Facebook Twitter

261აპ ქ. თბილისი

25 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ვ. ჯ-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და ამ ნაწილში გამართლდა; მასვე საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და ამ ნაწილში გამართლდა;

ვ. ჯ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის მიხედვით, ვ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 9 ივნისს ვ. ჯ-მა თავის საკარმიდამო ნაკვეთში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,---”, რომელსაც უვლიდა, კერძოდ, რწყავდა, პერიოდულად უფხვიერებდა ნიადაგს და მოიყვანა ხუთი ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ,,---ის” ნედლი ფოთლები _ 36,5 გრამის ოდენობით. 2004 წლის 10 ივლისს აღნიშნული რაოდენობის ,,---ის” ნედლი ფოთლები მან მისცა თავის ამხანაგს _ კ. ო-ეს, ხოლო დანარჩენ 159,2 გრამ ,,---ის” ნედლ ფოთლებს ინახავდა პირადი მოხმარებისათვის.

2004 წლის 10 ივლისს კ. ო-ზე გასაღებული 36,5 გრამი ,,---ის” მწვანე ფოთლები ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 10-11 ივლისს ხუთი ძირი ---ი”, მასზე დარჩენილი მწვანე ფოთლებით _ 159,2 გრამის ოდენობით, ამოიღეს ასევე პოლიციის მუშაკებმა ვ. ჯ-ის საკარმიდამო ნაკვეთიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ც. ჭ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებები, არასწორად განმარტა და გამოიყენა სისხლის სამართლის კანონი. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა პირველი ინსტანციის განაჩენი, უსაფუძვლოდ დაეყრდნო და გაიზიარა განაჩენში მოყვანილი მოსაზრებები, რომ თუკი განსასჯელი ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენდა პირობითი მსჯავრის ვადის გასვლამდე ან ნასამართლობის გაქარწყლებამდე, მაშინ განსასჯელის ქმედება შეფასდებოდა არაერთგზისად და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და უთითებს სსკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც მთლიანად განკუთვნილია მხოლოდ იმის განსასაზღვრავად, თუ რას ნიშნავს არაერთგზისი დანაშაული და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი. ამდენად, განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან; კანონის არასწორი განმარტებითა და არსებითი დარღვევით უარყოფილია ერთი და მიღებული მეორე მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, აშკარად არასწორი კვალიფიკაცია მიეცა მსჯავრდებულის ქმედებას, რაც არსებითად განსხვავდება საქართველოს უზენესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. აღნიშნული განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკაში დაინერგება ქმედებათა კვალიფიკაციის უკანონო შეფასების პრაქტიკა, რის გამოც მითითებული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ჟ-ლს კანონიერად მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გაამართლა. პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. ჯ-მა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,---ი” დათესა 2004 წლის 9 ივნისამდე, ანუ იმ მომენტამდე, საიდანაც მას უკვე გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა წინა დანაშაულისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ასევე კანონიერია გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ჯ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება არაერთგზის. ამ შემთხვევაში მას წინათ ჩადენილი უნდა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას და არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმ ნაწილში, რომ ვ. ჯ-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის გასაღება ქმნის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას, რადგან მას გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა წინა დანაშაულისათვის.

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია და მხარეებს საკასაციო წესით სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება დიდი ოდენობით, შემდეგ კი ამავე მცენარის ფოთლების გასაღება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ პირს, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, წინათ ჩადენილი ჰქონდა XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა დანაშაული, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან მას ამ დანაშაულამდე ჩადენილი ჰქონდა ხსენებული თავით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ვ. ჯ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.