Facebook Twitter

266აპ. ქ. თბილისი

3 აგვისტო, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჟ. ბ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

წალკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ჟ. ბ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჟ. ბ-ნი 2005 წლის 28 მარტს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ასრულებდა სამეურნეო სამუშაოს და დახმარება სთხოვა მეზობლებს _ ე. ხ-სა და ა. გ-ნს, რომლებიც მივიდნენ და დაეხმარნენ. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჟ. ბ-მა სახლის აივანზე გაშალა სუფრა, სადაც სამივემ ერთად ისადილა და მიიღო ალკოჰოლური სასმელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ა. გ-ნი წავიდა, ჟ. ბ-მა და ე. ხ-მა კი გააგრძელეს ქეიფი. მთვრალები შეკამათდნენ, მათი კამათი გადაიზარდა ჩხუბში, ჟ. ბ-მა შურისძიების მოტივით, ხელთ არსებული ჯოხით ე. ხ-ნს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია მარცხენა თვალის კაკლის მთლიანობის დარღვევა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ქუთუთოზე, რაც მიეკუთვნება მიეკუთვნება მძიმე ხარისხს. ჟ. ბ-მა, მოქმედებდა რა პირდაპირი განზრახვით, არ იკმარა აღნიშნული და ე. ხ-ის მოკვლის მიზნით სახლიდან გამოიტანა მეუღლეზე _ პ. ა-ზე რეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი, ორივე ლულაში ჩადო ვაზნები და შურისძიების მოტივით, სანადირო თოფის ორივე ლულიდან ორჯერ ესროლა ე. ხ-ნს გულმკერდის მიმართულებით, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, შემავალი გულმკერდის ღრუში _ აორტის, ფილტვის არტერიების, ზემო ღრუ ვენის, მარცხენა ფილტვის ზემო წილის გამჭოლი დაზიანებით, ნეკნების მოტეხილობით, მარცხენა მხრის სალტის არეში მარცხენა დელტისებური კუნთის, მხრისა და მარცხენა ლავიწის ძვლების დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის შეუთავსებელ დაზიანებებს, რამაც გამოიწვია ე. ხ-ის სიკვდილი.

ჟ. ბ-მა, დარწმუნდა რა, რომ დანაშაული სისრულეში მოიყვანა, რადგანაც ე. ხ-ნი ძირს უსულოდ ეგდო, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით თოფი შეინახა სახლის პირველი სართულზე, თვითონ კი გამოვიდა ეზოდან ქუჩაში და დაიწყო თანასოფლელების დარწმუნება, რომ თითქოს ე. ხ-ნი თავისით გარდაიცვალა.

