაღობის მომზადების ფაქტი, ასევე გაირკვეოდა მანქანის მფლობელის ვინაობა, რომელიც, სსსკ-ის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაზარალებულად უნდა ეცნოთ, რაც გამოძიებასა და ზედამხედველ პროკურორს არ გაუკეთებიათ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ეჭვმიტანილების „აღიარებითი» ჩვენებები რეალური არ იყო და მისი ავტორები პოლიციელები იყვნენ; გარდა აღნიშნულისა, საქმეშია მსჯავრდებულებთან ერთად ---ს ტერიტორიაზე დაკავებული ვალერი ბერიშვილის „აღიარებითი» ჩვენება, რომ თითქოს ისიც მათთან ერთად მონაწილეობდა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში, მაგრამ შემდგომში გამოძიება იძულებული გახდა, მის მიმართ შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან დამტკიცდა მისი უდანაშაულობა და „აღიარებითი» ჩვენების იძულების წესით (ცემითა და წამებით) მიღების ფაქტი.

გარდა ზემომითითებულისა, მსჯავრდებული ჯ. ს-ვა აღნიშნავდა, რომ ნარკოტიკული საშუალება „---» მას ჯიბეში ჩაუდო რომელიღაც პოლიციელმა, ხოლო იარაღები მათ არ ჰქონიათ; შ. შ-ას ჩვენებით, იარაღი და ნიღაბი პოლიციელებმა ამოიღეს სოფელ ---ს გზის პირას მდებარე მოსაცდელის უკან, წყალსაწრეტი არხიდან და მისი პირადი ჩხრეკისას არ ამოუღიათ; ამის გასარკვევად სასამართლომ არ დაკითხა გამომძიებელი ვ. კ-ვა, ასევე _ პირადი ჩხრეკის დამსწრეები; დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა მასალები სახალხო დამცველის ოფისიდან, საიდანაც ჩანს, თუ რა დანაშაულებრივ თანამშრომლობას ეწეოდნენ ძმები გ-ები შს სამინისტროს თანამშრომლებთან, რაც სასამართლომ არ გააანალიზა.

კასატორის აზრით, ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლომ არსებითად დაარღვია საპროცესო კანონი და საქართველოს კონსტიტუცია, დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, რომელიც არ ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი ჯ. ს-სა და შ. შ-ას მიმართ.

კასატორი _ მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი; გ. ხ-ას მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს; როგორც გ. ხ-ას, ისე _ დანარჩენი მსჯავრდებულების ჩვენებები დაწერეს პოლიციელებმა, ამიტომ მსჯავრდებულებმა სასამართლო სხდომაზე მათ გამოქვეყნებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ამ ჩვენებებმა დაკარგა მტკიცებულების მნიშვნელობა; სააპელაციო სასამართლოს არ გასჩენია კითხვა, როგორ გაჩნდა ელექტროსარჩილავი და სანადირო თოფის „---» დაზარალებულ ნ. კ-ის ოთახში პოლიციელების მიერ შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერების შემდეგ, მით უმეტეს, რომ დათვალიერებაში ექსპერტ-კრიმინალისტთა მთელი ჯგუფი მონაწილეობდა; გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული მასალების ანალიზით დგინდება, რომ „ოპელ-ვექტრაზე» ყაჩაღური თავდასხმა არავის მოუმზადებია და ის არის წმინდა წყლის პროვოკაცია, ვინაიდან მასალებში მითითებული მანქანა, მისი მფლობელები და ფული ბუნებაში საერთოდ არ არსებობს; დ. გ-ლი პოლიციის აგენტია და ის მათ „გაექცათ».

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ს. კ-ლი აღნიშნავს, რომ გ. ხ-ას მიმართ დარღვეულია „ევროპული კონვენციის» შესაბამისი მუხლები, რადგან დაკავებისა და წინასწარი გამოძიების დროს მას სცემეს და აწამეს, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ეჭვმიტანილის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის შესაბამისად, შ. შ-ამ დამსწრეთა მონაწილეობით მიუთითა ჯ. ს-ას საცხოვრებელ სახლზე, სადაც 2004 წლის 9 ნოემბერს იგი შეხვდა გ. ხ-ას, ჯ. ს-ას და ვინმე დ-ს. იმავე ღამით ხსენებული პირები ყაჩაღურად თავს დაესხნენ თავის სახლში მყოფ ნ. ა-ას. შ. შ-ამ მიუთითა, რომელ ოთახში შებოჭა გ. ხ-ამ ე.წ. ,,სკოჩით" უცნობი ქალი და მამაკაცი. მანვე მიუთითა იმ ოთახზე, სადაც ჯ. ს-სთან ერთად სცემა ნ. ა-ას და მის მეუღლეს და წაართვეს 800 აშშ დოლარი. შ. შ-ამ მიუთითა მისაღებ ოთახზე, სადაც ჯ. ს-ამ აიღო უთო და ნ. ა-ას მიყენა სხეულის დაზიანება. ეჭვმიტანილმა მიუთითა წყლის არხზე, სადაც მან და ვინმე დ-მ ყაჩაღობის შემდეგ გადაყარეს ნიღბები, ხოლო მდინარე რიონში გადააგდო თოფი, რომელიც თან ჰქონდა ყაჩაღობისას. საგამოძიებო მოქმედება ფოტოგრაფირებულ იქნა და შენიშვნა არავის გამოუთქვამს, თუმცა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შ. შ-ამ ოქმს ხელი არ მოაწერა (ტ. 1, ს.ფ. 97-105).

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ა-მ აღწერა ყაჩაღური თავდასხმისას განვითარებული მოვლენები და მიუთითა, რომ თავს დაესხა ოთხი პირი. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე, თავის სახლში მიიყვანეს შ. შ-ია. ეს უკანასკნელი თავად აჩვენებდა პოლიციელებს იმ ადგილებს, სადაც ნ. ა-ას სცემეს და აწამეს. შ. შ-ას მიერ გადმოცემული ფაქტები ემთხვეოდა მომხდარს. დაზარალებულის განმარტებით, შ. შ-ია ადრე მის სასტუმროში ნამყოფი არ არის (ტ. 3, ს.ფ. 101-102).

დაზარალებულმა ნ. კ-მა მიუთითა, რომ თავდამსხმელები ოთხი იყვნენ. ერთ-ერთს ჰქონდა პისტოლეტი, ხოლო მეორეს _ თოფი. მისი მეუღლე _ ნ. ა-ია სარჩილავითა და უთოთი აწამეს. ბოროტმოქმედებს შემთხვევის ადგილზე დარჩათ თოფის ნაწილი და სარჩილავი (ტ. 3, ს.ფ. 102-103).

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნ. ა-ას სხეულზე აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება, მათ შორის _ პირველი ხარისხის დამწვრობები მუცლის არეში (ტ. 1, ს.ფ. 108-112).

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა წებოვანი ლენტის, ე.წ. ,,სკოჩის" ნაგლეჯები (ტ. 1, ს.ფ. 6-7).

ამოღების ოქმის შესაბამისად, დაზარალებულმა ნ. ა-ამ წარადგინა და ამოღებულ იქნა სანდირო თოფის ნაწილი ე.წ. ,,---" და დაზიანებული სარჩილავი, რა დროსაც განმარტა, რომ აღნიშნული საგნები მას არ ეკუთვნის და შემთხვევის ადგილზე დარჩათ თავდამსხმელებს (ტ. 1, ს.ფ. 35).

ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის შესაბამისად, ჯ. ს-ას დამსწრეთა მონაწილეობით მიეცა წინადადება, დაედასტურებინა თავისი ჩვენება, რასაც დასთანხმდა. ეჭვმიტანილმა მიუთითა კაფე-ბარზე, სადაც 2004 წლის 7 დეკემბერს მან და დაუდგენელმა ორმა პირმა მოილაპარაკეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ რომელიმე ობიექტს. ჯ. ს-ამ მიუთითა ც. თ-ას სასურსათო მაღაზიაზე, სადაც განახორციელეს თავდასხმა და ის ადგილები, სადაც თვითონ და მისი თანამზრახველები იდგნენ. საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომელიც ფოტოგრაფირებულ იქნა, რაიმე შენიშვნა არავის გამოუთქვამს და ოქმს ხელი მოაწერა ჯ. ს-აც (ტ. 1, ს.ფ. 376-380).

სამივე მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას მათზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა. შ. შ-ამ განმარტა, რომ ნ. ა-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის შინაარსი არ იცის. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე გაყვანას, მისივე თქმით, უკვე ნაცემი იყო და დაემუქრნენ, ყველაფერი ისე აღეწერა, როგორც უკარნახებდნენ. შ. შ-ამ მიუთითა, რომ ნ. ა-ას სახლში მანამდე არ ყოფილა. რაც შეეხება გ. ხ-სთან დაპირისპირებასა და მის მხილებას, ესეც ზეწოლის შედეგია.

