Facebook Twitter

ბს-1102-1091(კ-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნინო ქადაგიძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის 4 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – ზ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ზ. გ-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადასახდელად დაეკისრა 34091 ლარი და ზიანის სახით მივლინებაზე -- 960 ლარი, სულ 35 051 (ოცდათხუთმეტიათას ორმოცდათერთმეტი) ლარი ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელით მოთხოვნილი ზიანის თანხიდან – 7955,53 ლარიდან 6995,53 ლარისა და პირგასამტეხლოს – 10227,30 ლარის ზ. გ-ზე გადასახდელად დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა პირგასამტეხლოს და ზიანის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

1. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.