აღნიშნული ქმედებისათვის ჟ. ბ-ნს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 27 სექტემბრიდან; მასვე სასჯელთან ერთად დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა თ. ქ-მა. მათ ითხოვეს წალკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ჟ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებული ჟ. ბ-ნი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებზე, რითაც არსებითადაა დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, სსსკ-ის მე-10, 111-ე, 132-ე და 486-ე მუხლების მოთხოვნები, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ჟ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და განაჩენი არ გამომდინარეობს წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილი მტკიცებულებებიდან და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნას; მსჯავრდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ის სუფრიდან ადგა და ბაღში გავიდა, სუფრასთან კი დატოვა ე. ხ-ნი და ა. გ-ნი; საბრალდებო დასკვნასა და განაჩენში ისე დეტალურადაა აღწერილი მომხდარი ფაქტი, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ე. ხ-ის მკვლელობის ვიდეო-აუდიოჩანაწერი; ასეთი ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის; მეტიც, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ხ-ის სასამართლოში წარდგენილი წერილობითი ვერსიით, ე. ხ-ნი მოკლეს ჟ. ბ-ის სახლის სარდაფში და მოსახლეობამ ამიტომ ვერ გაიგო სროლის ხმა; სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აქცენტს აკეთებს იმ გარემოებებზე, რომ ე. ხ-ის გვამი ნახეს ჟ. ბ-ის ეზოში, ხოლო თუ როგორ, რა დროს, სად, რა ვითარებაში, ვისი იარაღით, ვის მიერ და რა მოტივით მოკლეს იგი, აღნიშნულის თაობაზე განაჩენში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რადგან ასეთი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ არსებობს; პირიქით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას ცალსახად დადასტურდა, რომ ჟ. ბ-ნს ე. ხ-ის მკვლელობა არ ჩაუდენია.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერება, კერძოდ: ე. ხ-ის გვამის გამოკვლევისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გვამს ხელებსა და სახეზე აღენიშნებოდა არა ერთი სერიოზული დაზიანება, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით; არც წინასწარ და არც სასამართლო გამოძიებას არ აუხსნია და არ დაუდგენია, თუ ვინ, როდის, რა მოტივითა და რომელი საგნის მოქმედებით მიაყენა გარდაცვლილს ეს დაზიანებები; საყურადღებოა ისიც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოიღეს 1 მეტრისა და 30 სანტიმეტრის სიგრძის ხის ჯოხი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მრგვალი ლაქები და რომელიც დალუქეს პროკურატურის ბეჭდით; ამოღებული ხის ჯოხის დაკანონებისათვის გამოძიებას არ მიუმართავს სასამართლოსათვის, ე.ი. ნივთმტკიცება მოსამართლის ბრძანებით კანონიერად არ არის ცნობილი, ეს მაშინ, როდესაც მასზე აღმოჩნდა სისხლი, რომელიც, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მიეკუთვნება ე. ხ-ის სისხლის ჯგუფს; დღემდე არ არის გარკვეული, ვის ეკუთვნის ხსენებული ჯოხი, ვისი თითების ანაბეჭდი იყო მასზე და რა გზით გაჩნდა ამ ჯოხზე გარდაცვლილის სისხლი; საქმეში არ დევს ამ ჯოხის დათვალიერებისა და თანამოწმეებთან ერთად მისი დალუქვის ოქმი, რითიც დარღვეულია სსსკ-ის 290-ე, 334-ე, 335-ე, 338-ე და 339-ე მუხლების მოთხოვნები; საქმეში არ არის დადგენილება ამ ჯოხის ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ, რითიც დარღვეულია სსსკ-ის 121-ე მუხლის მოთხოვნა; ანალოგიური დარღვევებით არის ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი გარდაცვლილისა და მსჯავრდებულის ტანსაცმელი, გარდაცვლილის გვამიდან ამოღებული „პიჟი” და „საფანტი”; მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობებისა, სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებანი დაუშვებლად არ ცნო; ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ძირითადი მოწმის _ ა. გ-ის დაკითხვის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ ჟ. ბ-ის მიმართ საქმის წარმოებისას უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კანონი, განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მასში ჩამოყალიბებული დასკვნები და გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რასაც მოჰყვა ჟ. ბ-ის უსამართლო დასჯა, რის გამოც კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ჟ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ ა. ხ-ის, მოწმეების _ მ. ხ-ის, დ. მ-ის, ს. ხ-ის, პ. ა-ის, ლ. ო-ის, დ. ხ-ის და სხვათა ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისად, ჟ. ბ-ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან (მისი ორივე ლულიდან), უკანასკნელი გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა. ამავე დასკვნით, გარდაცვლილ ე. ხ-ის ტანსაცმელზე (ქურთუკსა და მაისურზე) არსებული დაზიანება ,,ცეცხლსასროლი წარმოშობისაა" და განვითარებული უნდა იყოს ახლო მანძილიდან, გლუვლულიანი სანადირო იარაღიდან გასროლილი საფანტ-ჭურვის ზემოქმედებით.

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჟ. ბ-ნი საქმის წინასწარი გამოძიებისას, Aშესაბამისი დადგენილებისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს --- განყოფილებაში მოთავსდა 2005 წლის 21 ივლისს (ტ. 1, ს.ფ. 151). სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2005 წლის -- სექტემბრის დასკვნის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრდებულს არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართწინააღმდეგობა, ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ,,ჟ. ბ-ნს იმგვარი ფსიქიკური დაავადება, რის გამოც მსჯავრდება ვერ მოახდენს მასზე გამასწორებელ ზემოქმედებას, არა აქვს" (ტ. 1, ს.ფ. 160-163).

აღნიშნული დასკვნის გაცემის შემდეგ გაუქმდა დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად საქმის წარმოების დაწყების შესახებ და ჟ. ბ-ნი ეჭვმიტანილის სახით დააკავეს 2005 წლის 27 სექტემბერს. გასაჩივრებული განაჩენით სწორედ ამ დღიდან აეთვალა ჟ. ბ-ნს სასჯელის მოხდის ვადა.

სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ვადაში ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო, რაც ჟ. ბ-ნს განსაზღვრული სასჯელის ვადაში არ ჩაეთვალა. ამასთან, საქმის მასალებით არ ირკვევა, იმყოფებოდა თუ არა ჟ. ბ-ნი სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ _ 2005 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე.

ამდენად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო 2005 წლის 21 ივლისიდან და მას ამ დღიდან უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდა.

ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ჟ. ბ-ნს განესაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ჟ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ ჟ. ბ-ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2005 წლის 21 ივლისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.