მსჯავრდებულ გ. ხ-ას განმარტებით, უთხრეს, რომ დანაშაულის ჩადენაში ამხელდა შ. შ-ია. მან მოითხოვა დაპირისპირება, რა დროსაც კითხვაზე, რატომ ამხელდა, შ. შ-ამ უპასუხა _ ჩვენებაზე ძალით მომაწერინეს ხელიო. ეს უკანასკნელი ნაცემი იყო. გ. ხ-მაც აღნიშნა, რომ მასაც მიაყენეს დაზიანებები, რომელთა კვალი ეტყობოდა სახეზე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2005 წლის 21 იანვრის დასკვნების შესაბამისად, ჯ. ს-სა და გ. ხ-ას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნებოდათ. შ. შ-ას აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, ასევე _ ორივე მუხლის სახსარზე და მარცხენა წვივზე. ამის შესახებ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ,,შესამოწმებლის გადმოცემით, მან დაზიანება მიიღო დაკავების დროს" (ტ. 2, ს.ფ. 161-164; 167-168).

2005 წლის 19 იანვრის დაკავების ოქმის შესაბამისად, შ. შ-ამ დაზიანებები მიიღო დაკავებისას. ოქმს ხელს აწერს დაკავებულიც, რომელსაც გადაეცა ოქმის ასლი (ტ. 1, ს.ფ. 151).

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა. ს-მა განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ---ში უნდა დაეკავებინათ ყაჩაღები. მათ დააკავეს რამოდენიმე პირი. ერთ-ერთმა სცადა გაქცევა და დაკავებისას მიიღო დაზიანებები (ტ. 3, ს.ფ. 126-127).

პირადი ჩხრეკის შესახებ ოქმების შესაბამისად, შ. შ-საგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და ორ ადგილზე ამოჭრილი შავი ნაქსოვი ქუდები. გ. ხ-ას აღმოაჩნდა პისტოლეტი და ორ ადგილზე ამოჭრილი შავი ნაქსოვი ქუდი. ჯ. ს-საგან ამოიღეს ორ ადგილზე ამოჭრილი შავი ნაქსოვი ქუდები, ასევე _ მომწვანო მცენარეული მასა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დამსწრეთა მონაწილეობით, შენიშვნა არავის გამოუთქვამს და ოქმებს ხელი მოაწერეს დაკავებულებმაც (ტ. 1, ს.ფ. 153-155; 158-160; 168-171).

მოწმეების _ ბ. ს-სა და ზ. ხ-ას წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მათ მიერ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ ესწრებოდნენ დაკავებული პირების ჩხრეკას. ერთ-ერთმა დაკავებულმა, როგორც შეიტყო, შ. შ-ამ განაცხადა, რომ ავტომატი მას ეკუთვნოდა, რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა და ოქმს ხელი მოაწერა. სხვა საგნებთან ერთად გ. ხ-ას აღმოაჩნდა პისტოლეტი, ხოლო ჯ. ს-ას _ მცენარეული მასა. შენიშვნა არავის გამოუთქვამს (ტ. 1, ს.ფ. 177-179; ტ. 3, ს.ფ. 139-140; 176).

ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, შ. შ-საგან ამოღებული ავტომატი ,,აკმ"-ს სისტემისაა და ვარგისია გამოსაყენებლად. ჯ. ს-საგან ამოღებული, 6,4 გრამი მცენარეული მასა არის --- და წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას (ტ. 1, ს.ფ. 271; 273-274).

პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული ყველა მტკიცებულება, გარდა შ. შ-სა და გ. ხ-ას დაპირისპირების ოქმისა, გამოქვეყნდა სააპელაციო პალატის სხდომაზე, რის შემდეგაც მხარეებს რაიმე შუამდგომლობა არ განუცხადებიათ (ტ. 3, ს.ფ. 300-301).

საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულები ჯგუფურად ემზადებოდნენ ყაჩაღური თავდასხმისათვის, მაგრამ არ დასტურდება, რომ მათი მიზანი იყო დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება. ბრალდების ამ ნაწილში არ არის მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენიდან ჯ. ს-ას მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი, რადგან საბრალდებო დასკვნიდან და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ჯ. ს-ამ ყაჩაღობა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მას აქვს უკუძალა.

ვინაიდან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი, ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ამჟამად მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებული იყო მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისათვის, გასაჩივრებული განაჩენიდან, სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ამოირიცხოს ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრიც. შესაბამისად, შ. შ-ას, ჯ. ს-სა და გ. ხ-ას უნდა შეუმსუბუქდეთ სასჯელები.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოთ დაკავების დღიდან _ 2005 წლის 19 იანვრიდან, ნაცვლად სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებული 2006 წლის 19 იანვრისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულების _ შ. შ-ას, გ. ხ-სა და ჯ. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ს-სა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: შ. შ-ას, გ. ხ-სა და ჯ. ს-ას ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის მე-18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში შ. შ-ას, გ. ხ-სა და ჯ. ს-ას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

სააპელაციო პალატის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში ჯ. ს-ას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

შ. შ-ას საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ხ-ას საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ჯ. ს-ას საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 19 იანვრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.