საქმე ¹ბს-1251-1237(კ-11) 21 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ ჯ. ჯ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი _ ე. ს-ი (04.05.11წ. ¹04/11858 მინდობილობა);
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი; წარმომადგენელი _ ნ. ფ-ი (07.06.11წ. ¹02/884 მინდობილობა)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და დაკავებული პენსიის დაბრუნება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. გადაწყვეტილება;
კასატორის მოთხოვნა _ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. ჯ-ემ 21.03.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.11წ. ¹05/83 ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.11წ. ¹02/09-2901 ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და დაკავებული პენსიის 160 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან არის ასაკით პენსიონერი, სხვა შემოსავალი პენსიის გარდა არ გააჩნია. Dდამატებითი შემოსავლის მიღების სურვილით 03.04.09წ. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს” და ჯ. ჯ-ეს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება 2009 წლის 13 მარტიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე. მოსარჩელის გადმოცემით, იმუშავა მხოლოდ 2 თვე, ხელფასის სახით მიიღო 120 ლარი, ხოლო მოპასუხემ სრულად დაუკავა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის პენსია, სულ 9 თვის პენსია 775 ლარის ოდენობით.Mმოპასუხემ მისი კუთვნილი პენსიიდან 20 %-ის დაკავება დაიწყო 2010 წლის 1 ივნისიდან, რასაც დღემდე ახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.11წ. გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (იხ.ს.ფ. 50-58).
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.04.09წ. სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს და ჯ. ჯ-ეს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება ¹6/25. სსიპ _ ლევან სამხრაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის მიერ გაცემული წერილით ჯ. ჯ-ეს მუშაობის პერიოდში 2009 წელს მიღებული აქვს 120 ლარი (ს.ფ 39). ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.11წ. ¹05/83 წერილით მოსარჩელეს განემარტა პენსიის დაკავების საფუძვლები (ს.ფ 19). სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.11წ. ¹02/09-2901 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ პენსიის დაკავება ხორციელდებოდა მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად (ს.ფ 12). საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიუროში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელმაც 2009 წელს მიიღო შესაბამისი ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი სახალმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა საჯარო საქმიანობას. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობად ამ კანონის მიზნებისათვის ითვლება ადმინისტრაციული ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო საგანამანათლებლო საქმიანობისა. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 6.2 მუხლის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის 17.1,,ბ” მუხლით პენსიის გაცემა შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე არ ეწეოდა სამეცნიერო და საგანმანათლებო საქმიანობას. მოსარჩელე საჯარო საქმიანობას ახორციელებდა სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიუროს ... განყოფილებაში შტატგარეშე ექსპერტად. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიურო” ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ახორციელებს საჯარო საქმიანობას. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 12.2 მუხლის შესაბამისად, პენსიონერი ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ამდენად მოსარჩელე საჯარო საქმიანობის განხორციელების დაწყების მდგომარეობით ვალდებული იყო მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მუშაობის დაწყების თოაბაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, მათ შორის იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელთა საფუძველზე გამოიცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია. რადგან უარი ეთქვა თავდაპირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, დაკავებული პენსიის დაბრუნების მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ემ.Kაპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის წერილს და დებულებას, სამართლებრივი შეფასებით კანონზომიერად ცნო მისი საქმიანობა, მაშინ როდესაც იგი სასარჩელო განცხადებით და გადაწყვეტილებით მოპასუხედ ან მესამე პირად არ არის ცნობილი. სასამართლომ არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12, 33-ე-34-ე და მე-40 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 412-ე-413-ე მუხლებით. სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ ფორმალური და მატერიალური მხარე, კერძოდ დაცულია თუ არა გამოცემის ფორმალური კანონიერება და აკმაყოფილებს თუ არა სამართლებრივ საფუძვლებს, არ გაითვალისწინა სხვა სამართლებრივი საფუძვლები,რომლებიც მორალურ მიმართულებას წარმოშობენ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ძირითადად დაადანაშაულა უმოქმედობაში, რომ არ აცნობა სამუშაოს დაწყების თაობაზე და ამით არ გაითვალისწინა მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მავნე შედეგი სახეზე არ არსებობს. ძირითადი კანონით შრომა თავისუფალია და თავისი შრომით მას სურდა შეევსო მინიმუმი საარსებო წყარო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინებით ჯ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.11წ.გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმება და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 6.2 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ახორციელებს საჯარო საქმიანობას და მიიჩნია, რომ ამ ადმინისტრაციულ ორგანოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის (თუნდაც შტატგარეშე თანამდებობაზე) პერიოდი ჩაითვალება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდად. ამრიგად, პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აპელანტ ჯ. ჯ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ემ. კასატორი აღნიშნავს, რომ პენსია განეკუთნება სახელმწიფო გასაცემელს და შესაბამისად, მას გააჩნია განსაკუთრებული თავისებურება, კერძოდ, პენსიის გაუცემლობა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან პენსია პენსიონერის საარსებო წყაროა და მისი დაკავება პენსიონერის ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ კასატორი მუშაობდა დროებით (შტატგარეშე) მოსამსახურედ და არა საჯარო საქმიანობის მოხელედ, მისი შრომითი საქმიანობა ემყარებოდა სავარაუდო საქმიანობის მოლოდინს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 03.04.09წ. სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს და ჯ. ჯ-ეს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება ¹6/25. სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის მიერ გაცემული წერილით ჯ. ჯ-ეს მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს 120 ლარი (ს.ფ.39). ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.11წ. ¹05/83 წერილით მოსარჩელეს განემარტა პენსიის დაკავების საფუძვლები (ს.ფ.19). სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.11წ. ¹02/09-2901 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ პენსიის დაკავება ხორციელდებოდა მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად (ს.ფ.12).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა საჯარო საქმიანობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლიდან გამომდინარე, სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიურო, არის ადმინისტრაციული ორგანო, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ბიურო ახორციელებს საჯარო საქმიანობას. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კანონის რეგულირების სფეროა სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლები, კანონი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის წესს და პირობებს. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობად ამ კანონის მიზნებისათვის ითვლება ადმინისტრაციული ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” 3-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სამეცნიერო _ საგანმანთლებლო საქმიანობად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო _ კვლევითი, ზოგადსაგანამანათლებო, პროფესიული, უმაღლესი, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა, ამავე წესის 19.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველია საჯარო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ვრცელდება ყველა კეტეგორიის პენსიონერზე, გარდა 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირებისა (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ, ხოლო დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. ჯ-ე არ ეწეოდა სამეცნიერო და საგანმანათლებო საქმიანობას, რომელიც ხელფასთან ერთად სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და მიღების საფუძველი გახდებოდა. Kკასატორი საჯარო საქმიანობას ახორციელებდა სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიუროს ... განყოფილებაში შტატგარეშე ექსპერტად. ზაკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტრიზის ეროვნული ბიურო” ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ახორციელებს საჯარო საქმიანობას. ჯ. ჯ-ის, როგორც საჯარო საქმიანობის განმხორციელებელი პირის მიმართ, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 6.2 მუხლის მიხედვით პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება, ხოლო ამავე კანონის მე-17.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში დანიშნული პენსიის გაცემა ექვემდებარება შეწყვეტას. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პენსიონერი ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამდენად ჯ. ჯ-ე ვალდებული იყო მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის და ეცნობებინა მუშობის დაწყების თაობაზე, რაც არ განუხორცილებია.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.11წ. ¹05/83 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.11წ. ¹02/09-2901 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და დაკავებული პენსიის დაბრუნება. გასაჩივრებული აქტებით ჯ. ჯ-ეს განემარტა პენსიის დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ჯ. ჯ-ეს უკავდება 2009 წლის 13 მარტიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე (ხელშეკრულების მოქმედების დრო) პერიოდში დარიცხული პენსია, კასატორის კუთვნილი პენსიიდან 20%-ის დაქვითვა მიმდინარეობს 2010 წლის 1 ივნისიდან. პალატა აღნიშნავს, რომ 11.11.2011წ. კანონით შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 241 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.Mამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ კანონის 19.2 მუხლის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას”. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 26.2. მუხლის მიხედვით, ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. ამავე კანონის 26.1 მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. 11.11.2011წ. კანონი გამოქვეყნებისთანავე, 16.11.2011წ. ამოქმედდა, ამდენად, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 241.1 მუხლის მიხედვით 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია დაექვემდებარა ლეგალიზაციას, მოწინააღმდეგე მხარეებს არ წარმოუდგენიათ პენსიიდან დაკავების შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, უნდა შეწყდეს კასატორის კუთვნილი პენსიიდან 20%-ის დაქვითვა 2011 წლის 16 ნოემბრიდან. რაც შეეხება ჯ. ჯ-ის მოთხოვნას დაკავებული პენსიის დაბრუნებაზე, მითითებული კანონის 241.2 მუხლის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, არ ექვემდებარება დაბრუნებას, ამდენად, კასატორის მოთხოვნა დაკავებული პენსიის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 09 ივნისის განჩინება ნაწილობრივ და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 14.01.11წ. ¹05/83 და საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.11წ. ¹02/09-2901 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები 2011 წლის 16 ნოემბრიდან. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს 2011 წლის 16 ნოემბრიდან შეწყვიტოს ჯ. ჯ-ის კუთვნილი პენსიიდან 20%-ის დაქვითვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. ჯ-ეს უარი ეთქვა დაქვითული თანხის დაბრუნებაზე, დარჩეს უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე